„მდგომარეობით ისარგებლეს და ხელოვნურად გაზარდეს ფასი, არანაირი დეფიციტი არ არის, პირიქით, 2-3 დღეში პროდუქტი უნდა გაიაფდეს"
ქეთო გოგოხია
12.07.2022

მსხვილი სავაჭრო ობიექტები შაქრის რეალიზაციის პრობლემას ხელოვნურად ქმნიან. ბოლო რამდენიმე დღეა, დახლებზე ასაწონი შაქარი თითქმის არ იშოვება და მომხმარებელს შეფუთული პროდუქტის ძვირად ყიდვა უწევს. ამასთან, ორივე კატეგორიის შაქარი გაძვირებულია, როცა ბაზარზე ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. მეტიც, იმპორტიორები მოსალოდნელ გაიაფებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ფასები უახლოეს 2-3 დღეში 10-20 თეთრის ფარგლებში შემცირდება.

ამჟამად 1 კგ ასაწონი შაქარი ძნელად იშოვება და ფასი 2,80  ლარამდეა, დაფასოებული შაქრის ღირებულება კი 3,50-3,80 ლარის ფარგლებშია. რაც შეეხება ბაზარზე არსებულ პრობლემას, შაქრის იმპორტიორებმა ,,რეზონანსს“ აცნობეს, რომ რამდენიმე დღის წინ მიწოდების მხრივ მცირე დაბრკოლება იყო, რომელიც მალევე აღმოიფხვრა, რითაც, სავარაუდოდ, ქსელურმა მარკეტებმა ისარგებლეს, ხელოვნური დეფიციტი შექმნეს და ფასები მყისიერად გაზარდეს.  ამ ეტაპზე სუპერმარკეტების ნაწილში, სადაც ასაწონი შაქარი იყიდება, პროდუქტი 15-20 თეთრით არის გაძვირებული.

როგორც ნაძალადევში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერმა მერი სხულანძემ აღნიშნა, დეფიციტი არ არის, თუმცა ბოლო დღეებში დიდი მოთხოვნა იყო, რამაც რეალიზაციისას მცირე პრობლემა შექმნა და ფასების კორექტირებაც მოახდინეს.

„წინა კვირას, გაზრდილი მოთხოვნის გამო, რაოდენობაზე ლიმიტიც კი დავაწესეთ. რამდენადაც ვიცი, დეფიციტი არ არის და არც ყოფილა, მაგრამ დაძაბულობა შეიმჩნეოდა. კონკრეტულად რას უკავშირდება იგი და რამ გამოიწვია პრობლემა, ვერ გეტყვით. ჩვენს მაღაზიას ამ მხრივ პრობლემა ყველაზე ნაკლებად შეეხო, მაგრამ მომხმარებელი მაინც გაურკვევლობაშია.

დისტრიბუციის მხრიდან, ჯერჯერობით, ყველაფერი წესრიგშია. შაქრის მარაგი საქართველოში არის იმ დონეზე, რომ სამომხმარებლო ბაზარს, მინიმუმ, 2 კვირა არაფერი დაეტყოს. მიუხედავად ამისა, გაზრდილი მოთხოვნის გამო, პროდუქტი, დაახლოებით, 20 თეთრამდე გაძვირდა და 1 კგ-ის ფასი 2,80 ლარია, ამაზე იაფად დახლებზე შაქარი პრაქტიკულად არ იშოვება. არ ვიცით, გაიაფდება თუ არა, გააჩნია, დისტრიბუცია რა ფასად მოგვაწვდის“, - აღნიშნა  მაღაზიის მენეჯერმა „რეზონანსთან“.

შაქრის ბაზარზე პრობლემას გამორიცხავენ ბიზნესის წარმომადგენლებიც. ,,აგარის შაქრის“ გენერალური დირექტორის, ალხან ალიზადეს ინფორმაციით, მომარაგების მხრივ არაფერი შეცვლილა და უცნობია, რას უნდა უკავშირდებოდეს დახლებზე ასაწონი შაქრის სიმცირე.

„შაქარი ბოლო დროს ისედაც ძვირდება და შეიძლება, ამის გამო მაღაზიებმაც გაზარდეს ფასები. სხვა ფაქტორი ვერ იმოქმედებს. თუკი გლობალურ ბაზრებზე სადმე პრობლემაა, ასე მყისიერად ვერ აისახება, ქვეყანას შაქრის საკმარისი მარაგი აქვს. რაიმე ობიექტურ მიზეზს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, რომ მაღაზიებში ასაწონი შაქარი დეფიციტში იყოს. ჩვენი ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს, არც ნედლეულის მხრივ გვაქვს პრობლემა“, - განაცხადა ალიზადემ.

შაქრის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციას სუპერმარკეტების მხრიდან გარკვეული მაქინაციების მცდელობად აღიქვამს იმპორტიორთა ნაწილი. მეწარმე თენგიზ ფაცაციამ ,,რეზონანსთან“ აღნიშნა, რომ მიწოდების მცირე პრობლემა რეალურად იყო, რაც გლობალურ პროცესებს უკავშირდებოდა, მაგრამ ხარვეზი მალევე გამოსწორდა და ეს პრობლემა სამომხმარებლო ბაზარზე მცირედითაც არ ასახულა, თუმცა სიტუაციით ბევრმა ისარგებლა.

„მდგომარეობით ისარგებლეს და ხელოვნურად გაზარდეს ფასი, გაყიდვებშიც ასევე დიდი მაქინაციებია, რის გამოც ასაწონი შაქარი მოულოდნელად შემცირდა დახლებზე, ზოგან კი საერთოდ გაქრა. მცირე შეფერხება იმპორტის დროს ნამდვილად იყო, მაგრამ იმდენად მალე გამოსწორდა, რომ ბიზნესს რეაგირებაც ვერ უნდა მოესწრო. 

მაღაზიებმა სიტუაციით მაინც ისარგებლეს, ძალიან ცუდად მოიქცნენ. მათ ხელოვნურად გაზარდეს ფასი, ამ დროს  კი ყველა წინაპირობაა, რომ შაქარი გაიაფდეს და მომდევნო 2-3 დღეში ეს ტენდენცია დაიწყება კიდეც. არ მგონია, რამემ ხელი შეუშალოს, მით უმეტეს, ,,აგარაც“ მუშაობს, არანაირი მიზეზი არ აქვთ, რომ შაქარი გაძვირდეს ან სავაჭრო ობიექტებში შეტანის პრობლემა გაჩნდეს, როგორც ეს ოთხიოდე თვის წინ მოხდა და ნახტომისებურად გაზრდილი ფასი მივიღეთ“, - აღნიშნა ფაცაციამ და დასძინა, რომ მთავარია, მომხმარებელი არ აჰყვეს პროვოკაციას და პანიკური შესყიდვები არ დაიწყოს, რისი საფუძველიც რეალურად არ არსებობს.

„მოსახლეობის ფაქტორიც გარკვეულ უარყოფით გავლენას ახდენს და სპეკულაციური ფასების პროვოცირებას უწყობს ხელს. რამდენიც გინდა, არის მარაგი, მაგრამ ხალხი დღესაც ტომრებით ყიდულობს შაქარს, აქვს თუ არა ამის საჭიროება. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება, ხელოვნურად ქმნიან პრობლემას.

არაფრით არ უნდა აჰყვნენ პროვოკაციას, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დეფიციტი  არ გვემუქრება. მარაგები არის და ფასი დაიკლებს კიდეც უახლოეს 2-3 დღეში, სავარაუდოდ, 15-20 თეთრით გაიაფდება“, - დასძინა თენგიზ ფაცაციამ „რეზონანსთან“ საუბრისას. 

ცნობისთვის, მსოფლიოში შაქრის უმსხვილესი ექსპორტიორი ბრაზილიაა.  2021 წელს საქართველოში 60.4 მილიონის ღირებულების 120.7 ათასი ტონა შაქარი შემოვიდა. საქართველომ შესყიდული შაქრის თითქმის ნახევარი, 57 ათასი ტონა (28.2 მლნ დოლარი) ბრაზილიიდან მიიღო, იმპორტში შემდეგ ადგილებზე თურქეთი (14.3 მლნ) და პოლონეთი (10.6 მლნ) არიან.

პირველი პანიკა ბაზარზე 2022 წლის 9 მარტს გაჩნდა და მოულოდნელად შაქარი 2,35 ლარიდან 5 ლარამდე გაძვირდა. სიტუაცია მალევე  დარეგულირდა, მაგრამ შაქრის ფასი საბოლოოდ მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდა და დახლებზე  დღემდე სიძვირეა.

ამჟამად ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე 1 ტონა თეთრი შაქრის ღირებულება 570 დოლარს შეადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×