თამარ ვეფხვაძე
11.07.2022

„გლობალური მშვიდობის ინდექსი”, “ღია ბიუჯეტის ინდექსი” და „მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსი“ - სამ საერთაშორისო ინდექსში საქართველომ პოზიციები მკვეთრად გაიუმჯობესა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერია. ეს მორიგი მნიშვნელოვანი შედეგია, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობამ აჩვენა.

მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა, ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსით კი საქართველომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე მიღწეული შედეგეი შეაფასა:

"რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა განახლებული მმართველობის კეთილსინდისიერების ინდექსები. ეს არის მსოფლიო ინდექსები, რომლებიც შემუშავებულია მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის, შეიძლება ითქვას, ნომერ პირველი ანალიტიკური ცენტრის "ჰერთეიჯ ფაუნდეიშენის" გამოკვლევით. საქართველო, მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით, მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა.

მეორე, არის ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის, სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.  მე მინდა ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი. შედარებისთვის, წელს უკვე აღნიშნული ინდექსის მიხედვით, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ. რამდენიმე ქვეყანა შემიძლია ჩამოვთვალო, ესენია: კვიპროსი, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, იტალია, მალტა, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ხორვატია, მონტენეგრო, ბულგარეთი, რუმინეთი და ა.შ.

2012 წელს, მაშინ, როცა მთელ მსოფლიოს და ჩვენს ხალხს ეუბნებოდნენ, თითქოს ნომერ პირველი სახელმწიფო ვიყავით რეფორმებითა და შესრულების მხრივ ინდიკატორებით, 69-ე ადგილზე ვიყავით, აი, ამ ინდექსის მიხედვით. საუკეთესო ოცეულზე საუბარიც კი არ იყო", - განაცხადა პრემიერმა.

მეორე მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც საქართველომ აჩვენა, გლობალური მშვიდობის 2022 წლის ინდექსია, რომლის მიხედვითაც, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

"მეორე მნიშვნელოვანი წარმატება და გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი მთავრობის ათწლიანი პოლიტიკის აღიარება - გლობალური მშვიდობის 2022, ანუ წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი, მსოფლიოში პირველ ადგილზე დასახელდა. ესეც სერიოზული აღიარებაა. ამ კვლევაში 163 ქვეყანა მონაწილეობდა და საქართველოს მეორე ადგილზე დასახელება, არის მართლაც აღიარება იმ სწორი, გონივრული და ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც მთავრობა უკვე ათი წელია ატარებს ჩვენი ხალხისა და მათი ინტერესების დასაცავად.

აქაც მინდა გავიხსენო, რომ 2012 წელს ამ რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, იყო  უკანასკნელ ოცეულში, ანუ 163 ქვეყანას შორის 140-ე ადგილზე. ამხელა პროგრესი გვაქვს, სწორედ ისევ და ისევ ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი გუნდის, მის მიერ დატოვებული „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.

უფრო მეტი წარმატება ხვდა წილად საქართველოს ღია ბიუჯეტის ინდექსის შეფასების კრიტერიუმებით, როცა ვენი ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა.

"მაშინ, როდესაც ჩვენი ასოცირებული ტრიოს წევრები ახლა იწყებენ მუშაობას საჯარო ფინანსების რეფორმაზე და ა.შ. ამის გაუმჯობესებაზე, ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით. პირველ ადგილზე გავიდა საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ. ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო  სავალუტო ფონმა რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა საკუთარი წინასწარი შეფასება და პროგნოზები. 190 ქვეყანას შორის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ამერიკული დოლარით გამოხატული, ზრდის ტემპის მიხედვით, მსოფლიოში მე-3 ადგილზეა, ხოლო ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზეა. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში გაორმაგდება და სავალუტო ფონდის შეფასებით, 9 000 დოლარს გადასცდება 2027 წლისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმ ფონზე, როცა ევროპაში და მთელ მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, საქართველ ინარჩუნებს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.

„ახლახან ვიყავი ავსტრიაში, ჩემს კოლეგასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განვიხილეთ ევროპაში არსებული ვითარება და მსოფლიოში მიმდინარე დინამიკა, თუ რა პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში. უკრაინის ომის ფონზე ევროპაში შეიქმნა ძალიან რთული ვითარება. ინფლაცია, მაღალი ფასები, მომარაგებაში პრობლემებია, ასევე ნაკლებად განვითარებული, ღარიბი ქვეყნების საკვები პროდუქტებით მომარაგების კუთხითაც უკვე სერიოზული პრობლემები შეინიშნება და ექსპერტები და  მსოფლიო ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო შეიძლება იყოს შიმშილობის რისკის ზღვარზე, განსაკუთრებით, ღარიბი ქვეყნები.

ამ ფონზე, როცა ევროპაში და მთელ მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას, სტაბილურობას, და ეს ყველაფერი, რაც მე ახლა ჩამოვთვალე, არის სწორედ ჩვენი გუნდის დამსახურება. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ ამით არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი, გაორმაგებული, გაათმაგებული ტემპით, ენერგიით და პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა”, -  აღნიშნა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×