გვანცა წულაია
07.07.2022

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მასობრივად შემოდიან. სტატისტიკური მონაცემები, მარტიდან მოყოლებული, იზრდება და საქართველოში ყოველთვიურად სულ უფრო მეტი რუსი შემოდის. მოქალაქეების ნაწილი მეზობელი ქვეყნიდან სანქციების თავის არიდების მიზნით გამორბის, ნაწილი ჯარში გამოძახებას ერიდება, ნაწილი, როგორც ტურისტი საქართველოში ისე შემოდის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო ფრთხილად არ უნდა იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით ამდენმა რუსმა მოიყარა თავი.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, აგრესორი ქვეყნის მოსახლეობაში ერთგვარი პანიკა გაჩნდა. მეზობლად მყოფ საქართველოში კი ჩამოსვლა აქტიურად დაიწყეს. სწორედ ამაზე მეტყველებს სტატისტიკა. საინტერესოა, რას გაურბიან რუსები და რატომ ირჩევენ მაინც და მაინც საქართველოს?

2022 წლის თებერვალში საქართველოში 20 876 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. ზრდამ კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 613.7% შეადგინა. მარტში რუსეთის ფედერაციიდან 45 068 მოქალაქე შემოვიდა, მატების მაჩვენებელმა 430% შეადგინა. საქართველოში რუსეთის ფედერაციის 48 797 მოქალაქე შემოვიდა აპრილში, ამ შემთხვევაში ზრდა, წინა წელთან შედარებით, 289% იყო.

2022 წლის ივნისში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, წინა თვეში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 502.9%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან საქართველოს 90 239 ვიზიტორი ეწვია მაშინ, როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 14 967 იყო.

საერთაშორისო ვიზიტორების მიზედვით, რუსეთი პირველ ადგილზეა. სტატისტიკური მონაცემებიდან უცნობია, ამ დროის განმავლობაში რუსეთის რამდენი მოქალაქე დარჩა საქართველოში და რამდენი გაბრუნდა უკან, თუმცა ფაქტია, რომ ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში უამრავი რუსი ჩამოვიდა და რაღაც ნაწილი ჯერ კიდევ საქართველოშია.

მეზობელი ქვეყნის მოქალაქეთა მასობრივი ჩამოსვლის მიზეზებზე საუბრობს ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი და აცხადებს, რომ ვიზიტის მიზნის მიუხედავად, ქვეყანამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

„რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, ალბათ, ძირითადად არის ის, რომ ვიღაცები გამოექცნენ იქ არსებულ მდგომარეობას - ფინანსური პრობლემებით დაწყებული, ჯარში გაწვევით დამთავრებული. ასევე, რუსეთში ბიზნეს გარემოს გაუარესების გათვალისწინებით, ბევრმა გადაწყვიტა, რომ საქართველოდან უკეთესად შეიძლება მუშაობა და აქ ცხოვრება. მგონია, რომ ძირითადი მიზეზები ესაა და მეორე საკითხია ის, თუ მათი საქართველოში ჩამოსვლა რამდენად არის საფრთხე.

ჩამოსულთა დიდი ნაწილი შედარებით ნორმალური ხალხია და პუტინის რეჟიმთან დამოკიდებულის თვალსაზრისით, ისინი სწორ მხარეს დგანან. არა მგონია, რომ მავანი პუტინისტი საქართველოში საცხოვრებლად გამოიქცეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფრთხილად არ უნდა ვიყოთ. საქართველოში ვინმეს ჩანერგვა რომ უნდოდეთ, აქ მყოფი მათი მოქალაქეების ამ რაოდენობის პირობებში, რა თქმა უნდა, უფრო მარტივად მოახერხებენ ამას. სწორედ ამიტომ, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.

პრობლემა ის არის, ჩვენი მთავრობა სინამდვილეში რამდენად ეფექტურად დასდევს რუს ჯაშუშებს. ამდენი წლის განმავლობაში ერთი რუსი ჯაშუში არ დაუკავებიათ. ამიტომ ჩვენს ვერ გვექნება ნდობა მათდამი”, - განუცხადა ბედინეიშვილმა „რეზონანსს”.

რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომელთაც თავიანთ ქვეყანაში ცხოვრება სხვადასხვა მიზეზის გამო აღარ სურთ, საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, არც აქამდე იყო უცხო. ბოლო პერიოდში რუსეთში მრავალმხრივ შეიცვალა ვითარება უარესობისკენ: ერთი მხრივ, უწინდელზე მეტად გაიზარდა პოლიტიკური დევნის მასშტაბები, მეორე მხრივ კი დასავლეთის სანქციები უკვე მოქმედებს ადგილობრივთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. შესაბამისად, რთული სათქმელია, ვინ რა მიზეზითა და გეგმებით მოდის საქართველოში.

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში უნდა გაირკვეს, რა მიზნით ჩამოდიან საქართველოში ტურისტებად მიჩნეული ადამიანები.

„მნიშვნელოვანია გაირკვეს, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ტურისტული დანიშნულებით არიან შემოსულები, საცხოვრებლად თუ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ეკონომიკურ ჭრილში, ეს დამაზარალებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ აქ საკითხი სხვანაირად დგას. იგი უშუალოდ ეხება ჩვენს საერთაშორისო იმიჯს. ხომ არ არის დამაზიანებელი ის, რომ საქართველო, შეიძლება აღმოჩნდეს ადგილი, სადაც რუსეთი სანქციებს ირიდებს? ეს არის აქ მთავარი. ცალკე ტურისტული კუთხით რომ განვიხილოთ, ამ მხრივ არანაირი რსკ-ფაქტორი არ შეიძლება იყოს.

დეტალურად უნდა გაირკვეს, რა მიზნით შემოვიდნენ საქართველოში - ვინ ტურისტია და ვინ სანქციების თავის ასარიდებლად მოდის. ტურისტულ ჭრილში ძალიან ბევრ ქვეყანასთან დაეკეტა გზა და, ამის გამო, შესაძლოა, მათმა დიდმა ნაწილმა სწორედ საქართველო აირჩია. ამიტომაა, მნიშვნელოვანი გარკვევა, ვინ შემოვიდა ტურისტულად და რა ნაწილი აპირებს დიდი ხნით აქ დარჩენას. ეს ინფორმაცია კი ჯერ არ გვაქვს, ალბათ, სადღაც 2-3 თვეში იქნება და შემდეგ უფრო ზუსტად გამოჩნდება, რუსეთის რამდენი მოქალაქე გაბრუნდება უკან და რამდენი დარჩება საქართველოში. მანამდე კი, ძალიან რთულია ხელი გაიშვიროს ნებისმიერმა ადამიანმა იმისკენ, რომ ქვეყანაში რამე ცუდი ხდება. ადრეა ამაზე საუბარი”, - განუცხადა „რეზონანსს” ზვიად ხორგუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×