2 დღის წინ რუსეთში მარცვლეულის ბაჟის ფორმულა შეიცვლა, რამაც გადასახადი შეამცირა, ვითარება სტაბილურდება
გვანცა წულაია
05.07.2022

მსოფლიოში ხორბალი იაფდება, ბოლო თვის ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია. გუშინდელი დღის მონაცემებით, ჩიკაგოს ბაზარზე 1 ბუშელი (25კგ) ხორბლის ღირებულებამ 8.46 დოლარი შეადგინა მაშინ, როდესაც ერთი კვირის წინ მარცვლეული 9.55 დოლარი ღირდა. ამ მოკლე პერიოდში გაიაფებამ 11% შეადგინა. ერთი თვის წინანდელ ფასს თუ შევადარებთ, ჩიკაგოს ბაზარზე 30 დღის წინ 1 ბუშელი ხორბალი 11.2 დოლარი ღირდა. ამ შემთხვევაში ფასთა კლება 25%-ია. გამოდის, რომ ბოლო ერთი თვეა, მსოფლიოში ხორბალი მკვეთრად იაფდება. აღსანიშნავია, რომ ფასის პიკური მაჩვენებელი 12.5 დოლარის ფარგლებში იყო.

გაიაფებამდე იყო დიდი გაძვირება და პრობლემები. ხორბლის მიმართულებით, საქართველოსთვის ნომერმა პირველმა იმპორტიორმა ქვეყანამ, რუსეთმა გასულ წელს მცურავი ბაჟი აამოქმედა, რომელიც გამუდმებით იზრდებოდა. ამ ფაქტორის გამო, ქვეყანაში ხორბალი ვეღარ შემოდიოდა, თუმცა ახლა ჩრდილოელმა მეზობელმა გადაწყვეტილება და საბაჟო გადასახადის ფორმულა შეცვალა, რამაც სტრატეგიული პროდუქტი ცოტათი გააიაფა.

ამ ორი ფაქტორის გარდა, არსებობს თვითუზრუნველყოფის საკითხი. მთავრობა ამბობს, რომ საქართველოში მოსავლიანობა გაიზრდება და რამდენიმე დღის წინ ქვეყნიდან ხორბალისა და ქერის გატანა აკრძალა. ამდენი ცვლილების შემდეგ, საინტერესოა, რა ვითარებაა მარცვლეულის მარაგის კუთხით საქართველოში. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ „რეზონანსის” კითხვებს უპასუხა.

„რეზონანსი”: ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ღირებულება ერთთვიან ჭრილში საგრძნობლად შემცირებულია. ეს ცვლილება რამდენად კარგი ამბავია საქართველოსთვის?

ლევან სილაგავა: თქვენ უყურებთ ჩიკაგოს ბირჟის მონაცემებს და ეს ბოლომდე რელევანტური არ არის ჩვენი რეგიონისთვის. თავად ჩიკაგოს ბირჟა აჩვენებს ტრენდს, თუმცა ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ტენდენცია გადაეცემა რეგიონულად ჩვენს მხარეს. დიახ, საერთო გაიაფების ფონია, მაგრამ ჩვენთან ხორბლის ფასი მაინც მაღალია, რადგან რუსეთისა და უკრაინის ფაქტორი უფრო მოქმედებს, რაც პრობლემურია, რადგან უკრაინის პორტები დაბლოკილია.

ამერიკის ყოველთვიური ანგარიში (ხორბლის მარაგებისა და ბალანსის შესახებ) გახდა ცნობილი, სადაც გარკვეულწილად არის ახალი მოსავლის წინაპირობები, რომელიც ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა, თუმცა უნდა ითქვას, რომ, ფუნდამენტური და ეკონომიკური ფაქტორების გარდა, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფაქტორებიც მოქმედებს, რაც უკრაინის პორტების ბლოკირებას უკავშირდება.

დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ მოწინავე ქვეყნები ჩართული არიან განბლოკვის საკითხში. გუშინაც იყო ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გარკვეული შეთანხმება მიღწეული იყოს და უკრაინიდან ხორბალი გამოვიდეს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, ვისაუბროთ სერიოზულ გარღვევაზე მხოფლიო ბაზარზე ფასის დასატბილურების ან კლების მიმართულებით. სხვა შემთხვევაში, ის, რომ ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბალი გაძვირდა და მერე გაიაფდა, სამწუხაროდ, კონკრეტული ტენდენციის სახეს ვერ იღებს.

„რ”: როგორც ვიცით, რუსეთმა მცურავი ბაჟის გადასახადზე ფორმულა შეცვალა. ახლა როგორ ხდება დაანგარიშება?

ლ.ს: ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რუსეთმა მცურავი ბაჟის ფორმულა შეცვალა, რასაც გარკვეული გაიაფება ნამდვილად მოჰყვა, ოღონდ ეს ჩიკაგოს ბირჟის თემა არ არის, ეს უშუალოდ რუსეთის საკითხია. ადრე მცურავი ბაჟი შემდეგი ფორმულით იანგარიშებოდა – მსოფლიო ბაზრის ფასებს გამოკლებული 200 დოლარი და იმის 70%, 2 დღის წინ შეცვლილი ფორმულით კი იანგარიშება შემდეგნაირად – მსოფლიო ბაზრის ფასებს გამოკლებული 15000 რუბლი და ამ დარჩენილის 70%.

ამ შეცვლილმა ფორმულამ მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია. წინა კვირის ფორმულის მიხედვით, საბაჟო გადასახადი იყო 142 დოლარი და ახალი ფორმულის შემდეგ ელოდებიან, რომ შემდეგი ბაჟი ჩამოვა 100 დოლარამდე, თუმცა მერე ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რუბლი დოლართან მიმართებით რა პოზიციებს დაიკავებს.

ყველა ვარიანტში, როცა ხორბლის მოსავლის აღება ხდება, და ახლა სწორედ ეს პერიოდია, უფრო მკაფიო სურათი გამოჩნდება. ველოდებით, რომ გარკვეული სტაბილიზაცია ხორბლის ფასებთან დაკავშირებით მიღწეული იქნება როგორც რუსეთში, ისე საქართველოში. ჩვენთანაც მოსავალი გაზრდილია, რაც რაღაც დონეზე სტაბილურობის შეგრძნებას აჩენს. ველოდებით პირველ შედეგებს და დაახლოებით ერთ კვირაში ტენდენცია გამოიკვეთება, მათ შორის, საქართველოში.

„რ”: ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთიდან ხორბლის ისევ შემოტანა თუ დაიწყება?

ლ.ს: შეიძლება, ამაზეც ვიფიქროთ, თუმცა 100 დოლარი, რომელზეც საბაჟო გადასახადი ჩამოვიდა, მაინც არ იძლევა თანაბარ რეჟიმს ფქვილთან მიმართებაში. მცურავი ბაჟის სავარაუდო ნიშნული უნდა იყოს 40 დოლარი, რომ წისქვილკომბინატები შევიდნენ კონკურენციაში. სხვაობა თუ იქნა 40 დოლარი ფქვილის იმპორტის ბაჟს (რომელიც ნულია) და ხორბლის იმპორტის ბაჟს შორის, მაშინ წისქვილკომბინატები კონკურენციას გაუძლებენ.

„რ”: რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებასაც რომ შევეხოთ _ საქართველოს მთავრობამ ხორბლისა და ქერის ექსპორტი აკრძალა. ეს რამდენად დაეხმარება რთულ მდგომარეობაში მყოფ წისქვილკომბინატებს?

ლ.ს: დიდი და საშუალო წისქვილკომბინატების ყოველთვიური სიმძლავრე იმდენად მაღალია, რომ მათი წარმადობისთვის მთელი მოსავალი არის 1-1,5 თვის სამყოფი. ჩვენ უფრო გრძელვადიანი ხედვა გვჭირდება, რომ წისქვილკომბინატებმა სეზონიდან სეზონამდე იმუშაონ. შესაბამისად, ჩვენ ხორბალი მთელი წლის განმავლობაში გვჭირდება და არა თვე-ნახევარი. წყვეტილ მუშაობას აზრი ისედაც არ აქვს, მომსახურე პერსონალსაც ვერ ვეტყვით, რომ თვე-ნახევარი იმუშაონ და მერე გაჩერდნენ. ეს არც ეკონომიკურად არის სწორი. სამწუხაროდ, ამ ნაბიჯით საშუალო და დიდი წისქვილკომბინატები ვერ ამუშავდება, თუმცა საქართველოში დარჩენილ ამ ხორბალს, სავარაუდოდ, მოიხმარენ მცირე გადამამუშავებლები, რომლებიც კახეთსა და შიდა ქართლში არის განლაგებული.

„რ”: მთავრობა თვითუზრუნველყოფაზე გამუდმებით საუბრობს. რამდენიმე ხნის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმაც განაცხადა, რომ შესაძლებელი იქნება, რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 15-დან 50%-მდე გაიზარდოს. ამის რა შანსებია და მთავრობა რამდენად აქტიურად მუშაობს?

ლ.ს: თუ ადგილობრივი ხორბლი იქნება უფრო მეტი, ჩვენთვისაც კარგია, რადგან ხორბლის მოყვანა წაახალისებს წისქვილკომბინატების მუშაობას. რეალურად, ის, რომ სხვა ქვეყნებმა ხორბლის მოსავლიანობა გაზარდეს, ჩვენთვის ორიენტირია. პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ერთ ჰექტარზე, საშუალოდ, 2.3 ტონა ხორბლის აღება ხდება მაშინ, როდესაც საშუალო ევროპული მაჩვენებელი არის 5, 6 და ზოგან 7 ტონა. თუ ტექნოლოგიას დავიცავთ, თუ აგროდაზღვევა გვქნება, და ა.შ. შევძლებთ თვითუზრუნველყოფის გაზრდას.

50 ათასი ჰექტარია ნათესი ფართობი, მოგვდის, დაახლოებით, 130 ათასი ტონა, ხოლო საშუალოდ ევროპაში იწევენ 300 ათასი ტონას, რაც ბევრად მეტია. შესაბამისად, სრულიად რეალურია თვითუზრუნველყოფის 50%-ზე ასვლა. ეს არის ის, რაც სხვა ქვეყნებმა მოახერხეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს 3-4-წლიანი გეგმაა, იგი ნამდვილად კარგია და დანარჩენს შესრულება სჭირდება.

„რ”: დაბოლოს, როგორი ვითარებაა მარაგების მხრივ?

ლ.ს: სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ 1.5-2 თვის მარაგის ხორბალს მოვიწევთ საქართველოში, თუმცა ეს წლიური საჭიროების 10-15%-ია და დანარჩენზე რა უნდა ვქნათ? ამიტომ გვინდა სახელმწიფოს მიერ ერთწლიანი ხედვა. თუ იქნება ერთწლიანი სტრატეგია შემუშავებული, რომ ხორბლის იმპორტი განხორციელდეს, ადგილობრივიც იყოს და გარკვეულწილად რაოდენობა იმდენი იყოს, რომ წისქვილებმა მთელი წელი იმუშაონ, მაშინ, რა თქმა უნდა, კომბინატები ამუშავდება. აღსანიშნავია, რომ იმპორტირებული ხორბალი ორი თვეა, ქვეყანაში აღარ შემოდის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×