რეზონანსი
05.07.2022

ნიკა შენგელია

ყველამ ვიხილეთ, რომ საწვავზე ფასების ზრდის შეჩერებასთან დაკავშირებით ყველა ის ღონისწიება, რაც განახორციელა ეკონომიკის სამინისტრომ იყო არაეფექტური, უშედეგო, მოკლებული ყოველგვარ პროფესიონალურ მიდგომას, ცოდნას და ანალიზს. ამასთანავე, არ ხდებბოდა შედეგების გაშუქება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის იმ არაეფექტურ ღონისძიებებზე, რაც იყო ჩატარებული, ხოლო დღემდეს კეთდება განცხადებები და დაპირებები, რომელიც არის მიმართული დროის გაწელვაზე და ილუზიებზე იმის იმედად, რომ საკითხი როგორმე თავისით დარეგულირდება.

ყველასთვის ცნობილია, რომ კარტელურ გარიგებაში მხილული კომპანია „სოკარი" და მისი ზეგავლენის ქვეშ მყოფი „ვისოლი", „ლუკოილი" და „რომპეტროლი" 2015 წელს დაჯარიმდნენ 51,6 მილიონი ლარით. სამწუხაროდ, ეკონომიკის სამინისტრო არ ამხელს, რომ ეს ჯარიმა ჩამოვიდა 4 მილიონამდე.

როგორც წესია, კარტელები არ დებენ წერილობით შეთანხმებებს და მთელ მსოფლიოში ცნობილია, რომ კარტელის არსებობის პირდაპირი მტკიცებულებების მოპოვება უკიდურესად რთულია. ჩვენს შემთხვევაშიც სავარაუდოდ, ეტყობა ბრალდება მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებს ეყრდნობოდა. შესაბამისად, კონკურენციის კანონით კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების შემადგენლობის დამტკიცება შეუძლებელი გახდა.

ისმის კითხვა: რა მიზანს ემსახურებოდა ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილება, რომ „სოკარისთვის" და მის ზეგავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებისთვის მიეყენებინათ ბრალდება კარტელურ გარიგებაში, რომელიც ფაქტობრივად 90%-ით გაბათილდებოდა ?

ლოგიკური მსჯელობის შემდეგ ამას შემდეგი ახსნა მოუძებნეთ, ეს არის:

ეკონომიკური გუნდის სისუსტე, არაპროფესიონალიზმი, საკითხის არ შესწავლა, უცოდინარობა,ზერელობა;

და ასევე ის, რომ ასეთი მეთოდით ხდება კარტელების მიმართ მფარველობა და მათი დანაშაულებრივი ქმედებების ე. წ. „გაპრავება" .

სადამსჯელო ღონისძიება ჩატარდა, გაპიარდა, რაც მთავარია მოსახლეობას თვალებში ნაცარი შევაყარეთ, დიდი ხელფასები მივიღეთ, პრემიებიც დავიწესეთ, „სოკარს" და მის „კარტელებს" კი შეუქმენით პირობა, რომ გააგრძელონ საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ საწვავზე ფასების ზრდის მეთოდით დამანგრეველი პოლიტიკა.

შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურები ახორციალებენ ისეთ ქმედებებს,რომ საქართველოში მოსპონ ნავთობპროდუქტების დარგში კონკურენცია. ამის თქმის უფლებას გვაძლევს თუნდაც ის ფაქტი, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ქონების სააგენტომ გამოიტანა აუქციონზე გასასხვისებლად ლოტი №1 და აუქციონის № 1462 ყადაღა დადებული ბენზინ გასმართი სადგური, რომელიც წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს იყო უკანონოდ ჩამორთმეული და პრემიერ მინისტრის 1044 ბრძანებულების თანახმად ექვემდებარებოდა მეპატრონისათვის დაბრუნებას. უფრო მეტიც, როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული ობიექტი, რომელიც დღეისათვის იმყოფება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, გაქურდეს, მოხსნეს და გაიტანეს ძვირადღირებული გამშვები სვეტები, ავზები და სხვა მოწყობილობები საერთო ღირებულებით 250 000 $. ისანი-სამგორის პოლიციამ გამოავლინა მძარცველის ვინაობა და არა ერთხელ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, ქონების სააგენტოს, მიევლინებინათ წარმომადგენელი შემდგომი საგამოძიებო ქმედებების გასატარებლად, მაგრამ არც ეკონომიკის სამინისტრომ და არც ქონების სააგენტომ, არავინ არ მიავლინა, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ობიექტის გაძარცვა, მისი პირვანდელი სახის და ფუნქციის დაკარგვა ეკონომიკის სამინისტროსთვის სასურველი იყო, ეს დასტურდება იმ ფაქტით, რომ აუქციონზე ეს ქონება როგორც ბენზოგასამართი სადგური კი არ გაიტანეს, არამედ გატანილია როგორც მიწის ნაკვეთი.

როგორც გვახსოვს, ეს მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში დაპირებით, რომ სამართლიანობას აღადგენდა. პროკურატურის ახალმა გამოძიებამ აღნიშნული ბენზინ გასამართი სადგურის მეპატრონეს მიმართ საჯაროთ გამოაცხადა მისი სრული უდანაშაულობის ფაქტი, რაც გააშუქა პრესით, ტელევიზიით, მოაწყო სათანადო ბრიფინგი, პიროვნება ცნო დაზარალებულად, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დროს წართმეული ქონების მეპატრონეების მიმართ, ვინც დაზარალებულად არის ცნობილი, ქონების დაბრუნების მიზნით გამოსცა სპეციალური ბრძანებულება # 1044. ეკონომიკის სამინისტრომ კი. ქონების სააგენტოს მეშვეობით. აღნიშნული ქონება აუქციონზე გაიტანა გასასხვისებლად.

მე არაერთხელ ავღნიშნე, რომ დღევანდელი მთავრობა მოვიდა ქვეყნის სათავეში 2012 წელს, მაშინ როდესაც „სოკარმა" უკვე დაიპყრო საქართველო თავისი მონოპოლისტური გეგმით, რაც მაძლევს იმის უფლებას განვაცხადო, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არავითარ ალიანსში არ არის ამ სქემასთან, რასაც ჰქვია საქართველოს ეკონომიკის დანგრევა საწვავზე და ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის მეთოდით.

მინდა შეგახსენოთ, რომ 2007 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ბატონი ალექსანდრე ხეთაგური, ხოლო 2008 წელს „სოკარ ენერჯის"ქართული წილი 24,5% გასხვისდა. დღეს ბატონი ალექსანდრე ხეთაგური არის "სოკარ გაზის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აი, უკვე ბატონი დავით ზუბიტაშვილის შემდეგ საქართველოს ყოფილი მეორე ენერგეტიკის მინისტრი, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის უდიდესი სტრატეგიული ინფორმაციის და ცოდნის მატარებლებიდღეს, უცხო ქვეყნის კომპანიის მაღალი რანგის თანამშრომლები არიან. იმ კომპანიისა, რომელმაც მოიპოვა მონოპოლია საქართველოში და გახდა ე.წ. „კარტელების" ჯგუფის მეთაური.

მინდა მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ დღეს თუ არა ხვალ, ამ მოკლე პერიოდში, "სოკარი" დაიწყებს ფასების მომატებას ბუნებრივ აირზე, რითიც კიდევ უფრო გააღატაკებს ჩვენს ეკონომიკას და ქვეყნის მოსახლეობას. ასევე შეიქმნება მოსახლეობაში დღევანდელი მთავრობის და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ უკმაყოფილობა და ამის ერთ-ერთი ხელის შემწყობი თავისი უმოქმედობით არის ეკონომიკის მინისტრი და მისი ეკონომიკური გუნდი. გუნდი, რომელსაც არ გააჩნია ქვეყნის არანაირი ეკონომიური უსაფრთხოების სტრატეგია მაშინ, როდესაც ეროვნული ეკონომიკის დაცვა გარე საფრთხეებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და მიზანი უნდა იყოს;

- ეკონომიკის სამინისტროს დღემდე ქმედითი სანქციების გარეშე დატოვებული აქვს დისკრიმინაციული ზომები, რომელიც განახორციელა 2006 წლიდან „სოკარის" შემოსვლიდან საქართველოში ქართველი ნავთობპროდუქტების იმპორტიორების მიმართ;

- ეკონომიკის სამინისტრო არ იყენებს თავდაცვითი სტრატეგიას, როდესაც საწვავზე ფასების ზრდამ დღის წესრიგში დააყენა ეროვნული ეკონომიკის გადარჩენის პრობლემა; როდესაც პროდუქციასა და მომსახურეობაზე, საწვავზე ფასების გაძვირების გამო, ფასები ყოველთვიურად იმატებს. ეს არის განსაკუთრებული სიტუაცია, რაც იძლევა შესაძლებლობას შექმნილ სიტუაციაში, რომ განსაკუთრებული ზომები და პროექტები განახორციელოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტების საფუძველზე.

- ეკონომიკის სამინისტროსთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ ეროვნული ეკონომიკის წარმატება ფასდება კონკურენტუნარიანობის დონით და არა იმით, რომ ყადაღა დადებული ობიექტი გაიტანო აუქციონზე, რაც კონკურენციის მოსასპობას ემსახურება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ყადაღა დადებული ობიექტის აუქციონზე გატანა ნიშნავს კონკურენციის დანაშაულებრივი გზით მოსპობას, რაც ეკონმიკის მინისტრმა უნდა მოიკვლიოს და გამოავლინოს ის ფარული ძალები, რომელიც მოქმედებენ ქვეყნის პრემიერ მინისტრის იმიჯის შესალახად.

საქართველოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საფრთხე მოდის „სოკარის" მიერ ხელოვნურად გაზრდილი ფასებიდან საწვავზე და ხელოვნურად გაზრდილი ფასებიდან ხარისხობრივი მაჩვენებლების დამალვის მეთოდით ბუნებრივ აირზე, რაც წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს, რომელთა მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ კარგად გააზრებული სტრატეგიული გეგმით.

ამის ნაცვლად კი, ეკონომიკის მინისტრის გამოსვლაში ჩვენ გვესმის მხოლოდ მუქარა, რომ არ დაუშვებს საწვავზე ხელოვნურად მარჟის გაზრდას, მუქარა მონოპოლისტი „სოკარის" მიმართ, სადაც ფაქტიურ ხელმძღვანელებათ არიან ორი ყოფილი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და მუქარა მონოპოლისტი "სოკარის" ზეგავლენის ქვეშ მყოფი „კარტელების" გუნდის მიმართ, როგორიც არიან „ლუკოილი", „ვისოლი", „რომპეტროლი" და ძმანნი მისნი, შედეგად კი მეორე დღესვე ამ ბრენდების ქსელში ვღებულობთ 65-თეთრიან მატებას ერთ ლიტრ დიზელის საწვავზე.

საწვავზე ფასების ზრდა მოჰყვა ასევე ეკონომიკის მინისტრის საქმიან ვიზიტს აზერბაიჯანში, რაც ყოვლად შეურაცხყოფელი უნდა იყოს მთლიანად, როგორც ეკონომიკური გუნდისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის.

ჩნდება კითხვები: რა იყო ეკონომიკის მინისტრის აზერბაიჯანური მხარესთან საუბრის მიზანი? მარტივი ადამიანური კომუნიკაციის მოთხოვნილების დაკმაყოფილება? მაშინ ეს საქმიანი ვიზიტი კი არა, მოგზაურობა ყოფილა. მოგზაურობა ბიუჯეტის ხარჯზე შემდგომი დამანგრეველი შედეგით საქართველოს ეკონომიკისთვის და ფაქტიურად მოსახლეობისთვის საწვავზე ფასების ზრდის შედეგად.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მოსახლეობისთვის, მრეწველობისთვის და ავტოტრანსპორტისთვის, ეს არის კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტი იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო „სოკარ გაზს" ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შენელებაში და მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკებაში.

რაც „სოკარიდან" საქართველომ დაიწყო ბუნებრივი აირის მიღება, თითეულ ჩვენგანს, ალბათ, შემჩნეული აქვს ძალიან უბრალო მოვლენა, რომ მაგალითად, ჩაიდანი, რომელშიც ადრე ვადუღებდით ერთ ლიტრ წყალს, 4-5 წუთში, ახლა სჭირდება 8-9 წუთი, ზამთარში სახლის გასათბობათ თუ მრიცხველი მაგალითად წერდა 100 კბ/მ-ს, იგივე ფართის გასათბობად ახლა წერს 130-140 კბ/მ-ს.

არ დავმალავ, რომ ამას აქვს რამდენიმე საფუძვლიანი ახსნა. მაგალითად: გაზქურის გაბიდვნა, ძლიერი სიცივეები, ბუნებრივი აირის წნევის ვარდნა, როდესაც ზამთრის პერიოდში გაზის მოხმარება იზრდება, მაგრამ არსებობს მთავარი მახასიათებელი მიზეზი, რომელიც არის გაზის კალორიულობა.

მეთანის შემცველობიდან გამომდინარე, გამოიყოფა ბუნებრივი აირის 2 ძირითადი ჯგუფი:

1) ჯგუფი H (მაღალკალორიული გაზი) - მეთანის მაღალი შემცველობით (87%-დან 99%-მდე), უმაღლესი ხარისხის.

2) ჯგუფი L (დაბალკალორიული გაზი)-ხასიათდება მეთანის დაბალი შემცველობით (80%-დან 87%-მდე).

აქედან გამომდინარე ისმის რამდენიმე კითხვა:

1) რომელი ჯგუფის აირითხდება საქართველოს მოსახლეობის გაზით მომარაგება აზერბაიჯანიდან?

2) რა სტანდარტით რეგულირდება მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ხარისხი?

3) როგორი პერიოდულობით უნდა მოწმდებოდეს ხელშეკრულებაში ან სტანდარტის მიხედვით მეთანის შემცველობის პროცენტული რაოდენობა?

4) ვისი პრეროგატივაა საყოფაცხოვრებო გაზის ხარისხის კონტროლი და რომელი ლაბორატორიის?

5) მეთანის შემცველობის გარდა, ხდება თუ არა წყლის და აზოტის შემცველობის რაოდენობის დადგენა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის?

6) არსებობს თუ არა გაზის ხარისხის ერთიანი სისტემა, კონტროლის ინსტრუმენტები, ქრომოტოგრაფები მოწყობილობები, რომელიც იძლევიან შესაძლებლობას ანალიზის აღების მაღალი წნევიდან?

როდესაც ეკონომიკის მინისტროს ან სხვა საჯარო მოხელეს მაგალითად მოჰყავთ ევროპაში ფასების ზრდის ფაქტორები, რატომ არ ამხელენ იმას, რომ ევროპაში თითოეული ბუნებრივი აირის მომხმარებელი იღებს გადასახადს კონკრეტულად მისთვის მიწოდებულ გაზის ხარისხზეც. რატომ არ აქვეყნებს "სოკარი" თავის ვებ-გვერდზე გაზის ფიზიკურ და ქიმიურ მაჩვენებლებს?

ეკონომიკის სამინისტრო არის საქართველოს მხრიდან გაზმომარაგების ხელშეკრულების ხელისმომწერი, მაგრამ ზემოთ მოყვანილი კითხვებიდან გამომდინარე აქაც, ალბათ, გამორჩენილია საქართველოს მოსახლეობის ინტერესი და როგორც ჩანს, დაცულია უფრო „სოკარის" ინტერესი.

მინდა გავამახვილვო ყურადღება ბუნებრივი აირის ფასის გაზრდაზე მოსახლეობის მიმართ და წარმოების მიმართ. როდესაც „სოკარი", ასევე ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, გვამშვიდებენ იმით, რომ ტარიფები გაიზრდება მხოლოდ სამრეწველო ორგანიზაციებისთვის. ეს რას ნიშნავს, რომ საქართველოში გამოშვებული პროდუქცია ან მომსახურების ღირებულება არ გაიზრდება? რა თქმა უნდა, გაიზრდება. რა მნიშვნელობა აქვს „სოკარისთვის" ჩვენი მოსახლეობის რომელი ჯიბითან ამოიღებს ფულს? გაძვირებული პროდუქციიდან თუ გაზქურის, ან გათბობის მეშვეეობით გახარჯული გაზიდან?

დიდი ალბათობით ეკონომიკის სამინისტრო თავისი ქმედებით ან უმოქმედობით შემდგომშიც შეეცდება გაამართლოს „სოკარის" მაღალი ფასები საწვავზე, ბუნებრივ აირზე და ამის საფუძვლად მოიყვანს მსოფლიო ბირჟაზე ნავთობის ფასების ზრდას, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებას, გაზგამანაწილებლებზე მომსახურების გაძვირებას, მაგრამ ამით ვერც ერთ ზემოთ მოყვანილ ფაქტს ვერ გააბათილებს იმიტომ, რომ ეს არის კონკრეტული ფაქტები, თუ როგორ უწყობს ხელს ნებით თუ უნებლიედ ეკონომიკის სამინისტრო „სოკარს" კონკურენციის მოსპობაში და ფასების ზრდაში საწვავზე და ბუნებრივ აირზე.

ბუნებრივია, რომ მოსახლეობის მხრიდან იქნება შემოძახილები და დაისმევა კითხვა: „კრიტიკაში ყველა ყოჩაღები ვართ, მაგრამ გამოსავალს რაში ხედავთ და რას გვთავაზობთ ?!"

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენმა გუნდმა წინა სტატიებში მოახდინა ანალიზი 1991 -1993 წლებიდან მოყოლებული საწვავის მომარაგებისა და მისი ისტორიული მახასიათებლების ირგვლივ. ამაზე დიდი პრობლემები გადალახეს იმ დროინდელმა სახელმწიფო მუშაკებმა ; ქ.თბილისის ვიცე მერემ ბ-ნ ნუგზარ რობიტაშვილმა, ქ ფოთის ვიცე მერმა ბ-ნ. დავით ბენიძემ, ქ. თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა ბ-ნ ემზარ გაბეჩავამ, სახელმწიფო კომპანია საქნავთობპროდუქტის ხელმძღვანელმა ბ-ნ თამაზ შავდათუაშვილმა და ბევრმა სხვამ. ეს იყო ხალხი, რომელიც ჩართული იყო ნამდვილ ომში იმ დროინდელ სიძნელეებთან, ესენი იყვნენ მაღალი განათლების, პროფესიონალიზმის, უდიდესი ცოდნის და გამოცდილების ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ სულ სხვა საქართველოსთვის, ეკონომიკურად ძლიერი და განვითარებულისთვის და არ იყვნენ მედროვეები. ეს არის ის ხალხი, რომლებიც არავითარი მატერიალური სარგებლობის მიზნით არ გადავიდოდნენ უცხო ქვეყნის ბიზნესში ეკონომიკის დასანგრევად და ქართველი ხალხის გასაღატაკებლად. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ მეომარს, რომელსაც შეუძლია კიდევ ხმალის ხელში დაჭერა, ის მეომარი დამარცხებულად არ ითვლება.

დღეს, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება დაცვა, დაცვა თუნდაც, როგორც მაგალითად ბუნებრივი აირის მომხმარებელს. იქნებ შეიქმნას ასეთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც გააერთიანებს მთელი საქართველოს მოსახლეობას და მოგვეცემა შესაძლებლობა სამართლიანი გზით დავამარცხოთ ის სიბოროტე თუ სიმახინჯე, რაც მოუტანა „სოკარმა" და კარტელებმა საქართველოს ეკონომიკას და საქართველოს მოსახლეობას.

მე მინდა მივმართო ყველა ჩემს მკითხველს და მსმენელს. ჩვენ, ქართველებს, გვაქვს ერთი უარყოფითი თვისება, რომ ყოველთვის ველოდებით ვიღაცას, ვინც მოვა და გაგვილამაზებს ცხოვრებას. დღეს გვესმის შეძახილები; "ბიძინა გამოდი!", მაგრამ ჩვენც უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რათა ჩვენი ცხოვრება ღირსეულ ცხოვრებას დაემსგავსოს. მარტო ვერც ბიძინა, ვერც პეტრე და ვერც პავლე, ვერაფერს ვერ გახდება!

უფალმა გვარგუნა ჩვენ სასწაული, მიწა, წყალი და ბუნება. ნუ დაველოდებით ნურც ბიძინას გამოსვლას და სხვა სასწაულს, თავად ერთად უნდა დავამარცხოთ სიბოროტე და გავაბრწყინოთ ჩვენი სამშობლო!

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ვაცხადებთ, რომ ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით უანგაროთ დაუდგებით მხარში ნებისმიერ სასიკეთო წამოწყებას!

ნიკა შენგელია

5 ივლისი 2022 წელი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×