"ის, რაც ახლა დასავლეთ საქართველოში ხდება - კოკისპირული წვიმები, წყალდიდობები - ამ ომის ბრალია"
ქეთო გოგოხია
04.07.2022

საქართველოს ახალი გლობალური საფრთხე ელის. რსუეთ-უკრაინის ომი, თანამედროვე შეიარარებული დაპირისპირება სერიოზულ კლიმატურ ცვლილებას გამოიწვევს, რის ნიშნების დასავლეთ საქართველოში უკვე სახეზეა ხშირი წვიმებისა და წყალდიდობების სახით. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ,  ამინდის ცვლილება უშუალოდ კავშირშია რეგიონში მიმდინარე ომთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც მოსავლიანობის მკვეთრი კლება, ასევე სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელება.

ერაყსა და სირიაში მიმდინარე ომების ნეგატიური გავლენა ცნობილი პრობლემაა, რასაც კლიმატის ცვლილებას დიდწილად მიაწერენ. სწორედ იგივე საფრთხე ემუქრება საქართველოს უკრაინიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანაზეც მრავალმხრივ ახდენს გავლენას და უკვე ეკოსისტემასაც მისწვდა.

როგორც ეკოლოგი, აკადემიკოსი სიმონ ბარამიძე აღნიშნავს, ომს კლიმატის ცვლილების დაჩქარებაში დიდი ,,წვლილი“ შეაქვს და  ეს პროცესი დროზე თუ არ შეჩერდება, არაფრით არ იქნება იმაზე ნაკლები ზიანის მომტანი, როგორიც ბირთვული ომია. მისი თქმით, ატმოსფეროში დაგროვილი მავნე ნივთიერებები იშლება ჰაერში, შესაბამისად, გროვდება სითბო, რაც ჰაერის გავარვარებას და კლიმატის ცვლილებას იწვევს.

,,დასავლეთ საქართველოში ბოლო დროის ხშირი წვიმები სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგია. იმდენად დიდი ოდენობით საშიში ნივთიერებები ვრცელდება ჰაერში, რომ ატომური ბომბის ტოლფასია. მთელი ეს ნაკადი შავი ზღვისკენ წამოვიდა, კავკასიონი ჯერ არ უშვებს. ძნელად წარმოსადგენია, რა შეიძლება ამ ომს მოჰყვეს ეკოლოგიური თვალსაზრისითაც, ადამიანური დანაკარგი და ინფრასტრუქტურული ზარალი ისედაც ძალიან დიდია. 

1992 წელს, როდესაც ქუვეითში ამოხეთქა ნავთობმა, იმდენად დიდი სითბო წამოვიდა ზემოთ, რომ იმ წელს თბილისში დიდთოვლიანობა გამოიწვია. ახლაც ასეთი მომენტია. ამდენი ნესტი დიდ უარყოფით შედეგს მოიტანს. პირველ რიგში, ეს აისახება მოსავლიანობაზე, შესაბამისი ზომები თუ არ გატარდა, შიმშილობა გვემუქრება. 

ზედმეტი წყალი არაფერს უხდება, მოსავლიანობის კლებას გამოიწვევს. ეს პრობლემა გაგრძელდება, სანამ ომი არ დამთავრდება. დასავლეთ საქართველოში ტყემალმა ვერ გაუძლო ქარიანობას, განადგურებულია ხილის დიდი ნაწილი. ვფიქრობ, წვიმასთან ერთად, ხშირი სექტყვაც გვემუქრება. აუცილებელი გახდება სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების გამოყენება.

ბუნებასთან ერთად, ზედმეტი ტენი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზეც, ბაქტერიები მრავლდება. ქვეყნის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებია წყალდიდობა და წყალმოვარდნა. იმის ნაცვლად, რომ მათი რაოდენობა შემცირდეს, პირიქით, კიდევ უფრო მატულობს. დიდი კლიმატური ცვლილებები მიმდინარეობს, ამ მხრივ უკრაინის ომის გავლენა შეიძლება უმძიმესი აღმოჩნდეს“, - განაცხადა სიმონ ბარამიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ამდენად, აშკარაა, რომ კლიმატის ცვლილების დაჩქარებაში რუსეთ-უკრაინის ომი ძალიან დიდ წვლილს შეიტანს. როგორც სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე აღნიშნავს, სათბური გაზის გავლენა აქამდეც საშიში იყო და  ომის გამო ეს ეფექტი კიდევ გაიზრდება, რაც დედამიწისთვის, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის, დიდი ზიანის მომტანია.

,,ომს ბევრი ცუდი შედეგი მოაქვს, იწვება ტყეები და ხეები, საფრთხეშია ეკოსისტემა, არაფერს ვამბობ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ნადგურდება. კლიმატისაფრთხის ქვეშ ისედაც არის მსოფლიო და  უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, სიტუაცია უფრო უარესდება. აფეთქებების შედეგად დაკვამლიანება სათბური გაზის ეფექტს დედამიწაზე აძლიერებს. შესაბამისად, მოსალოდნელი ძალიან ცუდი შედეგები.

მეორე მსოფლიო ომის დროს გამოყენებულ ყუმბარებთან შედარებით, თანამედროვე რაკეტების ზემოქმედება ბევრად უფრო ძლიერია. ეს საკითხები ძალიან სერიოზულია. უკრაინაში არის ბუნებრივი გაზის, მეთანი დიდი მარაგი, რაც ნადგურდება და გარემოზე და სათბური გაზების ეფექტი იქნება შემდგომი წლების განმავლობაში, კონკრეტულად რა ზიანს გამოიწვევს, ამის პროგნოზირება ჯერ კიდევ რთულია.

არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. იმდენად საშიშ ტერორიზმთან გვაქვს საქმე, რუსები რას მოიმოქმედებენ, წინასწარ რთულია თქმა. სპეციალური ქარხნები აქვთ, სადაც მომწამვლელი ნივთიერებები იწარმოება, მთელი მსოფლიო ახალი გლობალური საფრთხის წინაშეა“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

მთავარი საკითხი, რაზეც მეცნიერი ყურადღებას ამახვილებს, როგორ უნდა ვიცხოვროთ ომის დროს და ომის შემდეგ, როცა კლიმატის ცვლილება ასეთ საშიშ მასშტაბს იძენს.

პრევენციის  ყველაზე ეფექტურ ღონისძიებად კობალაძე ტყეებისა და ქარსაფარი ზოლების გაშენებას მიიჩნევს, რაც ჟანგბადის წარმოქმნისთვის არის აუცილებელი.

,,სატყეო მელიორაცია, ანუ ხეების გაშენება არის უებარი საშუალება, იგივე ჟანგბადის წარმოქმნისთვის, ვინაიდან მომწამვლელი  ნივთიერებები იფანტება გარემოში, რაც არ არის მხოლოდ ტემპერატურაზე გავლენა. ეს არის მთელი ბიომრავალფეროვნებისთვის საფრთხე. ომის შემდეგ მთავარი ყურადღება სწორედ ქარსაფარი ზოლებისა და ტყეების განაშენიანებას უნდა მიექცეს. სათბური გაზის მოცულობა ისედაც საშიშ დონეზეა და ომის გარდა, ეს სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება, რომელთა გავლენა იმავდროულად ძალიან დიდია.

რეალურად ბევრი შესაძლებლობაა, რომ ეს საკითხები მოიხსნას. მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში შესაბამისი განათლების შეტანა და ტექნოლოგიების გამოყენება. ცხადია, ეს ხარჯია, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია. ისედაც დიდი რაოდენობით ფული იხარჯება აგრარულ სფეროში და ტექნოლოგიებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რამაც შეიძლება გამონაბოლქვის დონე შეამციროს. ამ მხრივ უპირატესობა მიეცეს ჰიბრიდული ან ელექტროტექნიკის გამოყენებას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების პროცესში.

კლიმატის ცვლილებას საბედისწერო შედეგი მოაქვს მტელი კაცობრიობისთვის და  თუ ამ პროცესის შეჩერებას  არ შევეცდებით, იგი დედამიწის მსოახლეობისთვის გამანადგურებელი აღმოჩნდება, როგორიც ბირთვული ომია“, - დასძინა კობა კობალაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ცნობისთვის, ბოლო 100 წლის განმავლობაში მსოფლიოში ნალექიანობის საშუალო რაოდენობამ 2 პროცენტით მოიმატა.  შესაბამისად, იცვლება კლიმატი და ეკოსისტემა ზიანდება.

დასავლეთ საქართველოში გასული 30 წლის განმავლობაში ნალექების რაოდენობა 5-15 პროცენტით გაიზარდა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ზოგიერთ რეგიონში წყლის დეფიციტია, ამავე პერიოდში ნალექების რაოდენობა დაახლოებით 5-15 პროცენტით შემცირდა.

რაც შეეხება ეკოლოგიური ცვლილების გავლენას მოსავლიანობაზე, ამჟამად სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 35 პროცენტის მდგომარეობა დამძიმებულია ეროზიული პროცესებით.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნალექიანობა და სტიქიური მოვლენების გამო დეგრადირებული მიწის ფართობები, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. დეგრადირებულ ნიადაგებზე კი მოსავლიანობა, საშუალოდ, 55-65 პროცენტით არის შემცირებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×