ჯერჯერობით, რაიმე დრამატული ვითარება არ შექმნილა, მაგრამ ვითარების ნორმალიზების ილუზიაც არავის აქვს
გვანცა წულაია
30.06.2022

რეგიონში მიმდინარე ომი საქართველოს ბიზნეს სექტორზე დიდ გავლენას ვერ ახდენს. კომპანიებს ვითარებასთან შეგუება და გადაწყობა მოუწიათ. რუსეთის მიერ წამოწყებული ომის მეხუთე თვის თავზე, საქართველოში განსაკუთრებული გავლენა არ იგრძნობა. სამომავლოდ კი, გააჩია, რამდენ ხანს გასტანს რუსეთის აგრესია.

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ხოლო ლარი სტაბილურია. ქვეყნის შიგნით სწორედ ეს ორი ფაქტორია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბიზნესზე მოქმედებს.

რუსეთის აგრესიის გამო, საქართველოში არსებული კომპანიები საფრთხეს გრძნობენ, თუმცა დიდ საშიშროებას ვერ ხედავენ. ამას ადასტურებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევაც.

მიმდინარე წლის II კვარტალში გამოკითხული კომპანიების ძირითადი ნაწილი (59%) ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომს ან/და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მათი კომპანიის შემოსავლებზე გავლენა არ ექნება. 25% ფიქრობს, რომ შემოსავლები შემცირდება, 2%-ის აზრით კი, ძალიან შემცირდება.

სექტორებს შორის, შემოსავლების შემცირებას ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორში მოელიან (39%-ის აზრით, მოკლევადიან პერიოდში შემოსავლები შემცირდება), ხოლო ყველაზე ნაკლებად მშენებლობის სექტორში (18%).

იმ კომპანიებს შორის, რომლებსაც მოკლევადიან პერიოდში შემოსავლების შემცირების მოლოდინი აქვთ, შემოსავლების შემცირება ძირითადად 1-20%-ს შორის მერყეობს (58%), 29%-სთვის აღნიშნული შუალედი 21-40%-ია, 8%-სთვის - 41-60%, ხოლო 4%-სთვის - 81-100%.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ბაჩო ჯინჭარაძე მიიჩნევს, რომ ომის გავლენა საქართველოს ბიზნეს სექტორზე ნამდვილად იგრძნობა, მაგრამ ჯერჯერობით, რაიმე დრამარული ვითარება არ არის წარმოქმნილა.

„ომს საქართველოს მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე, გარდამტეხი კვალი არ დაუტოვებია. ამას ადასტურებს გუშინ გამოქვეყნებული ეკონომიური ზრდის მაჩვენებელიც. მიმდინარე წლის მაისში 11.6%-ით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა და 5 თვის ჯამში ისევ ორნიშნა მაჩვენებელი (11.2%) გვაქვს. მაგალითისთვის უკრაინიდან ექსპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ისევე როგორც იმპორტი. რასაც ვერ ვიტყვით რუსეთზე, სადაც 2022 წლის მაისში საქართველოდან ექსპორტი მცირედით გაიზარდა კიდეც (3.7%-ით). უკრაინაში ამ მხირვ, 45%-იანი კლება გვაქვს. რუსეთიდან იმპორტი სადღაც 41%-ის ფარგლებშია გაზრდილი, უკრაინიდან კი შემცირებაა, დაახლოებით 31%-ით.

უშაულოდ ბიზნეს კომპანიები საფრთხეს გრძნობენ. ბიზნეს ასოციაციის კვლევაში ისიც ნათქვამია, რომ კომპანიების დაახლოებით 72%-ს ომმასაქმიანობა გაურთულა. შესაბამისად, რასაკვირველია, არის პროლემები, თუნდაც გაძვირებული ტარიფების მხრივ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვხედავთ ნავთობი როგორ მაღალ ნიშნულზეა.

ეკონომიკური ზრდის სტატისტიკაში არსად ჩანს, რომ ომის გავლენა ბიზნესზე დიდია. მათ შორის, ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო საკითხი რაც არის - ლარის კურსი - სტაბილურია, რომელიც ძალიან ხშირ შეთხვევაში განაპირობებს ფასწარმოქმნას. ინვესტიციებიც, ფულადი გზავნილებიც გაგვეზარდა. შესაბამისად, ომის გავლენა ბიზნესში, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჯერჯერობით, რაიმე დრამატული ვითარება არ შექმნილა. სამომავლოდ კი, გააჩნია, კონფლიქტის განვითარება როგორი იქნება, რა სანქციები დაწესდება, ეს როგორ იმოქმედებს ჩვენზე.

როდესაც რაიმე ცუდი გარემოება შეიქმნება, ყოველთვის არის საუბარი, რომ უნდა ჩამოვშორდეთ რუსეთის ბაზარს, თუმცა ამის მიღმა ციფრები სულ სხვა რამეს გვეუბნებიან. რჩევა და რეკომენდაცია იქნება ის, რომ მართლა, მაქსიმალურად გადავეწყოთ სხვა ბაზრებზე. ადგილობრივი ბიზნესი თუ სხვა ქვეყნებს აითვისებს და თანაც ტემპს გაზრდის, ეს, რა თქმა უნდა, ცალსახად კარგი იქნება, როგორც მათთვის, ისე მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის”, - განაცხადა „რეზონანსთან” ბაჩო ჯინჭარაძემ და დასძინა, რომ ომის ფონზე საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობებიც კი გაჩნდა.

„ჩინეთიდან ევროპაში პროდუქცია რუსეთის გავლით უნდა მოხვედრილიყო, თუმცა ამ ფაქტორებმა და უამრავმა სანქციებმა, ალტერნატიული მარშრუტის გაჩენის აუცილებლობა შექმნა. ეს ტვირთები გადანაწილდა და ასეთი დერეფანი მოხაზა – ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და შემდეგ ევროპა. ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, შესაძლებლობაა და ვხედავთ კიდეც, რომ ტვირთბრუნვა იზრდება და სხვადასხვა პროგნოზებით, დაახლოებით 6-ჯერადი მატებაა ნავადაუდევი”, - დასძინა ბაჩო ჯინჭარაძემ „რეზონანსთან”.

გამოკითხულ კომპანიათა შორის, რომელზეც ომმა უარყოფითი გავლენა მოახდინა, 34% მიიჩნევს, რომ ომამდე არსებულ მდგომარეობამდე მისაღწევად 1-2 წელი დასჭირდებათ, 27%-ის აზრით, აღდგენისთვის 1 წელზე ნაკლებია საჭირო, გამოკითხულთა 6% ფიქრობს, რომ ომამდელ მდგომარეობამდე მისაღწევად 3-5 წელი დასჭირდებათ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ კომპანიათა ნაწილისთვის (33%) მდგომარეობა ახლაც სტაბილურია. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ვაჭრობის სექტორში (48%), ხოლო ყველაზე დაბალია მრეწველობის სექტორში (მხოლოდ 11% მიიჩნევს, რომ მათი კომპანიის მდგომარეობა ახლაც სტაბილურია).

ეკონომისტ ვახტანგ ხომიზურაშვილის აზრით, ომის გავლენა საქართველოში არსებულ ბიზნეს სექტორზე დიდად იგრძნობა და კონფლიქტთან შეგუებას და გადაწყობას დრო და შესაბამისი კომპეტენცია სჭირდება.

„პირველ რიგში, ეს ეხება ღირებულების ზრდას, იქიდან გამომდინარე, რომ პროუდუქციაზე, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ფასები გაიზარდა. ენერგომატარებლებიც ძვირდება, რაც აქ წარმოებულ პროდუქციას აძვირებს, ამიტომ ომის გავლენა ცალსახათ უარყოფითია. არის ისეთი მომენტები, ინვესტიციების გადამისამართება შეიძლება ჩვენს მხარეს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ისეთი გარემო, რომ მივიღოთ კაპიტალი, იმ ინვესტორებისგან, რომლებაც გადაწყვიტეს, რომ დახურონ ბიზნესი რუსეთში, ან უკრაინაში და თავიანთი საინვესტიციო კაპიტალი გადაამისამართონ.

ჩემი მოსაზრებით, ომის გავლენა ბიზნეს სექტორზე სხვა მხრივ იგრძნობა, რადგან მარტო ფასების ზრდა ზოგიერთ პროდუქტზე არის 200%.

კერძო ბიზნესი ომს რომ მოერგოს, ამას დრო და კომპეტენცია სჭირდება. ბევრ კომპანიას მოუწევს ბიზნესმოდელების შეცვლა, რომელიც უემეტესს არ შეუძლია, რადგან საკმარისი გამოცდილება არ გააჩნია, რომ გადააწყონ თავინთი წარმოება ან ბიზნესი. ევროპის ქვეყნებში თუ ამას პირობითად 3-4 წელი დასჭირდება, ჩვენთან საჭირო იქნება მინიმუმ 7-8 წელი”, - განუცხადა ხომიზურაშვილმა „რეზონანსს”.

მნიშვნელოვანია დასაქმების მიმართულებით არსებული კვლევაც. 2022 წლის II კვარტალში გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა (85%) ფიქრობს, რომ მოკლევადიან პერიოდში რუსეთ-უკრაინის ომს ან/და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მათ კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობაზე გავლენა არ ექნება. გამოკითხულთა მხოლოდ 8% ვარაუდობს შემცირებას, ხოლო 1% ძალიან შემცირებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×