„ამ ეტაპზე კახური ზეთი 9-10 ლარი ღირს, შესაძლოა, აგვისტოდან ფასი ცოტათი შემცირდეს"
ქეთო გოგოხია
28.06.2022

საქართველოში ზეთის იმპორტი მცირდება, ხოლო ფასი ელვის სისწრაფით მატულობს. ტენდენცია, ძირითადად, უკრაინაში მიმდინარე ომით არის გამოწვეული. ამ ქვეყნიდან პროდუქტი საერთოდ არ შემოდის, ხოლო რუსეთიდან მთავარი დამაბრკოლებელი ფასია, ბოლო 3 თვეში ზეთი 35%-ით არის გაძვირებული. ამ დროს საქართველოში წელს მზესუმზირის მოსავალი კარგია, მაგრამ დარგი, ძირითადად, საოჯახო მეურნეობების იმედადაა. წმინდა ქართული, ქარხნული წარმოების ზეთი ბაზარზე რეალურად არ არის.

ამასობაში, იმპორტი ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად მცირდება. მაისში საქართველოში ზეთის იმპორტმა სულ 3.3მლნ დოლარი შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1.6 მლნ ლიტრია. ამ მაჩვენებლით იმპორტი  24%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021მაისი - 4.4მლნ დოლარი, სულ  2.7 მლნ ლიტრი).

ქართველი მეწარმეების ინფორმაციით, წელს ქვეყანაში კარგი მოსავალი იქნება და შეიძლება, ამან ფასი ოდნავ შეამციროს, თუმცა მოლოდინი მაინც გაურკვეველია, რადგან მოსავლიანობა მთლიანად ამინდზეა დამოკიდებული და გაამართლებს თუ არა, წინასწარ არავინ იცის.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გელა ხანიშვილის ინფორმაციით, მზესუმზირა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის არასდროს ყოფილა ძირითადი კულტურა. მისი განვითარება და მასშტაბები არასოდეს იყო შთამბეჭდავი და ვითარება არც მომავალში შეიცვლება.

„საქართველოში მზესუმზირა ხორბლისა და ქერის წარმოებაში იყო ჩანაცვლებადი კულტურა იმისთვის, რომ მიწას დაესვენა, ამიტომ მისი ოდენობა არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ზოგადად მარცვლეულის წარმოების განვითარებაზე, უფრო მეტი აქცენტი კეთდება ხორბალზე, როგორც სასურსათო უზრუნველყოფის პროდუქტზე, აგრეთვე _ ქერსა და სიმინდზე, როგორც მეცხოველეობა-მეფრინველეობის განვითარებისთვის აუცილებელ მარცვლეულზე.

დღეს ჩვენ რომ მზესუმზირის წამახალისებელი პროგრამა გვქონდეს, დავხარჯავდით ფულს, მაგრამ ის ადგილები ვერ ირწყვება და შესაბამისად, შედეგი არ იქნება. ვნერგავთ მიწის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიას, რაც მზესუმზირის მოსავლიანობას გაზრდის, თუმცა საქართველოში ვერასოდეს მოვიყვანთ იმდენ მზესუმზირას, რომ ზეთზე მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს “, -  განაცხადა ხანიშვილმა.

ბიზნესისთვის მთავარი პრობლემა ზეთის სიძვირეა, თუმცა სამეწარმეო საქმიანობაში მისი მოხმარების მასშტაბი არ შემცირებულა, პირიქით, წარმოების ზრდასთან ერთად, მატულობს. საქართველოში ზეთის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი კომპანია „ტკბილი ქვეყნის“ გაყიდვების მენეჯერმა კახა ყრუაშვილმა  „რეზონანსთან“ აღნიშნა, რომ მოწოდების მხრივ პრობლემა არ არის, თუმცა სიძვირის გამო კომპანიას ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზარდა.

„ტენდენცია მუდმივად ზრდისკენაა მიმართული. ეს გამოიწვია უკრაინის ომმა, რამაც გლობალური ბაზრების მოცემულობა შეცვალა. ზეთის შემთხვევაში, დაბრკოლება ფასია. ჩვენ  მაინც რუსეთზე ვართ დამოკიდებულნი. ბოლო 3 თვეში ზეთი გაძვირებულია 35%-ით, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ადგილობრივი ზეთი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ის, რაც იწარმოება, ძირითადად, საოჯახო მეურნეობებშია, რომლებიც არარაფინირებულ ზეთს ხდიან და ასეთი პროდუქტი საკონდიტრო წარმოებაში არ გამოიყენება.

არ ვიცი, სხვა კომპანიების შემთხვევაში როგორაა, მაგრამ ჩვენ მოხმარება არ შეგვიმცირებია, პირიქით, მოიმატა, ვინაიდან, მაღალი მოთხოვნის გამო, წარმოების მოცულობა გავზარდეთ და შესაბამისად,  ყველა დასახელების ნედლეულის მოხმარებამაც მოიმატა“, - განაცხადა ყრუაშვილმა „რეზონანსთან“.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, წელს კახეთში მზესუმზირის კარგ მოსავალს ელოდებიან, თუმცა გლეხები ბოლომდე იმედიანად ჯერ კიდევ არ არიან განწყობილი და აცხადებენ, რომ მრავალი დაბრკოლებაა, რომელთა გადალახვაც მოუწევთ.

სიღნაღელი მეწარმის, ზვიად ყურაშვილის თქმით, პრობლემაა ტექნიკის ხელმისაწვდომობა, მუშახელი და, რაც მთავარია, ამინდი, რომელიც გაამართლებს თუ არა, წინასწარ არავინ იცის.

 „ზეთის მოსავალს კარგი პირი უჩანს, შარშანდელთან შედარებით მეტია, მაგრამ შედეგზე წინასწარ საუბარი მიჭირს.  დიდია ამინდის გავლენა, ყოველდღე შიშით ვართ, რომ სეტყვა არ მოვიდეს. მზესუმზირას სჭირდება წყალი და ამინდზე ვართ დამოკიდებული. მცენარე, ძირითადად, იმ ტერიტორიებზე ითესება, სადაც ურწყავი მიწებია. ტექნიკა არის, მაგრამ ტრაქტორის მომსახურება ძვირი ჯდება, რაც წარმოების ხარჯს ზრდის. დეფიციტია მუშახელიც. 50 ლარს ვიხდით და ამ ფასადაც ვერ ვშოულობთ დამხმარეს.

გარდა ამისა, მთელი ივრის ტერიტორია უცხოელებს მიჰყიდეს. მზესუმზირა ნუშითა და ზეთისხილით ჩაანაცვლეს, ხალხი მათ უწევს მომსახურებას და ჩვენ მუშას ვერ ვპოულობთ.  მოსავლის მოყვანაა პრობლემა, ორმაგად  გვეზრდება ხარჯი და ფასზე ესეც მოქმედებს. ამასთან, ყველაფერი ძვირდება, განსაკუთრებით _ საწვავი. ამ ეტაპზე კახური საოჯახო ზეთი 9-10 ლარი ღირს. შესაძლოა, აგვისტოდან ფასი შემცირდეს, როცა ახალ მოსავალს მივიღებთ, მაგრამ როგორ გაგრძელდება ტენდენცია, ვერ გეტყვით“, - განაცხადა ქართული ზეთის მწარმოებელმა „რეზონანსთან“.

რაც შეეხება მოსავლიანობას,  შარშან  3 ათას ჰექტარზე მოწეულმა მზესუმზირამ 2,1 ათასი ტონა შეადგინა; 2020 წელს ნათესი ფართობის მოცულობა 2,5 ათასი ჰექტარი იყო, ხოლო მოსავალი - 1,9 ათასი ტონა; 2019  წელს ეს მაჩვენებელი 2,6 ათას ტონას შეადგენდა 2,6 ათას ჰექტარზე.

ამდენად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მზესუმზირის ნათესი ფართობები საქართველოში საკმაოდ მცირეა და არ იზრდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×