„ვემხრობი, რომ ქვეყნიდან არ გავიტანოთ ისეთი პროდუქტები, რომლებზე მოთხოვნას ჩვენ თვითონაც ვერ ვიკმაყოფილებთ"
გვანცა წულაია
28.06.2022

საქართველოს მთავრობამ მოსალოდნელ გლობალურ სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო. ქვეყნიდან აიკრძალება როგორც ხორბლის, ისე ქერის გატანა და ადგილზე წარმოებული მარცვლეული საქართველოში დარჩება. საინტერესოა, სხვა პროდუქციის მიმართ თუ ფიქრობს მთავრობა მსგავსი გეგმის შემუშავებას და კიდევ რა არის საჭირო სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის?

საქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე კრძალავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლისა და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს.

რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ახლაც ხორციელდება, ამიტომ მეცხოველეობისა და მეფრინველეობის დარგისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ქერი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს მოხმარდეს. მიმდინარე წელს ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 ათასი ტონის ფარგლებშია და დღეის მდგომარეობით, 2,5 ათას ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე, საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტი აკრძალოს. ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლისა და ქერის მწარმოებლებთან არაერთი შეხვედრა გამართა და მათი პოზიციები მოისმინა. მწარმოებლების განცხადებით, ადგილობრივი ბაზარი, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ქვეყანაში წარმოებულ მოსავალს სრულად აითვისებს“, - განაცხადა მინისტრმა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ პროდუქციის დარეზერვება უკვე დაიწყო. გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხე რეალურია, ამიტომ სხვა ქვეყნებს არც საქართველო ჩამორჩა.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ანზორ მესხიშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, თუმცა იქვე ამბობს, რომ მსგავსი ნაბიჯი სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით არ უნდა მიიღონ. 

„ძალიან სწორი და კარგი გადაწყვეტილებაა სამინისტროს მხრიდან. ხორბალი ჩვენთვის არ გვაქვს საკმარისი და მისი გატანის აკრძალვა საჭირო და დროულია.

საერთოდ, მე ვემხრობი, რომ ქვეყნიდან არ გავიტანოთ ისეთი პროდუქტები, რომლებზე მოთხოვნას ჩვენ თვითონაც ვერ ვიკმაყოფილებთ, მაგრამ ეს უკვე ეკონომიკური საკითხია, ბიზნესია და ასე ხელაღებით ვერ აიკრძალება, თუმცა მარცვლეულზე დღეს მსფლიოში სხვა ვითარებაა და, როგორც გითხარით, კარგი გადაწყვეტილებაა”, - განუცხადა ანზორ მესხიშვილმა „რეზონანსს”.

მსგავსი მოსაზრება აქვს სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტს, ბადრი რამიშვილსაც. მისი აზრით, სხვა პროდუქციასთან დაკავშირებით არაფრით არ შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება.

„ჭკვიანური ნაბიჯია. საერთოდ, ამ ვითარებაში, ბევრმა ქვეყანამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რადგან კრიზისია ყველგან და ფორსმაჟორი. ყველაფრის საფუძველი მარცვლელულია, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მარცვლეულთან დაკავშირებით გასაგებია, სხვა პროდუქციასთან დაკავშირებით კი არაფრით არ შეიძლება იმავე ნაბიჯის გადადგმა”, - განაცხადა ბადრი რამიშვილმა.

ჯერ კიდევ 2021 წლის სექტემბრის შემდეგ, მეხორბლეები, მარცვლეულის იმპორტის შემცირებისა და ადგილობრივი წისქვილკომბინატების გაჩერების გამო, ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევას სახელმწიფო უწყებებთან აქტიურად განიხილავდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებას ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში მიესალმებიან, თუმცა ხელისუფლებისგან პრობლემების გადასაჭრელად მეორე ნაბიჯის გადადგმას ელიან, რომელიც ადგილობრივი წარმოებების ამოქმედებასა და ხორბლის იმპორტის აღდგენას გულისხმობს.

ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ადგილობრივი ხორბლის მოსავალი ქვეყნის თვითუზრუნველყოფისთვის საკმარისი არ არის.

„ჩვენ მივესალმებით ხორბლისა და ქერის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას. მსოფლიოში ყველა სახელმწიფო, სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მსგავს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ამ შემთხვევაში ადგილობრივი ხორბლის რაოდენობა მხოლოდ 2-3 თვის საკმარისია. ველოდებით მეორე ნაბიჯის გადადგმას, რათა სასურსათო უსაფრთხოებისთვის ადგილობრივ მოხმარებას შემოტანილი ხორბლის რაოდენობა დაემატოს და გარდამავალი მარაგები შეიქმნას.

ეს პირველი ნაბიჯია, რაც ძალიან კარგია, თუმცა - არასაკმარისი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსავალი არ არის იმ მოცულობის, რომ მთლიანად უზრუნველყოს სასურსათო უსაფრთხოება, რომელიც მარაგების დაგროვებასა და წარმოების შეუფერხებელ მომარაგებას მოიცავს.

ახლა ხორბლის იმპორტიორთა და მწარმოებელთა ასოციაცია მეორე ნაბიჯს ელოდება, რათა ამუშავდეს წისქვილები. ეს ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოებას იმ ზღვარზე გაიყვანს, რომელიც გაერო-ს მიერ იქნება რეკომენდებული“, - განაცხადა სილაგავამ „ბიზნეს მედიასთან”.

საქართველოში ბოლო წლებში, საშუალოდ, ასი ათასი ტონა ხორბალი იწარმოება, კერძოდ, 2020 წელს ადგილობრივმა წარმოებამ 102 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო მთლიანმა მოხმარებამ - 735 ათასი ტონა. 2017 წლიდან 2020 წლამდე ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 15%-ს შეადგენდა, რაც წინა წლების მაჩვენებლებზე შედარებით მაღალია, თუმცა თვითუზრუნველყოფის ზრდის დიდი ნაწილი ხორბლის გამოყენების შემცირებისგან მოდის.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 5 თვეში საქართველოდან ხორბლისა და მესლინის ექსპორტი არ განხორციელებულა, ბოლო 5 წლის განმავლობაში კი, ყველაზე დიდი რაოდენობით ხორბალი 2018 წელს გავიდა.

წლების მიხედვით აღნიშნული საქონლის ექსპორტის მაჩვენებლები ასეთია: 2021 წელი - 393 ათასი დოლარი და 1 557 ტონა; 2020 წელი - 12.7 ათასი დოლარი და 23 ტონა; 2019 წელი - 877 ათასი დოლარი და 3 286 ტონა; 2018 წელი - 2.1 მლნ დოლარი და 10 058 ტონა; 2017 წელი - 1.3 მლნ დოლარი და 5 991 ტონა.

აღსანიშნია, რომ 2017-2019 წლებში საქართველოდან ხორბალი რეექსპორტითაც გადიოდა და ყველაზე დიდი მოცულობა - 3,5 მლნ დოლარის, 15 068 ტონა, 2017 წელს გავიდა ქვეყნიდან.

თითქმის ყოველ წელს ადგილობრივი ხორბლისა და მესლინის მთავარი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×