ასეთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არათუ ევროპაში, არამედ მსოფლიოშიც ერთ-ერთი ლიდერი იქნება
ქეთო გოგოხია
27.06.2022

ეკონომიკურ ზრდის ტენდენციას საქართველო გრძელვადიან პერიოდშიც შეინარჩუნებს. ფაქტობრივად, ყველა პირობაა, რომ ქვეყანა მიღწეული შედეგით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე აღმოჩნდეს. მეტიც, არ არის გამორიცხული, საქართველომ მსოფლიოშიც ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავოს. ომის შიშით შემცირებული პროგნოზები შეცვალა, ვითარება რადიკალურად გაუმჯობესებულია. ტურიზმში გამოცოცხლება, ექსპორტის მიმართულებით მიღწევები და ტვირთნაკადების  ზრდა სამი მთავარი ფაქტორია, რამაც ეკონომიკაში სერიოზული გარდატეხა მოახდინა. წელს მშპ-ს ორნიშნა მაჩვენებელი უკვე ძალიან რეალურია.

თუკი წლის  პირველ კვარტალში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე საუბარიც  არ იყო და მსოფლიო ფინანსური ორგანიზაციები პროგნოზს ამცირებდნენ, ამ ეტაპისთვის 10%-იანი წლიური ეკონომიკური მაჩვენებელი სავსებით რეალურად მოსჩანს. 

5 თვის შედეგით ქვეყანამ საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ორნიშნა მაჩვენებელი მოსალოდნელია მაისშიც. ეს კი უპრეცედენტო მაჩვენებელია მთელი ევროპის მასშტაბით.

„ეს მართლაც უპრეცედენტოა ევროპაში, იმ ფონზე როცა ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ევროპა რეცესიას განიცდის და ზოგადად, პრობლემა არის ყველგან. უკრაინაში ომის ფონზე გამოწვევები ყველა ქვეყანას აქვს. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით წელს პირველ კვარტალში რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს, იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, ლარი არის გამყარებული. ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა. რა თქმა უნდა, ამას შევინარჩუნებთ, ახლა კიდევ უფრო მაღალი ტემპით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.

არც ერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს. პირიქით, გავაგრძელებთ წინსვლას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას. მშვიდობა, სტაბილურობა იქნება ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ამ დაკვეთას ყველა ერთად შევასრულებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი  გაიზარდა „თიბისი კაპიტალის“  კვლევის მიხედვითაც.  როგორც ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტის განახლებაშია აღნიშნული,2022 წლის ეკონომიკის შემდეგი პროგნოზი არსებული 8%-დან დაახლოებით 10%-ით განისაზღვრება; წინა თვეებისაგან განსხვავებით, მაისში ექსპორტის ძლიერი ზრდა უკვე რეალური მატებითაც და არა მხოლოდ გაზრდილი ფასებით არის გამოწვეული;

სპეციალისტებმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“  იმ გარემოებებზე გაამახვილეს ყურადღება, რამაც, მათი აზრით, საქართველოს მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი განსაზღვრა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი კაპანაძის აზრით, დიდი ალბათობით წლის პირველი ნახევარიც ორნიშნა შედეგით დასრულდება და პოზიტიურ ტენდენციას საქართველო 2022 წლის ბოლოსაც დააფიქსირებს.

,,საქართველო ჯერ კიდევ ახერხებს ორნიშნა ზრდის შენარჩუნებას,  გამომდინარე იქიდან, რომ გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე მძიმე პროცესებიდან საქართველომ გარკვეული რისკების აცილება მოახერხა. ფაქტობრივად, მან შეძლო, აერიდებინა  უმძიმესი სცენარი, რასაც ეკონომიკაზე  ნეგატიური გავლენის მოხდენა შეეძლო. 

უკვე ცნობილია, რომ ორნიშნა მაჩვენებელი გვექნება პირველ 5 თვეში, ამაში ექსპორტის წვლილი საკმაოდ დიდია. ქართულმა კომპანიებმა შეძლეს ბაზრების დივერსიფიკაცია ექსპორტის კუთხით, რამაც ეკონომიკა საგრძნობლად გამოაცოცხლა“, - განაცხადა კაპანაძემ და დასძინა, რომ ტურიზმშიც ასევე დიდი აქტიურობაა, რაც ასევე დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე.

,,ტურისტული ინდუსტრიის გამოცოცხლება სახეზეა, რაც იყო პანდემიამდე, დაახლოებით იმ მაჩვენებლებს უბრუნდება სექტორი, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.  ასევე გაზრდილია ტვირთბრუნვა, ქვეყანას გაუჩნდა შესაძლებლობა ყოფილიყო გამტარი როგორც სახმელეთო, ასევე  საზღვაო და სარკინიგზო ტვირთების მიმართულებით, შესაბამისად, ამან თავისი დადებითი გავლენა მოახდინა.

 სავარაუდოდ, ტენდენცია შენარჩუნდება.  გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ეკონომიკური პარამეტრი წესრიგშია,  ფულადი გზავნილების რაოდენობაც კვლავ მზარდია, რაც მთლიანობაში იძლევა შესაძლებლობას, რომ წლის ბოლოს მშპ-ს დაგეგმილ მაჩვენებელს არათუ მივაღწევთ, გადავაჭარბებთ კიდეც“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ეკონომიკაში მიღწეული შედეგები შეაჯამა ეკონომისტმა გივი მომცელიძემ და მშპ-ს ზრდის განმაპირობებელ მიზეზზეც ისაუბრა. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ არის რამდენიმე ფაქტორი, რამაც შეიძლება ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედოს და ამის გამო დადებითი ტენდენცია შიცვალოს.

,,საქართველოს ეკონომიკური ზრდა  ევროპის მასშტაბით თვალსაჩინოა.

10,2%-იანი შედეგი აქვს ირლანდიას და ჩვენც ამ დონეზე ვართ. ცხადია, პროგნოზი დადებითია, მაგრამ ორნიშნა მაჩვენებელი შეიძლება რთულად შესანარჩუნებელი აღმოჩნდეს. მოხდა ისე, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ჩვენზე დადებითად აისახა, მაგრამ არ ვიცით როგორ შეიცვლება სიტუიაცია ომთან დაკავშირებით მომავალში. ასევე პოლიტიკური ვითარება საქართველოში დაძაბულია, რაც ინვესტიციებზე ყოველთვის ცუდად მოქმედებს.

წლის პირველი ნახევარი მთავრდება და მალე გამოჩნდება, რა შედეგით დასრულდება. თუკი 12-13%-იანი ზრდა დაფიქსირდება, ჩვენ მაღალ მაჩვენებელს წლის ბოლომდე შევინარჩუნებთ, მაგრამ ამის მიღწევა მეეჭვება. არის გამოწვევებიც, მათ შორის ინფლაცია, რამაც შეიძლება ეკონომიკის ტემპი დაჩრდილოს. ასევე პანდემიასთან დაკავშირებული უარყოფითი მოლოდინი, არის საუბარი, რომ შეიძლება კორონავირუსი დაბრუნდეს.  შიდა პოლიტიკური ვითარებაც დიდი დაბრკოლებაა, მუდმივი დესტაბილიზაციის მოლოდინი ინვესტორებისთვის ეკონომიკის ზრდაზე ცუდად მოქმედებს.“, - განუცხადა მომცელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

,,თიბისი კაპიტალის“ კვლევაში აღინიშნა ისიც, რომ  მწარმოებელთან ფასების ინდექსით გაანგარიშებული ფასების ზრდა კვლავ მაღალ დონეზეა, თუმცა შემცირების ტენდენცია მაისში მაინც გამოიკვეთა:

,,ცნობილია, რომ ხშირად მწარმოებელთან ფასების დინამიკა სამომხმარებლო ფასების წინმსწრებ ინდიკატორად ითვლება. ამ მხრივ, აღსანიშნავია ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქციის გაიაფება“ - აღნიშნულია ორგანზიაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×