ზოგიერთი პროდუქტი შესაძლოა, საერთოდ გაქრეს ან უსაშველოდ გაძვირდეს
გვანცა წულაია
27.06.2022

მსოფლიო სულ მალე შესაძლოა, ახალი და დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. მოსალოდნელი გლობალური სასურსათო კრიზისის შესახებ უკვე არაერთი განაცხადი გაკეთდა. პრობლემებს ვერც საქართველო გადაურჩება. არის პროდუქტები, რომელიც უკვე ძალიან ძვირია და სულ მალე შესაძლოა, დეფიციტურიც კი გახდეს. ახლა ზაფხულის, მოსავლიანობის პერიოდია და საფრთხე ჯერ მიჩქმალულია, მაგრამ რა გველის შემოდგომიდან, როდესაც ახალი მოსავლის მოლოდინი აღარ იქნება და პროდუქციის დარეზერვება დაიწყება?

ვითარება ყველა მიმართულებით არასახარბიელოა. მსოფლიო ქვეყნები მორიგი დიდი გამოწვევის წინაშე არიან. ზოგიერთ რეგიონში შემოდგომიდან სასურსათო კრიზისს ელიან. ამის შესახებ არაერთი ინფორმაცა გავრცელდა და პრობლემა, რომელიც უკვე აშკარაა, მთელს მფოფლიოს მოიცავს.

გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიოს მოსალოდნელი „კატასტროფის“ შესახებ უკვე აფრთხილებს. როგორც ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, უკრაინაში მიმდინარე ომი დაერთო კლიმატის ცვლილების, კორონავირუსის პანდემიისა და უთანასწორობის შედეგად გამოწვეულ შეფერხებებს და წარმოიქმნება „უპრეცედენტო გლობალური შიმშილის კრიზისი“, რომელიც უკვე ასობით მილიონ ადამიანს შეეხო.

„არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ 2022 წელს მრავალჯერ იყოს შიმშილობა”, - თქვა მან და დასძინა, რომ „2023 წელი შეიძლება კიდევ უფრო უარესი იყოს“.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა კი განაცხადა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ამწვავებს გლობალური კვების კრიზისს და ცდილობს გაავრცელოს მოსაზრება, რომ ამის პასუხისმგებელი ევროკავშირის სანქციებია.

„პორტებს, სურსათის მარაგს და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ზიანს რუსეთი აყენებს და არა ჩვენ. ეს რუსეთის მხრიდან მსოფლიოში საკვების კრიზისი შესაქმნელად გადადგმული მიზანმიმართული ქმედებაა. მოსკოვის ადმინისტრაცია ავრცელებს პროპაგანდას, რომ ამის პასუხისმგებელი ევროკავშირის სანქციებია“, -განაცხადა ჯოზეფ ბორელიმ.

მოსალოდნელ პრობლემაზე საუბრობენ ცალკეული ქვეყნებიც. მაგალითად, დიდ ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელძღვანელმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს.

მოახლოებული სასურსათო კრიზისის შესახებ საუბრობს საფრანგეთის პრეზიდნეტი ემანუელ მაკრონიც. ის დასავლეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოსალოდნელი კრიზისის წინააღმდეგ მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

მსოფლიოში სურსათის კრიზისი, რომელიც პანდემიის შემდეგ დაიწყო, უკრაინაში დაწყებულმა ომმა გაამძაფრა. ექსპერტები უკვე შიმშილობის საფრთხეზეც საუბრობენ, რაც უპირველესად ღარიბ მოსახლეობას დაარტყამს. ვარაუდობენ, რომ საქართველოში სურსათი გაძვირდება, მაგრამ შიმშილობის საფრთხე დაბალია, თუმცა იმპორტდამოკიდებული ქვეყანა მაინც ძალიან რთული ამოცანის წინაშე დადგება. 

დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია აცხადებს, რომ მსოფლიოში სასურსათი კრიზისის საფრთხის შექმნა მართლაც რეალურია და საკვები პროდუქტის ფასი კრიტიკულ ზღვრამდე მივა.

„გლობალური კრიზისის საფრთხე რეალურია. თუნდაც ის ტენდენცია, რომ ყველგან საკმაოდ დიდი ინფლაცია. ბოლო 40 წლის განმავლობაში ასეთი არ ახსოვს, არც ევროპას და არც ამერიკას. ნამდვილად ძალიან რთული ვითარებაა. აუცილებლად ხაზი მინდა გავუსვა, რომ პანდემია დასრულებული არ იყო და ფაქტობრივად, ჩავერთეთ მესამე მსოფლიო ომში. ეს თავისთავად საკმაოდ დიდ ზეგავლენას მოახდენს, რადგან, როგორც რუსეთი, აგრეთვე უკრაინა საკმაოდ დიდი მწარმოებლები და ექსპორტიორები იყვნენ, როგორც ხორბლის, ისე მზესუმზირისა და სხვა ნედლეულის.

ურთულესი ვითარებაა, თუნდაც ენერგომატარებლების მიმართულებით. ევროპის საკმაოდ დიდი ნაწილი დამოკიდებული იყო რუსულ გაზზე და ალტერნატივაზე როდესაც მიდგება საქმე, მივდივართ იქამდე, რომ სხვაგან არის უფრო ძვირი.

ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი, თითქმის 50%-იანი, მოდის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, ხილზე და ბოსტნეულზე, რადგან დიზელი საკმაოდ გაძვირებულია, რომელიც სჭირდება ტრაქტორს, კომბაინს რომ მიწის სამუშაოები ჩაატაროს, აგრეთვე დაახლოებით 3-4-ჯერ, არის ფასი გაზრდილი სასუქზე, რომელიც საჭიროა პროდუქტის მოსაყვანად. ამ ყველაფერს ერთად აღებულს, მივყავართ იქამდე, რომ შესაძლოა, დეფიციტი არ გაჩნდეს, მაგრამ ფასები ძალიან კრიტიკულ ზღვარზე იქნება, რაც ძალიან ცუდია“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონასს“ ივა ჭყონიამ და დასძინა, რომ საქართველოს გამონაკლისი ვერ იქნება და პრობლმები ქვეყანაშიც იჩენს თავს.

„საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. სოფლის მეურნეობა რომ ავიღოთ, გვაქვს ქართული ღვინო და მისთვის რაც საჭიროა, თავსახური, ბოთლი თუ ეტიკეტი ყველაფერი იმპორტირებულია. იგივე ყურძნის შესაწამლი საშუალებები და სხვადასხვა რამ, ძალიან ბევრი რამ არის იმპორტირებულ ნედლეულზე დამოკიდებული.

შეიძლება ადამიანმა უარი თქვას, სადმე წასვლაზე, დასვენებაზე, რაიმე ნივთზე, ტანსაცმელზე და ფუფუნების საგნებზე, მაგრამ პირველადი მოხმარების პროდუქციაზე პირდაპირ ვართ მიბმულნი და უარს ვერ ვამბობთ. ძალიან რთული სიტუაციაა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება, ზოგადად გლობალურ კრიზისს ველოდებით, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდი არ არის, ამაზე მთელი მსოფლიო საუბრობს“, - დასძინა ივა ჭყონიამ „ბიზნეს-რეზონანსთან“.

მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს ნელ-ნელა უახლოვდება. შემოდგომიდან ვითარება საკმაოდ გამწვავდება, რისი მოგვარება და მასშტაბური კრიზისი თავიდან აცილება მხოლოდ და მხოლოდ ომის დასრულებით არის შესაძლებელი. აკადემიკოს პაატა კოღუაშვილი აზრით, პრობლემის კვალდაკვალ გაიზრდება მოშიმშილეთა რაოდენობა, ფასები კი 35%-ით მოიმატებს (25%-ით უკვე ისედაც გაზრდილია).

„გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხე რეალურია. ამის თაობაზე განცხადებები გააკეთა ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელსაც გააჩნია ინფორმაცია მსოფლიოში სასურსათო მდგომარეობის შესახებ. ამ ყველაფერს დაემატა სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების განცხადებებიც, მაგალითად, პრეზიდენტ ბაიდენის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის განცხადებები. აღარაფერს ვამბობს, „ფაოზე", რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე საუბრობდა მოსალოდნელ სასურსათო კრიზისის შესახებ 2022-25 წლებში. ამის შესახებ მოსაზრებები გამოითქვა, სხვადასხვა ექსპერტების მხრიდანაც.

ყველაფერი წინა წლებში დაკავშირებული იყო კოვიდთან, რომელმაც შექმნა ლოგისტიკური პრობლემები და პრაქტიკულად პროდუქციის გადაზიდვის წესრიგი მოიშალა. ამან თავად მწარმოებელ ქვეყნებშიც სერიოზული კრიზისი გამოიწვია.

უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის ომმა კი, ეს საკითხი კიდევ უფრო გაართულა, რადგან უკრაინა ხორბლის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი იყო. უამრავი ქვეყანა მისგან ყიდულობდა არა მარტო ხორბალს, არამედ ზეთს, შაქარს და ა.შ. რამდენიმე ათეული ტონა ხორბალია პორტებში რუსების მიერ დაპატიმრებული. ეს ყველაფერი იწვევს პანიკას და დაძაბულობას მსოფლიოში, შესაბამისად, გვიანდება პროდუქციის შეტანა და იქმნება დეფიციტი, რაც იწვევს ფასის ზრდას.

უკვე ვხედავთ, რომ სამომხმარებლო ფასები გაიზარდა თითქმის 25%-ით და თუ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, მატება უფრო "შთამბეჭდავი" იქნება და 35%-ს გადააჭარბებს. მოშიმშილეთა რაოდენობაც აუცილებლად გაიზრდება. საფრთხის შესახებ აფრთხილებენ ქვეყნებს, განსაკუთრებით, რომლებსაც აქვთ მიწის რესურსი და მოუწოდებენ აწარმოონ საკვები პროდუქტები“, - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან“ პაატა კოღუაშვილმა და დასძინა, რომ სურსათზე გაძვირება გაგრძელდება საქართველოშიც.

„განცხადებებს აკეთებდა „ფაო“, მსოფლიო ბანკი, ევროკომისია, რომ საქართველოს შეეცვალა თავისი პოლიტიკა მარცვლოვან კულტურებთან მიმართებით და განსაკუთრებით ხორბლის მოყვანის მხრივ.. დღეს, როცა პერმანენტულად იზრდება პურის ფასი, ბევრი არაფერი კეთდება. ჩვენ ხელგაწვდილ მდგომარეობაში დავრჩებით და არ შეიძლება ამის გაკეთება, არადა გვაქვს ყველა პირობა იმისათვის, რომ ვაწარმოოთ საჭირო ხორბლის 60% მაინც.

დღეს ქვეყანაში გვაქვს მაღალი ინფლაცია და უფრო მაღალი აგფლაციაა, რაც სურსათზე ფასების ზრდას ნიშნავს და ეს პროცესი გაგრძელდება. ამას ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ სოფლის ინდუსტრიალიზაციის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით და დაკვეთებით მოგვარდება“, - დასძინა პაატა კოღუაშვილმა „რეზონანსთან“.

საქართველოს მთავრობაში ამტკიცებენ, რომ გამოწვევის საპასუხოდ მუშაობა დაწყებულია. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ „საქართველოს მარაგების პრობლემა არ შეიქმნება და ამისთვის მთავრობა და ბიზნესი ერთობლივად მუშაობენ“. ფასები კი იქნება მსოფლიოში არსებულის შესაბამისი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×