სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ივნის-ივლისში მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ნავთობი 11,2%-ით გაიაფდა, საქართველოში კი ბენზინის ფასმა 8%-ით მოიმატა
    მაკა ხარაზიშვილი
    18.09.2009

    კონსერვატიული პარტია ხელისუფლებისგან საწვავის ფასწარმოქმნის პროცესის გამჭვირვალეობაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას მოითხოვს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ბიძინა გუჯაბიძის განცხადებით, საქართველოში საწვავის შემომტან ნავთობკომპანიებს სახელისუფლებო კლანები აკონტროლებენ.
    "ნავთობბიზნესის კუთხით ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა. მენავთობეები მოსახლეობის ხარჯზე მილიონობით ლარს ითვისებენ. ამ სფეროში სახელისუფლებო მაფია მოქმედებს. ყველასთვის ცნობილია, რომ სხვადასხვა გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო პერიოდში ინტენსიურად მერყეობს, საქართველოს ბაზარზე კი ამ ცვლილებების მხოლოდ ნეგატიური მხარე აისახება. როდესაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება, ქართული კომპანიებიც ფასს დაუყოვნებლივ ზრდიან, თუმცა ფასების კლების შემთხვევაში სახელისუფლებო მონოპოლისტები ფასების კლების ნაცვლად, მოსახლეობის ხარჯზე არაადეკვატურად მაღალ ფასებს ინარჩუნებენ, რის მეშვეობითაც მილიონობით ლარს იჯიბავენ", - განაცხადა გუჯაბიძემ და დასძინა, რომ კონსერვატიული პარტია ხელისუფლებისგან საწვავის ფასებზე მკაცრი კონტროლის დაწესებას მოითხოვს.
    პარტიის ეკონომიკური ექსპერტის კახა ხაინდრავას განცხადებით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ნავთობის ფასი 11,2%-ით დაეცა, საქართველოში კი ბენზინის ფასმა 8%-ით მოიმატა. მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში კი მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ნავთობის ფასი 0,8%-ით გაიზარდა, ქართულ ბაზარზე კი ბენზინის ფასმა 7%-ით მოიმატა.
    უფრო მეტიც, წლის დასაწყისში 1 ტონა ბენზინის ფასი 350 დოლარი იყო, ანუ შარშანდელი წლის ანალოგიური პერიოდის თითქმის მეოთხედი, შესაბამისად, საქართველოში მოქმედ ნავთობკომპანიებს ეს სხვაობა საკუთარ პროდუქციაზე არ აუსახავთ. როდესაც ნავთობის ფასი 700 დოლარამდე გაიზარდა, კომპანიებმა საწვავი 60-65 თეთრით გააძვირეს. სპეციალისტების გათვლებით, ეს ღირებულება საერთაშორისო ფასის არაადეკვატურია.
    ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ საწვავის გაძვირებაზე ნოემბერში ლარის მოულოდნელმა გაუფასურებამაც იმოქმედა. გარდა ამისა, საბითუმო ღირებულებას ემატება ტრანსპორტირების ფასი - 30 ლარი, აქციზის ღირებულება 250 ლარი და 18%-იანი დღგ. საბოლოო ჯამში, კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მხოლოდ 10-15-თეთრიან მოგებაზე მუშაობენ. თუმცა ისიც, აღსანიშნავია, რომ 15-თეთრიანი მარჟა, საერთაშორისო სტანდარტებით საკმაოდ მაღალია.
    ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, დღეისათვის მსოფლიოში ნავთობის ფასი 67-69 დოლარის ფარგლებში მერყეობს. მისი ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ნავთობის ფასი თითქმის 75 პროცენტით არის გაზრდილი.
    გამოდის, რომ ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ მათ საწვავს გაცილებით იაფად, ყიდიან ვიდრე რეალურად უნდა ღირდეს. გარდა ამისა, ნავთობი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს და, შესაბამისად, საწვავის გაიაფება შეუძლებელია.
    ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ნავთობის ფასი 70-75 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.
    "ნავთობის ფასი საკმაოდ არასტაბილურაა, რადგან რამდენიმე დღის წინ ის შეადგენდა 75 დოლარს, რომელიც წლის დასაწყისიდან ყველაზე მაღალი ფასი იყო. დღეისათვის ნავთობის ფასის კლება მიმდინარეობს პარალელურად საფონდო ბირჟებზე ინდექსების კლებისა. ასევე მნიშვნელოვანია ის ინფორმაციები, რომლებიც დაკავშირებულია აშშ-ში არსებულ ნავთობის სტრატეგიულ მარაგებთან, რომლებიც 1983 წლის შემდგემ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს შეადგენს.
    აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დამთავრდა ზაფხულის საავტომობილო პერიოდი, შესაბამისად, ბენზინისა და დიზელის საწვავზე მოთხოვნილება იკლებს. კვლავინდებურად სახეზეა მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ არა ისეთი მწვავე ფორმით, როგორც ადრე. ასევე სახეზეა მისი დაძლევის ნიშნებიც.
    ბევრი ექსპერტი აცხადებს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ტემპები არ შეესაბამება ნავთობზე ფასის მატების ტემპებს. ისიც აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მსოფლიოში ნავთობის მოთხოვნილება-მიწოდებას შორის მაინც არსებობს დისბალანსი, რასაც განაპირობებს თუნდაც ის, რომ ნავთობის მარაგები აშშ-სა და იაპონიაში საკმარისზე მეტია და რამდენიმე ათეული წლების მაქსიმუმს აღწევს", - ამბობს მთვრალაშვილი.
    ოპეკის წევრმა ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების კვოტები უცვლელად დატოვეს, რადგან ამ ორგანიზაციისათვის ნავთობის მისაღებ ფასად 65-75 დოლარი ითვლება.
    "სწორედაც ოპეკის დამსახურებაა ის, რომ ნავთობის ფასები 40 დოლარიდან 70 დოლარამდე გაიზარდა ბარელზე. ეს ყველაფერი მათ განახორციელეს შეთანხმებული პოლიტიკის გატარებით, უპირველეს ყოვლისა კი, ნავთობის ყოველდღიური მოპოვების კვოტების შემცირებით", - ამბობს მთვრალაშვილი.
    რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, მთვრალაშვილი და, შესაბამისად, მენავთობეები, მხოლოდ იმას გვპირდებიან, რომ საწვავი აღარ გაძვირდება. ასე რომ, ავტომფლობელებს, საერთაშორისო ბირჟებზე არსებული ოპტიმიზმის არ უნდა უხაროდეთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter