მსოფლიოში ხორბლის მარაგი ილევა, საქართველოში შედარებით სტაბილურობაა
გვანცა წულაია
26.05.2022

საქართველოში ხორბალი ისევ მიზერული რაოდენობით შემოდის, ფქვილის იმპორტი კი კვლავ საგრძნობლად გაზრდილია. ასეთი ვითარება მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთმა ხორბალზე მცურავი ბაჟი დააწესა, რასაც დაემატა აგრესორი ქვეყნის უკრაინაში შეჭრა და სურსათის მიწოდების ჯაჭვების შეფერხება. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მსოფლიოში მარცვლეულით მომარაგების კუთხით დიდი პრობლემებია, რასაც უკვე არავინ მალავს. რა ვითარებაა სტრატეგიული პროდუქტის მომარაგების მხრივ საქართველოში?

რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცურავი ბაჟი გასული წლის სექტემბრიდან აამოქმედა და მას შემდეგ იმპორტიორებს მარცვლეულის შემოტანა გაუძვირდათ. ამის შედეგად ხორბლის იმპორტი შემცირდა და დღეისთვის მისი მარაგი თითქმის არ არის. საპირისპირო მდგომარეობაა ფქვილის იმპორტის ნაწილში. რუსეთიდან ფქვილის იმპორტზე ნულოვანი ბაჟი მოქმედებს, რამაც ადგილობრივ წარმოებებს ფქვილის იმპორტზე გადასვლა აიძულა და დღეს ფქვილის იმპორტი 11-ჯერ არის გაზრდილი.

ამ ყველაფრის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში იმპორტირებულია 8 181 ტონა ხორბალი და მესლინი (2.9 მილიონი აშშ დოლარი), რაც 2021 წლის აპრილის მაჩვენებელზე, 31 140 ტონაზე (7 364 მილიონი აშშ დოლარი), 73%-ით ნაკლებია.

ხორბლისგან განსხვავებით, იზრდება ფქვილის იმპორტი. მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში სულ 16 269 ტონა ფქვილია შემოსული, რაც წინა წლის აპრილის მაჩვენებელზე, 1 452 ტონაზე, 1020%-ით მეტია. იმპორტირებულ პროდუქციაში 6 მილიონ დოლარზე მეტი გადავიხადეთ.

ამრიგად, დღეს საქართველოსთვის ფქვილის შეძენა უფრო მარტივი და იაფია, თუმცა არსებობს მეორე მხარე - ადგილობრივი წარმოება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანაში ხორბლის მარაგების შემცირებამ ადგილობრივი წარმოების გაჩერება გამოიწვია, რაც ათასობით გათავისუფლებულ ადამიანსა და ადგილობრივი ფქვილისა და მეცხოველეობისთვის საჭირო საკვების წარმოების არარსებობას გულისხმობს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას განცხადებით, გაჩერების პირას მყოფი ხორბლის ადგილობრივი გადამამუშავებლების მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, კომუნიკაცია დარგის წარმომადგენლებთან გრძელდება.

„მეხორბლეებთან საუბრისა და მოლაპარაკების პროცესი არ გაგვიწყვიტავს. ვცვლით მოსაზრებებს და ისეთ პოზიციაზე უნდა შევჯერდეთ, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არ უნდა გაძვირდეს პური. მნიშვნელოვანია, სექტორმა და წისქვილკომბინატებმა იმუშაონ და ქვეყანაში ხორბალი შემოვიდეს, თუმცა ის მდგომარეობა, რაც დღეს ქვეყანაშია, იმ ქვეყნის გადაწყვეტილებებით არის გამოწვეული, საიდანაც (რუსეთიდან) ჩვენ ძირითადად შემოგვაქვს ხორბალი. ისეთი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება“, - განაცხადა მინისტრმა „ბიზნეს მედიასთან”.

როგორც ნავარაუდევი იყო, მაისში პური 20 თეთრით გაძვირდებოდა. 10-თეთრიანი მატება თვის დასაწყისში უკვე მოხდა, თუმცა დარჩენილი 10-თეთრიანი ზრდა, რომელიც მაისის ბოლოსთვის იყო დაანონსებული, შესაძლოა, აღარც მოხდეს და ფასის კორექტირება რამდენიმე თვით გადაიდოს.

როგორც პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე აცხადებს, რუბლის გამყარებამ (1 დოლარი 60 რუბლამდე ღირს, 1 ლარი კი - 45-50 რუბლი) 1 ტონა ფქვილი მცირედით გააძვირა, თუმცა ჩვენთან ლარიც მყარდება, რაც იმპორტზე დამოკიდებული წარმოებისთვის ხელსაყრელია. სწორედ ამ ფაქტორების გამო, პური, ჯერჯერობით, არ გაძვირდება, რადგან ქვეყანაში ფქვილის 2-3 თვის მარაგია, თუმცა, თუკი რუსული ვალუტა გამყარებას გააგრძელებს, შეიძლება, მდგომარეობა შეიცვალოს. 

„წისქვილებში ხორბლის რაოდენობა მართალია, შემცირებულია, მაგრამ ფქვილის ოდენობა 10-11-ჯერ არის გაზრდილი. ქვეყანაში ძალიან ბევრი ფქვილი შემოდის, თუმცა, რუსული რუბლის გამყარების გამო, ფასმა ცოტა მაღლა სვლა დაიწყო. მაგალითად, თუ 10 დღის წინ 1 ტომარა ფქვილის საშუალო ფასი, დაახლოებით, 75 ლარი იყო, გუშინწინ და გუშინ 77 ლარი ღირდა. ეს შემოტანილი ფქვილის ღირებულებაა, ხოლო საქართველოში წარმოებულის ფასი ყოველთვის 6-7 ლარით მეტია.

ფაქტია, რუბლის გამყარებამ ფქვილი ცოტათი გაძვირა. თუ ასეთი ვითარება გაგრძელდა, არ ვიცი, შემდგომში რაიმე გავლენას თუ მოახდენს პურის ღირებულებაზე, დავაკვირდებით სიტუაციას. საქართველოში 2-3 თვის ფქვილის მარაგია და შემდეგ ვნახოთ, რა იქნება.

ახლა ალაობის წინა პერიოდია და საქართველოში კარგ მოსავალს ელოდებიან. სპეციალისტები ამბობენ, რომ, დაახლოებით, 20-30%-ით უნდა მოიმატოს ხორბლის ადგილობრივმა მოსავალმა. თუ ადრე ადგილზე მზადდებოდა, სადღაც, 150 ათასი ტონა ხორბალი, ახლა უნდა დავამზადოთ, დაახლოებით, 220 ათასი ტონა. ახლა პერსპექტივა საკმაოდ კარგია. როდესაც ფასებმა ზევით სვლა დაიწყო, ჩვენმა გლეხობამ დაინახა, რომ ამ მიმართულებას ფასი დაედო და მარცვლეულის უფრო მასობრივად დათესვა დაიწყო, რაც მისასალმებელია. ხორბლის ჩვენი მოხმარების ოდენობა არის 650 ათასი წელიწადში და ნახევარზე რომ გავიდეთ, ეს ძალიან კარგი იქნება. 

რა თქმა უნდა, ლარის გამყარებას თავისი დადებითი ეფექტი აქვს. პურისთვის დამხმარე მასალებს ვყიდულობთ, იქნება ეს ზეთი, საფუარი, მარილი თუ სხვა, ყველა ფაქტორი ერთმანეთთან კავშირშია და თვითღირებულება ასე დგინდება. სიძვირეს რაც უფრო ადვილად გავუმკლავდებით, მით უფრო კარგია წარმოებისთვის”, - განუხადა „რეზონანსს” მალხაზ დოლიძემ.

ამასობაში, ძალიან დაძაბული ვითარებაა მსოფლიოში. გაერო-ს უშიშროების საბჭოზე სასურსათო უსაფრთხოების ექსპერტმა, აგრარული ანალიტიკური კომპანია Gრო Iნტელლიგენცე-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სარა მენკერმა დაუფარავად თქვა, რომ საწყობებში ხორბლის მხოლოდ 10 კვირის მარაგია დარჩენილი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა ამ პრობლემასთან დაკავშირებით ცეცხლზე ნავთი დაასხა.

„თავდაპირველად მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ გამხდარა სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის მიზეზი, ამან უბრალოდ, ნავთი დაასხა ცეცხლზე, რომელიც დიდი ხანია, ენთო. კრიზისი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ პანდემიამდე დიდი ხნით ადრე, მეტყველებს ჩვენი მიწოდების ჯაჭვების სისუსტეზე", - განაცხადა მენკერმა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ომი ხვალვე დამთავრდება, შეთანხმებული ქმედებების გარეშე, სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა უახლოეს მომავალში არ მოიხსნება. მენკერის ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში სასურსათო რისკების ზონაში 400 მილიონამდე ადამიანი მოექცა.

„დღეს პირობები უარესია, ვიდრე 2007 და 2008 წლებში იყო. მარცვლეულის მარაგი ამჟამად ყველაზე დაბალია, რაც კი ოდესმე მსოფლიოს უნახავს. ამასთან,  სასუქზე ხელმისაწვდომობა მკაცრად შეზღუდულია იმ რეგიონებში, სადაც ხორბალი მოჰყავთ.  ანალოგიური პრობლემებია სიმინდსა და სხვა მარცვლეულებთან დაკავშირებითაც", - განაცხადა მენკერმა.

გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთი უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის დაბლოკვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთმა კატეგორიულად უარყო. ბლინკენი ამტკიცებს, რომ მოსკოვი ხორბალს ომის იარაღად იყენებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×