გვანცა წულაია
25.01.2022

ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები საქართველოს მთავრობას მიმართავენ. შესაბამისი წერილი როგორც პრემიერს, ისე ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრების  გადაეგზავნათ, სადაც კომპანიები სავალდებულო ინსპექტირების აღსრულების გააქტიურებას ითხოვენ. საქმე ისაა, რომ მძღოლები პერიოდულ სავალდებულო ინსპექტირებას თავს არიდებენ. 

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი ამბობს, რომ რეფორმის აღსრულებისთვის მხოლოდ ჭკვიანი კამერები საკმარისი არ არის. თანაც, ჯარიმის მცირე ოდენობის გამო, მძღოლებს ყოველთვე 50 ლარის გადახდა უღირთ და ამით თავს არიდებენ ტექდათვალიერებას.

„მხოლოდ ჭკვიანი კამერების მეშვეობით ამ რეფორმის შედეგიანად განხორციელება შეუძლებელია. პროცესებში აუცილებელია, ჩაერთოს საპატრულო პოლიცია. დღეს ჯარიმის ოდენობა არის 50 ლარი, რაც ტექინსპექტირების საფასურზე ნაკლებია. შესაბამისად, ავტომობილის მფლობელს შეიძლება უღირდეს, არ აღმოფხვრას რაიმე ხარვეზი, არ გასწიოს შესაბამისი ხარჯი და ყოველთვიურად იხადოს ჯარიმა. აუცილებელია ჯარიმის ოდენობის გაზრდა. ის უნდა იყოს ტექინსპექტირების საფასურზე მეტი და ავტომობილის მფლობელს არ უნდა უღირდეს ჯარიმის გადახდის მეშვეობით გაუმართავი ავტომობილით გადაადგილება”, - განაცხადა შიოლაშვილმა.

ტექნიკურ ინსპექტირებას სულ უფრო მეტი მძღოლი არიდებს თავს. ამაზე სტატისტიკაც მიუთითითებს, თუმცა, ავტომობილების მფლობელების გარდა, არის მეორე მხარეც, თავად რეფორმა, რომელიც, სპეციალისტების შეფასებით, გამართულად არ მუშაობს. 

საავტომობილო ბაზრის ექსპერტი, კომპანია „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინ მიიჩნევს, რომ დამატებითი ცვლილებების შემუშავება საჭიროა. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ პირველადი ინსპექტირების შემდეგაც, სანამ მეორე ინსპექტირების დრო მოვა, მოხდება ავტომობილის შემოწმება პატრულის მიერ ვიზუალური შეხედულებით. 

„ავტომობილმა შეიძლება გაიაროს ტექინსპექტირება და შესაბამისი ოქმიც გაიცეს, მაგრამ ტრანსპორტს შესაძლოა, შემდგომ პერიოდში გაუფუჭდეს რამე. არ მაქვს საუბარი გამონაბოლქვზე, არამედ შესაძლოა, ფარი გაფუჭდეს ან ავტომობილს მოხსნილი ჰქონდეს წინა „ბამპერი“ და ა.შ. ამიტომ შეიძლება, დაიხვეწოს და  ფუნქციაში ესეც ჩაიდოს, რომ პატრულს ჰქონდეს უფლება, ავტომობილის ვიზუალური შეხედულებით გადამოწმდეს და მძღოლს მოთხოვოს ინსპექტირების ოქმი, თუ ის სცდება ტექნიკური დათვალიერების პარამეტრებს. პატრულს უნდა ჰქონდეს უფლება, შეამოწმოს, როდესაც ციმციმა, უკანა ფარი და ა.შ. არ მუშაობს", - განუცხადა „რეზონანსს“ ელგუჯა ჯამაგიძემ. 

 „ეკო ტრანსპორტის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე კი ფიქრობს, რომ დღეს არსებული ტექინსპექტირება არის მხოლოდ ფორმალური და რეფორმას არავითარი შედეგი არ გამოუღია. 

„შეფასება ვერ იქნება დადებითი, რეფორმამ არავითარი შედეგი არ გამოიღო. ზოგადად, ავტომობილების ტექინსპექტირების არსებობის მიზანი არის ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი: საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღება. არც ერთი მიმართულებით არ გვაქვს პროგრესი, მეტიც, მაჩვენებლები გაუარესებულია. 

დღეს არსებული ტექინსპექტირება არის ფორმალური, რეალურ შედეგს არ გვაძლევს. ფაქტობრივად, ადამიანებს უწევთ დამატებითი რესურსის მოძიება, დროის მოცდენა, რომ უბრალოდ, ქვეყანაში გვქონდეს სავალდებულო ინსპექტირება. ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს რეალური გეგმა, რომელიც იქნება უფრო მეტად აღსრულებაზე ორიენტირებული და უპასუხებს კონკრეტულ მიზანს, რომ გააუმჯობესოს მდგომარეობა საქართველოს საავტომობილო გზებზე და ხელი შეუწყოს, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ჰაერის დაბინძურების მდგომარეობის შემსუბუქებას“, - განუცხადა „რეზონანსს“ურუშაძემ. 

ავტომობილებისთვის სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან გახდა. 2019 წელს ინსპექტირება რეგისტრირებული ავტომობილების 57.9%-მა გაიარა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 36.9% იყო, ხოლო 2021 წელს - 46.22%.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×