ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებების შესახებ მალე ისაუბრებენა
ირაკლი ლომიძე
24.01.2022

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის რეფორმაზე მთავრობა უკვე ალაპარაკდა, თუმცა პროგრამის დეტალები კულუარულ დონეზეც კი უცნობია და არც ერთი განხილვა სპეციალისტების მონაწილეობით ამ საკითხთან დაკავშირებით არ გამართულა. ამ დროს სტარანსპორტო სფეროს ექსპერტებიო და ასევე სექტორის წარმომადგენლები რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ და მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. როგორიც არ უნდა იყოს ცვლილება, ყველა თანხმდება, რომ პროცესი გაძვირების ახალი ტალღით დასრულდება, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში.

კონკრეტულად რა მაჩვენებლით შეიძლება მგზავრობის ტარიფი გაიზარდოს, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი წარმოდგენლელია, თუმცა გამოცდილებიდან გამომდინარე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გაძვირება ლოგიკურია. 

,,წლებია, არაფერი იცვლება. ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას და ველოდებით რეფორმას, რომელზეც საუბარი წლების წინ დაიწყო. მოსალოდნელი სიახლის შესახებ ინფორმირებული არ ვართ. თუმცა მივესალმებით ნებისმიერ ცვლილებას, რაც არსებულ პრობლემას მოაგვარებს. 

დამატებითი რეგულაციები და ახალი სტანდარტის შემუშავება მგზავრთა გადაყვანის სერვისს გააუმჯობესებს. ამიტომ მზად ვართ, დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი მოთხოვნა, რაც ავტოსადგურების მიმართ გატარდება. მთავარია მოწესრიგდეს მგზავრთა გადაყვანის  კანონი და არ იყოს ამდენი ,,ხიშნიკი“, აღურიცხავი მანქანა, კონკურენტუუნარო გარემო და უკანონო ბიზნესის ახალისებს, რითაც ზარალდება კანონიერად მომუშავე ბიზნესმენიც და ბიუჯეტიც.  მზად ვართ ნებისმიერ ინიციატივას ვუპასუხოთ და გვერდში დავუდგეთ მთავრობას იმ ღონისძიებების გატარებაში, რასაც რეფორმა მოითხოვს“, - განაცხადა „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელმა ნესტორ მიქატაძემ და დასძინა, რომ რეფორმა სავარაუდოდ, ფასებს გაზრდის, თუმცა მაქსიმალურად შეეცდებიან, გაძვირება იყოს ზომიერი და მოსახლეობისთვის საქალაქთაშორისო გადაადგილება პრობლემად არ იქცეს.

,,ფასები გავზარდეთ 2020 წელს, როგორც კი შეზღუდვები მოიხსნა და საქმიანობის გაგრძელება შევძელით. არ გამოვრიცხავთ, მომავალშიც მოიმატოს მოსალოდნელი რეფორმიდან გამომდინარე, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში. თუკი გვექნება შესაძლებლობა არსებულ ფასსაც შევინარჩუნებთ, ვინაიდან ჩვენს სეგმენტში მგზავრების უმეტესობა დაბალშემოსავლიანია. არ დავუშვებთ გაძვირებას თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება“, - განაცხადა მიქატაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ დარგის სპეციალისტები, რომელთა შეფასებითაც, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობა ქვეყანაში არის საშიში და რისკი თითოეული მგზავრისთვის ძალიან დიდია. ამდენად, ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივად მიესალმება ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ მგზავრთა გადაყვანა რეგიონების მიმართულებით  უმეტესად, ამორტიზებული მიკროავტობუსებით ხდება, რაც ყოველდღიურად ასობით ადამიანს უქმნის საფრთხეს. ამასთან პრობლემაა მძღოლების კვალიფიკაციასთან დაკავშირებითაც.

,,ეკონომიკის მინისტრი საუბრობს პროექტზე, რომელიც არ უნახავს არავის, საჯარო განხილვა არ ყოფილა და არც ექსპერტებთან რაღაც ფარული დოკუმენტია, რომლის შესახებაც წარმოდგენა არავის აქვს. რამდენად არსებობს, ესეც რთული სათქმელია. 10 წელია დევს თაროზე და ამ დროს დიდი პრობლემაა მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით. 

დარგში არის კატასტროფა, ავტოსადგურების ნაწილი არ არის რეგისტრირებული, არის ე.წ. ხიშნიკი მძღოლებით დატვირთული. მოქმედებს უკანონო ავტოსადგურები,  რომლის მძღოლები პირდაპირ სადგურებიდან ,,იტაცებენ“  მგზავრებს, საგზაო უსაფრთხოებაც კატასტროფულ დონეზეა.  

ყოველთვის ფასზე კეთდება აქცენტი და არავინ ფიქრობს იმაზე, რამდენად კვალიფიციური მძღოლები ემსახურებიან მგზავრებს და რა მდგომარეობაშია ტრანსპორტი. თამამად შეიძლება თქმა, რომ ტრანსპორტის ტექნიკური გამართვის თვალსაზრისით, განუკითხაობაა, მძღოლების კომპეტენციის საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

მისი შეფასებით, მიკროავტობუსების უმეტესობა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს, არასტანდარტულია, სატვირთო გადაკეთებულია სამგზავროდ. მათ უმეტესობას არ აქვს გავლილი ტექინსპექტირება. 

ავტოსადგურების რეფორმის დაწყებას ეკონომიკის სამინისტრო 2019 წელსაც გეგმავდა.  მინისტრის ინფორმაციით,  რეფორმის ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი შემუშავებული იყო, მათ შორის - საკანონმდებლო ცვლილებებიც.

“გვაქვს ავტოსადგურების მოწესრიგების გეგმა, აქ საუბარი არის არა მარტო ავტოსადგურებზე, არამედ მთლიანად საქალაქთაშორისო გადაყვანების რეფორმაზე. ამაზე ეკონომიკურ გუნდში ვსაუბრობთ და მალე დავაანონსებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ მინისტრმა ნათია თურნავამ.

კანონის მიხედვით, საქართველოში ავტოსადგურების ლიცენზირების წესი შეიცვლება. რეფორმა შეეხება როგორც - ავტოსადგურებს, ისე - გადამყვან კომპანიებს.

როგორც ცნობილია, დაწესდება ახალი სტანდარტები თუ როგორი უნდა იყოს ავტოსადგურების იერსახე და ავტოგადამყვანებში მომსახურების დონე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×