ირაკლი ლომიძე
20.01.2022

მერია ავარიული შენობების ჩანაცვლებას სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობით აპირებს. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე, აქცენტი პირველ ეტაპზე მწვავედ ავარიულ საცხოვრებელ სახლებზე გაკეთდება. სპეციალისტების თქმით, მერიის პროექტი გულისხმობს ძველი საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების ჩანაცვლებას, რომელთა უსაფრთხოება დიდ რისკს უკავშირდება. 

თბილისის მერის კახი კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა მიმდინარე წელს დაიწყება. აღნიშნული პროგრამისთვის წელს, მერიის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

,,წელს გვექნება კონკრეტული პროექტები, რომლის განხორციელებასაც დავიწყებთ. ჯერჯერობით მუშაობა მიმდინარეობს. ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან უნდა იყოს კონკრეტულ ობიექტზე მცხოვრები ყველა ადამიანის თანხმობა და ა.შ. 10 ათასამდე ასეთი შენობაა თბილისში, რომელსაც სხვადასხვა ავარიულობის ხარისხი აქვს. წელს 20 მილიონია გამოყოფილი პროექტის დასაწყებად და ვფიქრობთ, საკმაო რაოდენობით მოხდება ჩანაცვლება. ცოტა მოგვიანებით უფრო კონკრეტულად მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რა მისამართებზე განხორციელდება პროექტი“, - განაცხადა კალაძემ.

დეტალები, თუ კონკრეტულად როგორ აპირებს მერია პროექტის განხორციელებას, ჯერჯერობით უცნობია და გაირკვევა, როგორც კი შესაბამისი პროპექტი მომზადდება. ამის შესახებ ,,რეზონანსთან“ არქიტექტორმა, ,,სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენელმა მამუკა სალუქვაძემ ისაუბრა. ძველი და დაზიანებული შენობების ჩანაცვლების მიმართულებით სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება როგორც თბილისში, ასევე დიდ ქალაქებში, პირველ რიგში, ბათუმში.

,,ავარიული შენობების ჩანაცვლების სამუშაოები პრაქტიკულად დაწყებულია. ,,ხრუშოვკის“ ტიპის რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა ან გაამაგრეს, რომლის რეაბილიტაციაც შესაძლებელი იყო. ავარიული შენობები საკმაოდ მწვავე პრობლემაა და პირველ რიგში, იმაზეა ორიენტირებული, რომ ინვენტარიზაცია დასრულდეს და დაიდოს  შესაბამისი დასკვნები ავარიულობასთან დაკავშირებით.  დღსდღეობით ბევრი ასეთი შენობაა და მათი რიცხვი გაიზრდება.

ყოველწლიურად უფრო და უფრო  ძველდება საცხოვრებელი ფონდი და ბუნებრივია, პრობლემა მწვავდება. თბილისსა და სხვა ქალაქებშიც გახშირდა ფაქტები, შეიძლება კორპუსი ავარიული არ არის, მაგრამ სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტი დარღვეულია მიშენებების გამო და მისი ასეთი სახით არსებობა დიდ რისკს შეიცავს“, - განაცხადა სალუქვაძემ.

მისი თქმით,  20 მლნ ლარი ავარიული შენობების ჩანაცბლებისთვის არასაკმარისია, მაგრამ პრობლემის ნაწილს მოაგვერბს.

,,დროთა განმავლობაში ბევრად მეტი თანხა გამოიყოფა, რომ პრობლემა სრულად მოგვარდეს. დასახელებული ბიუჯეტით კი მწვავედ ავარიული  შენობების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს, რომ საფრთხე თავიდან ავიცილოთ. ნამდვილად საშური საქმეა და  როგორი სახით მოხდება ჩანაცვლება, ამას თბილისის მერია კონკრეტული პროგრამის სახით წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია, ვის შეეხება, რა ტერიტორიებს მოიცავს და სხვა. ზოგ შემთხვევაში, შეიძლება დაინგრეს შენობა, სხვა ადგილებში  გადაიყვანონ ადამიანები, ინდივიდუალურია, როგორც ე.წ. ხრუშოვკების თემის დროს, ბევრი შენობა დასანგრევია, მაგრამ ზოგი გამაგრებას ექვემდებარება.

რამდენადაც ვიცი, სამშენებლო კომპანიებსაც ჩართავენ, არის ამის გამოცდილება.  საბოლოოდ, საკითხი კომპანიებისა და მერიის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდება. ცხადია, ბიზნესი მაინც მოგებაზეა ორიენტირებული და თავისი პირობა ექნება მერიის კონკრეტული პროგრამის მიმართ“, - განაცხადა სალუქვაძემ ,,რეზონანსთან“. 

ავარიული შენობების ჩანაცვლებისას მონიტორინგის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება ურბანისტმა ლადო ვარდოსანიძემ. როგორც მან აღნიშნა, ასეთი  შენობების უმრავლესობა წლებია ხელშეუხებელია და მას სასწრაფოდ რესტავრაცია სჭირდება. 

,,ავარიულ სახლებს წლების განმავლობაში გაუმართავი ინფრასტრუქტურული პრობლემები ემატება. ძირითადად, ავარიული სახლები ძველ თბილისშია. გამოვყოფდი სოლოლაკსა და კლდისუბანს, თუმცა ბოლო პერიოდში იქ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. 

ქვეყანას ყველაფრის ერთბაშად აღდგენის რესურსი არ აქვს. აუცილებელია, ყველა შენობას ჰქონდეს ტექნიკური პასპორტი, სადაც აღწერილი იქნება მრავალი პარამეტრი და მათ შორის, ტექნიკური მდგომარეობაც.  მნიშვნელოვანია ასევე მონიტორინგის სისტემაც, რომელიც შენობა-ნაგებობებს დააკვირდება.  ამის კარგი მაგალითია 2002 წლის  თბილისის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების გამაგრება,  რომელიც მშენებლობის სამინისტრომ განახორციელა, თუმცა ეს უწყება დღეს უკვე არ არსებობს.  

ყველას გვახსოვს ბენდუქიძის ლოზუნგი, რომ ყველაფერს ბაზარი მოაწესრიგებდა. ამან განსაზღვრა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა წლების განმავლობაში და მისი ლოზუნგი ნამდვილად არ შეესაბამებოდა რეალობას. როგორც არ უნდა იყოს, კარგი იქნება თუ ძველ გამოცდილებას გაითვალისწინებენ, პრობლემა ნამდვილად სერიოზული და საშურია, რადგან საქმე ადამიანების უსაფრთხოებას ეხება, აქამდეც უნდა გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები“, - აღნიშნა ,,რეზონანსთან“ ურბანისტმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში  თბილისის მერიამ, 365 ავარიული შენობის რეაბილიტაცია მოახრხა, თუმცა  თბილისის მასშტაბით,  10 000 ავარიული ნაგებობაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×