"მოხდება ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტუნარიანობის ზრდა და გვექნება უფრო მეტი გამჭვირვალობა"
გვანცა წულაია
18.01.2022

პრემიერის დაპირებისამებრ თურქეთის ბაზარი გაიხსნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში იაფი მედიკამენტები შემოვა, თანაც ისე, რომ არ დაეცეს ხარისხი და ქვეყანაში შეიქმნას კონკურენტული გარემო. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი სწორედ ამ პრინციპებს მოერგება.

თურქეთის ბაზრის გახსნის შესაბამისი განკარგულება ორი დღის წინ გამოიცა, რასაც მთავრობამ ხელი მოაწერა. ცვლილების შედეგად ის ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზე არის აკრედიტებული, მათ შორის უშუალოდ თურქული წარმოების და არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული. ამრიგად, ბიზნესს უკვე შეუძლია მეზობელი ქვეყნიდან მედიკამენტების იმპორტი მოახდინოს.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ თურქეთიდან შემოტანილი წამლები მაღალი ხარისხის იქნება და დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტებს საქართველოში. 

თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, მოსახლეობას 200-მდე დასახელების მედიკამენტზე გაუიაფდება და შემდეგ ნუსხა მეტად გაფართოვდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, სრულად პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები. 

„ჩვენი გათვლებით და მოლოდინებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს თურქეთიდან მაღალხარისხიანი კონკურენტული ფასებით წამლის და მედიკამენტების იმპორტს საქართველოში, რაც ჩვენს მოსახლეობას 200-მდე მედიკამენტზე გაუიაფებს ხარჯს. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული თურქეთის და ყველა სხვა იმპორტიორი ქვეყნიდან წამლის ხარისხის და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების თუ დოკუმენტაციის გადამოწმების და კონტროლის კუთხით. ჩვენ ვართ სრულად პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები და ფასები იქნება კონკურენტული", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 

რაც შეეხება ხარისხს, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მთავრობაში, პარლამენტსა და სხვა უწყებებში წარადგინა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი. ამ მიზნით მათი ერთ-ერთი რეკომენდაცია ქვეყანაში ელექტრონული და ჯენერიკული რეცეპტის დანერგვაა. 

სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ხელმისაწვდომობა იაფფასიან, მაგრამ ხარისხიან მედიკამენტებზე უზრუნველყოფს უფრო მეტ კონკურენციას, უფრო მეტი კონკურენცია კი უზრუნველყოფს უკეთეს შეთავაზებებს მოქალაქეებისთვის.

„კონკურენციის სააგენტომ მოამზადა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში და დავალება იქნა გაცემული, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფარგლებში მომზადდება რეგულაციების პაკეტი. თუ როგორი უნდა იყოს, ეს აღწერილია ჩვენი მონიტორინგის ანგარიშში. სულ გაცემულია 13 რეკომენდაცია, რაც ჩვენი ხედვით, მიგვაჩნია, რომ ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ მოხდება ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტუნარიანობის ზრდა, უფრო მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მოქალაქეების მხრიდან მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირება. 

მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა არ იყო დაკავშირებული ჩვენი მონიტორინგის ანგარიშთან, მაგრამ ეს არის ასევე პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი და ის გულისხმობდა თურქული ბაზრიდან აღიარების რეჟიმის შემოტანას, რომლის მიხედვითაც დაშვებული ხდება პარალელური იმპორტი. თურქული ინდუსტრია გამოირჩევა ბაზარზე არსებული ხელმისაწვდომი ფასებით და ძალიან ბევრ შემთხვევაში ადამიანები თურქეთში იძინენ კიდეც მედიკამენტებს. 

კომპანიების მხრიდანაც უკვე გაკეთდა საკმაოდ კარგი განცხადებები, რომ ისინი დაამუშავებენ იმპორტის მიმართულებებს და ძალიან მალე შედარებით იაფიანი, მაგრამ ხარისხიანი მედიკამენტები ქართულ ბაზარზეც იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ და დასძინა, რომ მედიკამენტების ფასების რეგულირების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა უმოკლეს ვადებში მოხდება.

"მთავარ პრობლემას ჩვენ ვხედავთ სისტემური საკითხების არათანმიმდევრულ კონტროლში და ეფექტურ აღსრულებაში. კერძოდ, დღეს საქართველოში არ მუშაობს რეცეპტის და დანიშნულების სისტემა. გვყავს ძირითადი კომპანიები, რომელთა მარჟები არის 7-25 პროცენტი, მაგრამ მცირე ოდენობით არიან არაკეთილსინდისიერი კონპანიებიც, რომელთა მარჟები 200-300 პროცენტია. ამის მიზეზია ის, რომ მათ აქვთ გარანტირებული რეალიზაცია. ისინი გარიგებაში არიან რეცეპტის, დანიშნულების გამომწერებთან.

შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც ამ პრობლემას მოაგვარებს. არის პირველი რიგის ნაბიჯები, რომლებიც სასწრაფოა და მალე უნდა გადაიდგას. ასეთი 11-ია და გვაქვს შემდგომი ეტაპის ორი რეკომენდაცია. ამ ეტაპზე ამ რეკომენდაციებზე სამუშაოდ სამუშაო ჯგუფის ფორმირდება. დავალება გვაქვს, რომ უმოკლეს დროში მოხდეს ამ საკანონმდებლო პაკეტის წარმოდგენა“, – დასძინა ირაკლი ლექვინაძემ. მისი გათვლებით, მხოლოდ ერთი ჯგუფის მედიკამენტზე მოსახლეობის დანახარჯები 25%-ით შემცირდება, რაც ჯამში 250 მლნ ლარს აჭარბებს.

ფარმაცევტულ კომპანოებთან „ჭიდილი“ წლების გრძელდება. ქვეყანაში წამლები კატასტრუფულად გაძვირებულია, ამიტომ მედიკამენტების გაიაფება ძალიან მნიშნველოვანია, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებულები ვირუსს სახლში, საკუთარი ხარჯებით ებრძვიან. სპეციალისტების მოლოდინი დადებითია და იმედოვნებენ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნა საქართველოში კონკურენციას გაზრდის. „გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ ხელმძღვანელი, მარინა ბერაძე ამბობს, რომ მთავრობის მიერ მიღებული ცვლილება უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია. 

„რასაკვირველია, კონკურენტული გარემოს შექმნის თვალსაზრისით, ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სისტემურად. 

თურქეთიდან მედიკამენტები აქამდეც შემოდიოდა, მაგრამ სხვა გზით. სადაზღვევო კომპანიებს ჰქონდათ საშუალება კონტაქტები დაემყარებინათ თურქეთთან. მაგალითად, ოჯახის ექიმი, გამოწერდა გარკვეულ წამალს, რომელიც არის ძვირადღირებული, დაახლოებით 300-400 ლარის ფარგლებში, შემდეგ მიმართავდა აფთიაქს, რომელიც წამალს უკვეთავდა თურქეთში და ერთი თვის განმავლობაში მედიკამენტი ჩამოდიოდა და პაციენტს დაახლოებით 80 ლარი უჯდებოდა. ასეთ დიდ გზას გადიოდა წამალი, სანამ თურქეთიდან ადრესატამდე მივიდოდა. 

ახლა ბევრი რამ იცვლება და მნიშვნელოვანია ყველა დეტალი. ხარისხის, შენახვის წესის, ტრანპორტისრებისა და სხვადასხვა ფაქტორების გარდა, არის კიდევ აქტიური ნივთიერების შემცველობა თავად მედიკამენტში. ძალიან ბევრი ნიუანსი არის ისეთი, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს შესწავლილი. მთავარია, პრობლემა აღმოჩნილია, მოგვარებაზე მიდის საუბარი და ნაბიჯებიც იდგმება. ძალიან მინდა, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდეს. წინგადადგმულ ნაბიჯად ნამდვილად შეგვიძლია ჩავთვალოთ“, - განუცხადა „რეზონანსს“ მარინა ბერაძემ. 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელი იქნება კონტროლი, რომ თურქეთიდან შემოტანილ წამლებზე არ მოხდეს ფასის ხელოვნურად გაზრდა. 

„თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი ბაზარს ნამდვილად წაადგება. რადგანაც თურქეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, ტრანსპორტირების ხარჯი ნაკლებია, წამლები იაფი ღირს და შესაბამისად, ჩვენც უნდა გვქონდეს ფასების კლების ტენდენცია. 

კონკურენციის კუთხით, ეს ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ დადებითი იქნება, რადგან ბაზარზე დაახლოებით 3 მსხვილი და სადღაც 100-ზე მეტი მცირე იმპორტიორია. თურქეთის ბაზრს გახსნით, მათ საშუალება ექნებათ შემოტანონ მეზობელი ქვეყნიდან მედიკამენტები. იმედის ვიტოვებ, რომ ბაზარზე გაჩნდება ახალი მოთამაშე, რომელიც ასევე დაიწყებს იმპორტს თურქეთიდან და ეს კონკურენციას მხოლოდ და მხოლოდ წაადგება. 

დღეების ამბავი არ არის, მაგრამ რამდენიმე თვეში საკმაოდ დაბალი ფასები იქნება. გრძელვადიან პერსპერტივაში თუ შევხედავთ, უნდა ვიყოთ იმპორტიორების და ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების კეთილსინდისიერების იმედად, რომ ისინი ზედმეტ მარჟებს არ დააწესებენ თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე. ამას, ალბათ, კონტროლი დასჭირდება და კარგი იქნება, თუ ასე მოხდება“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი კაპანაძემ.

მედიკამენტების აღიარების წესი მთავრობამ 2009 წელს მიიღო, სიაში ეტაპობრივად ახალი ქვეყნები ემატებოდა და ამჟამად 37 ქვეყანას მოიცავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×