ამიერიდან მედიკამენტების იმპორტი შესაძლებელი იქნება გამარტივებული გზით, ე.წ. „პარალელური იმპორტის“ მეთოდით
სანდრო მდივანი
17.01.2022

17 იანვრიდან საქართველოში თურქეთის ფარმაცევტული მარეგულირებლის მიერ აღიარებული ფარმაცევტული პროდუქციის ავტომატური აღიარება მოხდება. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის და მიზნად ქართულ ბაზარზე მედიკამენტების გაიაფებას ისახავს, თანაც ისე, რომ არ დაეცეს წამლის ხარისხი და ფარმაცევტულ ბაზარზე შეიქმნას კონკურენტული გარემო. უპრეცედენტო გადაწყვეტილების შედეგს საქართველოს მოსახლეობა მალე იხილავს.

მნიშვნელოვანი შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე აამოქმედა. თურქეთის „ბაზრის გახსნა” სწორედ ამ სარეგულაციო ცვლილების გატარებას გულისხმობდა. შედეგად, ის ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზე არის აკრედიტებული, მათ შორის უშუალოდ თურქული წარმოებისა და არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 17 იანვარს „გაიხსნა“ თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის, თუმცა დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს. პრემიერის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას უკვე მოეწერა ხელი. ამასთანავე, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტებს საქართველოში.

ხელისუფლება ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, პირველ ეტაპზე, 200-მდე დასახელების მედიკამენტზე შეამცირებს ფასს, შემდეგ კი ნუსხა გაფართოვდება. თურქეთის ბაზრის ,,გახსნა“ კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის შესწავლისას გამოკვეთილი ერთ-ერთი რეკომენდაციაა.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი აღნიშნავს, რომ ამიერიდან თურქეთიდან ნებისმიერი მედიკამენტის იმპორტი ხდება შესაძლებელი. ზურაბ აზარაშვილი ადასტურებს, რომ წამლებზე ფასნამატი ხანდახან 1000%-საც აღწევს.

„რამდენიმე თვის წინ, პრემიერის დავალებით, კონკურენციის სააგენტოს დაევალა ბაზრის მოკვლევა, ყველა იმ ნიუანსის გავლა, რაც შეიძლებოდა მედიკამენტების ფასების შემცირების მიმართულებით გაგვერკვია. პირველი ეტაპი, რაც ამ კვლევის გაცნობის შემდეგ სასწრაფოდ გასაკეთებლად ჩაითვალა, გახლავთ თურქეთის ბაზრის გახსნა. დაახლოებით 200 მედიკამენტია სხვადასხვა მიდგომით შესწავლილი, რომლებიც, მაგალითად, თურქეთში ღირს 5 ლარი და ჩვენთან _ 10-ჯერ მეტი. ზოგიერთ მედიკამენტზე მარჟები ადის 1000%-მდე. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილს ჩანთებით გადმოაქვს მედიკამენტები, ზოგიერთი სხვებს აბარებს თურქეთში, სწორედ ფასების გამო. 

პრემიერის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, წამლების აღიარების სიაში თურქეთის შეტანასთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთიდან მაღალხარისხიანი, კონკურენტული ფასებით მედიკამენტების შემოტანას შეუწყობს ხელს, რაც ჩვენს მოსახლეობას 200-მდე მედიკამენტზე ხარჯს გაუიაფებს. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ და სხვა იმპორტიორი ქვეყნებიდან წამლების ხარისხისა და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების თუ დოკუმენტაციის გადამოწმებისა და კონტროლის კუთხით. ჩვენ სრულად პასუხისმგებელნი ვართ, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები კონკურენტული ფასებით“, - თქვა მინისტრმა. 

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, თუ როგორ უნდა ხდებოდეს თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, ამის აღსრულების მექანიზმი ჯანდაცვის სამინისტროს აქვს. სააგენტომ მთავრობაში, პარლამენტსა და სხვა უწყებებში წარადგინა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი. ამ მიზნით მათი ერთ-ერთი რეკომენდაციაა ქვეყანაში ელექტრონული და ჯენერიკული რეცეპტის დანერგვა.

„ჩვენი რეკომენდაციების მიხედვით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ელექტრონული და ჯენერიკული რეცეპტი, რითაც ერთი და იმავე დანიშნულებისა და ფასებით განსხვავებულ მედიკამენტებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა იქნება. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა ასევე, მედიკამენტის ხარისხის სტანდარტის შემოღება როგორც იმპორტის, ასევე ადგილობრივი წარმოების დონეზე. ამის შესაბამისი ინსტრუქციები და აღსრულების მექანიზმები არსებობს და ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რათა საქართველოს ბაზარზე იყოს მხოლოდ ხარისხიანი მედიკამენტი და იაფფასიანი მედიკამენტი უხარისხო მედიკამენტს არ ნიშნავდეს", - განაცხადა ლექვინაძემ.

ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ქედელიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ თურქული მედიკამენტების ქართულ ბაზარზე შემოსვლის მიზეზები განმარტა.

„ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი სააგენტომ დაიწყო 2018 წლის 25 დეკემბერს. განხორციელებული მონიტორინგის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები, დარგის ექსპერტები, დარგობრივი ასოციაციები, დარგის მარეგულირებელი ორგანო ჯანდაცვის სამინისტროს სახით. გაიმართა არაერთი სემინარი, კონფერენცია სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტების მონაწილეობით და პროექტის „ევროკავშირი საქართველოსთვის“ მხარდაჭერით. 

თურქეთის ბაზრის „გახსნა“ ნიშნავს თურქეთის დამატებას საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაში, სადაც უკვე მოცემულია 36 მაღალი სანდოობის მქონე ქვეყანა. აღნიშნული ქვეყნებიდან მედიკამენტების იმპორტის განხორციელება შესაძლებელია გამარტივებული გზით, ე.წ. „პარალელური იმპორტით“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაზარზე ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი იქნება ის მედიკამენტები, რომლებიც მიმოქცევაშია თურქეთის ბაზარზე.

მონიტორინგის შედეგად სააგენტოს მიერ გაიცა 13 რეკომენდაცია. რეკომენდაციების მიზანია ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღება და, შედეგად, მედიკამენტებზე ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამასთან, მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის გაუჯობესება“, - განაცხადა ქედელიძემ. მისივე ინფორმაციით, სააგენტოს მიერ გაცემულია კიდევ 11 რეკომენდაცია, რომლებიც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.

,,მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილ იქნა ფარმაცევტული ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში და ევროპის 15 ქვეყანაში. შედეგად გამოიკვეთა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა რეგულაციებისა და დარგის მარეგულირებლის მიერ ბაზრის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმების სიმცირით. სააგენტოს პოზიციით, პირველ რიგში, აუცილებელია, მედიკამენტების შეძენის დროს მომხმარებელს მიეცეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რისი მიღწევაც შესაძლებელია ჯენერიკული რეცეპტით/დანიშნულებით.

ამ მიმართულებით, სააგენტოს რეკომენდაციაა სანქცირების მექანიზმის გამკაცრება დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით. მომხმარებლისთვის, არჩევანის უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე მიმოქცევაში არსებული ყველა მედიკამენტი - როგორც წარმოებული, ასევე იმპორტირებული, აკმაყოფილებდეს „ჯიემპი" სტანდარტს. შესაბამისად, მისი გავრცელება აუცილებელია ბაზარზე მედიკამენტის დაშვების ორივე დონეზე. 

მნიშვნელოვანია, რომ დარგის მარეგულირებლის მიერ განხორციელდეს ბაზრის განგრძობადი მონიტორინგი, რისთვისაც აუცილებელია, დაინერგოს სავალდებულო ელექტრონული რეცეპტის სისტემა. ამასთან, უნდა შემუშავდეს მკურნალობის გაიდლაინები დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მედიკამენტების ჭარბი მოხმარება.

სააგენტოს პოზიციით, მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მონიტორინგის ანგარიშში მოცემული პირველი რიგის ყველა რეკომენდაციის შესაბამისი ცვლილებები, საერთო ჯამში, 11 რეკომენდაცია. მხოლოდ კონკრეტული რეკომენდაციების განხორციელებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი მომხმარებლისთვის სარგებლის მომტანი კონკურენტული გარემო”, - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან“ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

მიუხედავად „ბიზნეს-რეზონანსისა“ და სხვა მედიასაშუალებების მცდელობისა, ფარმაცევტული ბაზრის უშუალო მონაწილეებს ცვლილება მიღების შემდეგ არ შეუფასებიათ. გამონაკლისი არ აღმოჩნდა არც ერთი სააფთქიაქო ქსელი.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი მარგველაშვილი კი „ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ კონკურენციის სააგენტომ დასკვნა ასოციაციასთან მჭიდრო კოორდინაციით მოამზადა და მიზნად ისახავს ბაზარზე არსებული რისკების შემცირებას.

,,არსებობს რესურსი, წამლის ფასმა მყისიერად დაიკლოს. რამდენიმე ასპექტი უნდა გამოიყოს. ჩვენ ვამბობთ, რომ არის ფასნამატები. ამის შესაცვლელად შეიძლება გაკეთდეს ფასდერეგულაცია საბითუმო და საცალო ბაზარს შორის. ჩვენი მიზანი ის კი არ არის, კონკრეტული მედიკამენტის ფასმა დაიწიოს, ჩვენ ნაკლები მედიკამენტი უნდა დაგვჭირდეს.

ხშირად ინიშნება არა მხოლოდ უფრო ძვირი მედიკამენტი, არამედ წამალი, რომელიც საერთოდ არ სჭირდება ადამიანს. ყველაზე სწრაფი მეთოდია, ფასნამატებზე რეგულაცია, ურთიერთობის დარეგულირება სამედიცინო პერსონალსა და ფარმაცევტულ სექტორს შორის. მერწმუნეთ, ეს არ არის რთული. ბევრად რთულია ჰოლდინგური კომპანიების დაშლა, რომლის ალტერნატივაც ახლა ბაზარზე არ გვაქვს. 

კონკურენციის სააგენტოს დასკვნაშიც წერია, რომ მსხვილ ქსელურ კომპანიებს, რომლებიც ასეთ ჰოლდინგებში შედიან, ფასნამატი, დაახლოებით, 15-26% აქვთ, მაშინ, როცა ნაკლები ზომის კომპანიებს 200-1 000% აქვთ ფასნამატი“, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა. 

ამდენად, თურქეთი შეემატა იმ 20 ქვეყანას, საიდანაც ფარმაცევტული პროდუქცია აღიარებითი რეჟიმით შემოვა. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტების აღიარების წესი მთავრობამ 2009 წელს მიიღო. სიაში ეტაპობრივად ახალი ქვეყნები ემატებოდნენ და ის ამჟამად 20-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ამ სიაში აქამდე თურქეთი, რატომღაც, არ შედიოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×