„ცენტრალური ბანკი ყოველ კვარტალში გვპირდება ინფლაციის შემცირებას, მაგრამ 2 წელზე მეტი გავიდა და ინფლაცია შეუჩერებლივ იზრდება“
გვანცა წულაია
04.01.2022

გასული წლის ყველა თვეში ქვეყანში კატასტროფულად მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა და საქართველოში 2022 წელიც მაღალი ფასებით დაიწყო. საინტერესოა, რა გზით აპირებს საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციასთან ბრძოლას, თუ მოსახლეობა ისევ მარტოდმარტო აღმოჩნდება გლობალური პრობლემის წინაშე?

დეკემბერში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 13.9%-ს მიაღწია. სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან 96 უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გაძვირდა. სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის განსაკუთრებულად მძიმე საკვების გაძვირება აღმოჩნდა.

დეკემბრის მაღალ ინფლაციაზე პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ დეკემბერში წლიური ინფლაციის ტენდენციის შენარჩუნების შესახებ სებ-ი გაცილებით ადრე პროგნოზირებდა.

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს 2021 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია ბოლო 26 წლის რეკორდულ ნიშნულზეა. სტატისტიკის ასე წარმოდგენა, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომა ან, რაც გაცილებით უარესი, მოსახლეობის შეცდომაში შეგნებულად შეყვანის მცდელობაა. წლიური ინფლაციის განსაზღვრება არის მიმდინარე წლის რომელიმე თვეში ფასების დონის პროცენტული ცვლილება წინა წლის იმავე თვის ფასების დონესთან შედარებით. მარტივად რომ ვთქვათ, წლიური ინფლაცია გვიჩვენებს, თუ რამდენად გაიზარდა ფასების საერთო დონე ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, თუ რომელ თვეში ვითვლით მას. ცნება „ზუსტად ერთი წლის წინ" არსებობს როგორც დეკემბერში, ისე მარტში ან ივლისში.

ელემენტარული და საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ წლიურ ინფლაციას ეკონომისტები უყურებენ ყოველთვე და არა _ მხოლოდ დეკემბერში. მიზეზი მარტივია: მოსახლეობა სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქტებს მხოლოდ დეკემბერში არ მოიხმარს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსახლეობისთვის მაღალი წლიური ინფლაცია ტვირთია როგორც დეკემბერში, ისე მაისში ან ივლისში. 

2006 წლის ივლისში, ისევე როგორც 2011 წლის მაისში, წლიური ინფლაცია იმაზე მაღალი იყო, ვიდრე 2021 წლის დეკემბერში. ასევე არასწორია თქმა, რომ დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, წლიური ინფლაციის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა. ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულიდან უსვამდა ხაზს იმ მარტივ არითმეტიკულ ეფექტს, რაც კომუნალური გადასახადების სუბსიდიას და მის შემდგომ გაუქმებას მოჰყვებოდა. შარშან მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის არაერთ რელიზში აღგვინიშნავს, რომ 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაცია მაღალი იქნებოდა და შემდეგ დაიწყებდა შემცირებას.

და არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს ინფლაცია, პანდემიასთან ერთად, გლობალური გამოწვევაა", – დაწერა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში. 

ყველაზე მეტად მოსახლეობის სოციალურ ყოფაზე საკვების გაძვირებამ იმოქმედა. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფიდან კომბოსტო 199%-ით გაძვირდა, ქლიავი - 51%-ით, კვერცხი - 38%-ით, ზეთი - 36%-ით, ჭარხალი - 34%-ით, შაქარი - 33%-ით, კარტოფილი - 33%-ით, წიწიბურა - 28%-ით, სტაფილო - 27%-ით, ხინკალი - 24%-ით, პური - 22%-ით, გაყინული ქათამი - 21%-ით, სულგუნი - 20%-ით, თევზი - 19%-ით, შოკოლადი - 19%-ით, მაიონეზი - 18%-ით, ნიგოზი - 15%-ით, ძეხვი - 14%-ით. საბოლოოდ, საკვების გაძვირება ინფლაციაში ყველაზე მკვეთრად 5%-ით აისახა.

ბოლო ერთ წელიწადში დიზელი 35%-ით, ხოლო ბენზინი 40%-ით გაძვირდა, რამაც ირიბად სხვა პროდუქციის გაძვირებაც გამოიწვია. ორნიშნა ინფლაციის კიდევ ერთი მიზეზი ბიზნესისთვის კომუნალური გადასახადების ზრდა გახდა. მწარმოებლებმა გაზრდილი ხარჯი პროდუქციის საბოლოო ფასში ასახეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ 2021 წელი მაღალი ინფლაციის წლად გამოცხადდა, თუმცა სპეციალისტებს უფრო ცუდი პროგნოზი აქვთ და ამბობენ, რომ 2022 წელს იმაზე მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე შარშან იყო. საგულისხმოა ერთი გარემოება, რომ ელექტროენერგიაზე სუბსიდირების პროგრამა დასრულდა, რაც მომავალში ინფლაციაზე ასახვას მოახდენს. 

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ ბოლო 26 წელიწადში დეკემბრის ინფლაციამ მესამე „საპატიო“ ადგილი დაიკავა სიდიდის მიხედვით.

„შარშან საკმაოდ მაღალი ფასები იყო. 13.9% ხუმრობა არ არის. 3/4 წილი მოვიდა სამი დასახელების საქონელზე. ესენია: სურსათი, ტრანსპორტი და საწვავი. ამ კომპონენტებზე იყო ძირითადი აქცენტი გაკეთებული, რაც განსაკუთრებით მძიმედ აწვებათ დაბალშემოსავლიან ადამიანებს, თუმცა იმის თქმაც არ შეიძლება, რომ ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი. 2006 წლის ივლისში 14.5%-იანი ინფლაცია გვქონდა და მნიშვნელობა არ აქვს, დეკემბერი დეკემბერთან დარდება, თუ ივლისი _ ივლისთან. ამით მდგომარეობას კი არ ვამართლებ, მაგრამ ასეთი შედეგი იყო. ბოლო 26 წელიწადში დეკემბრის ინფლაციამ მესამე „საპატიო“ ადგილი დაიკავა სიდიდის მიხედვით“, - განუცხადა „რეზონანსს“ სოსო არჩვაძემ და დასძინა, რომ თუ საგარეო ფაქტორების გავლენა საქართველოზე მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, მაშინ ეროვნული ბანკის შესაძლებლობა შეზღუდული იქნება. 

„თუ 2022 წელსაც გაგრძელდა გარე ფაქტორების გავლენა, ანუ მსოფლიოში პროდუქცია კიდევ გაძვირდა, მაშინ ეროვნული ბანკი ბევრს ვერაფერს დაუპირისპირებს ამ ფაქტორს. რაც შეეხება შიდა პრობლემებს, აქ შესაძლებელია, კომპენსირება მოვახდინოთ ეკონომიკის აქტიურობისა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდით. სტრატეგია ასეთი უნდა იყოს - შემოსავლები უფრო მაღალი ტემპით უნდა გაიზარდოს ინფლაციის ტემპთან შედარებით. თუ ამას მივაღწიეთ, მაშინ ფასების თემა მწვავე და მძიმე არ იქნება“, - დასძინა „რეზონანსთან“არჩვაძემ. 

ინფლაცია თავისი არსით დაფარული გადასახადია და თუ ნომინალური შემოსავალი უფრო მეტად არ იზრდება, ეს ადამიანების გაღარიბებას იწვევს. ოფიციალურად აღიარებული მონაცემებითაც კი, 2021 წლის დეკემბრის 1000 ლარს იგივე ძალა ჰქონდა, რაც 2020 წლის დეკემბერში 878 ლარს. 2020 წლის დეკემბერში 70 წლამდე პენსიონერები 220 ლარს იღებდნენ, 2021 წლის დეკემბერში _ 240 ლარს, თუმცა მსყიდველუნარიანობით 2020 წლის დეკემბრის 2020 ლარი 2021 წლის დეკემბრის 251 ლარს უთანაბრდებოდა. ანალოგიური შეიძლება ითქვას 70 წელს გადაცილებულების პენსიაზეც, რომელიც მართალია, 250-დან 275 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ 2021 წლის დეკემბერში პენსიონერი თავისი 275 ლარით იმდენივე პროდუქციის შეძენას შეძლებდა, რამდენსაც 2020 წლის დეკემბერში 241 ლარად. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ღარიბი ადამიანი საკვებზე შემოსავლის უფრო მეტ წილს ხარჯავს, მათთვის გასული წლის ინფლაცია კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდება.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ გასული წელი ძალიან მწვავე იყო და, სავარაუდოდ, ფასების ზრდა კიდევ გაგრძელდება.

„ვფიქრობდი, რა დარჩა, რას არ შეეხო ინფლაცია, რა არ გაძვირდა, მაგრამ ვერაფერი  გავიხსენე. კომუნალურ და მგზავრობის გაზრილ გადასახადებსაც ხომ ვერ დავაბრალებთ საგარეო ფაქტორებს?! გასული წელი ძალიან მწვავე იყო და, სავარაუდოდ, ფასების ზრდა გაგრძელდება, რადგან რეალურად ეს ტემპი, ჯერჯერობით, ისევ მაღალია და, სამწუხაროდ, 2022 წლის პირველი კვარტალის პროგნოზიც არ არის დამაიმედებელი. 

ეროვნული ბანკი ვარაუდობს, რომ ინფლაცია მეორე კვარტალიდან შემცირებას დაიწყებს, მაგრამ ეს უკვე მერამდენე ვარაუდია, რომელიც არ გამართლდა? 2019 წლის მეორე ნახევრიდან, ცენტრალური ბანკი ყოველ კვარტალში გვპირდება, რომ ინფლაციის ზრდის ტემპი შემცირდება, მაგრამ, ჯერჯერობით, 2 წელზე მეტი გავიდა და ინფლაცია კვლავ იზრდება“, - განუცხადა ჯანიაშვილმა „რეზონანსს“. 

ინფლაციის მოსათოკად და შესამცირებლად, გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი არაერთხელ გაზარდა, თუმცა ამ ნაბიჯს შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ინფლაცია ყოველ თვეში სულ უფრო და უფრო მაღალი იყო. 2021 წლის იანვარში ინფლაციამ 2.8% შეადგინა, თებერვალში - 3.6%, მარტსა და აპრილში - 7.2%, მაისში - 7.7%, ივნისში - 9.9%, ივლისში - 11.9%, აგვისტოში - 12.8%,  სექტემბერში - 12.5%, ოქტომბერში - 12.8%, ნოემბერში - 12.5% და დეკემბერში - 13.9%.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×