"წყვდიადი, სიცივე, -18 გრადუსი, გაიყინნენ ბავშვები, ავადმყოფები და მოხუცები..."
გვანცა წულაია
29.12.2021

მესტიას ელექტრომომარაგება კვლავ არასტაბილურად მიეწოდება. მიზეზი გაზრდილი ელექტრომოხმარებაა, რაც გამოწვეულია იმით, რომ მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის, რის გამოც ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში კრიპტოვალუტის მაინინგის ბუმია.

მოსახლეობა უკვე დახმარებას ითხოვს, ამისთვის გუშინ მათ აქციაც კი გამართეს და ცენტრალური გზა გადაკეტეს. მესტიელები „უკანონო მაინინგის" პრობლემის აღმოფხვრის მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს. 

„ჩვენთან რეგიონში სრული კატასტროფაა - წყვდიადი, სიცივე, -18 გრადუსი, გაიყინნენ ბავშვები, ავადმყოფები და მოხუცები, ბოლო 24 საათის განმავლობაში ელექტრომომარაგება არ აღმდგარა. ადგილობრივი ხელისუფლებისგან არანაირი მხარში დგომა არ გვაქვს.

თუკი ეს მაინინგს ეხება და ამის გადაწყვეტას ვერ ვპოულობთ, ადგილობრივები ვითხოვთ, გამოიყოს სპეცრაზმი, შემოვიდეს რეგიონში, დაიარონ მაინერების ფერმები და ამოიღონ, გათიშონ. მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა "უკანონო მაინინგის" აღმოფხვრაა, რისთვისაც შესაბამისი უწყებებმა ქმედითი ნაბიჯები უნდა განახორციელონ, თუმცა დღემდე არანაირი რეაგირება არ არის. 

ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რაც უშუქობამ გამოიწვია, ის არის, რომ სასტუმროებში წყლის სისტემები დასკდა და ამით ტურიზმი არა მხოლოდ წელს, მომავალი წლების განმავლობაშიც ჩაკვდება. ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების გამო, ძალიან ცუდი რეკლამა გავუკეთეთ და ტურიზმი ჩავკალით“, - განაცხადა ადგილობრივნა ანა ჩართოლანმა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, მესტიის მაღალი ძაბვის ხაზები სრულად აღდგენილია. ამ ეტაპზე, მესტიისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ფიქსირებული სქემით და მაღალი ძაბვის ორივე ხაზი ჩართულია.

„ტექნიკურმა ჯგუფებმა მოკლე დროში, წარმატებით შეასრულეს ურთულესი დავალება. ვერტმფრენის თუ სხვა სპეცტექნიკის საშუალებით მოახდინეს ავარიის ადგილის იდენტიფიცირება და შემდგომ უზრუნველჰყვეს მისი აღდგენა. ყველა ასეთი ღონისძიება გადის ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ზღვარზე, რისთვისაც მადლობა ყველა ამ თავგანწირულ პროფესიონალს, თუმცა ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, - განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.

კომპანის ხელმძღვანელი მესტიაში არსებულ უკანონო მაინინგზე საუბარობს და აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მსგავსი მოხმარებას ვერც ერთი ქსელი გაუძლებს. აქედან გამომდინარე, გამანაწილებელი კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. 

„ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც იქ არის. გარდაუვალია ავარიების განმეორება, შესაბამისად, "ენერგო-პრო ჯორჯია" სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენი ანალიზით, მოსახლეობის მოხმარებაც გაზრდილია, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული მაინერებია, რომელთა რიცხვიც, იზრდება. მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად“, - აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

ბოცვაძის თქმით, უკანონო მაინინგით მთელი რეგიონი ზარალდება. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ხელმძღვანელის თქმით, კომპანიას რეგიონში არსებული ვითარების მოგვარების გეგმაც აქვს. 

„მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ, ამის ორგანიზატორი მავნებლები აზარალებს ადგილობრივ პატიოსან მომხმარებელს და მთელს რეგიონს ორი მთავარი მიზეზის გამო:

1. მნიშვნელოვნად აზიანებენ ინფრასტრუქტურას, ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება; 

2. აახლოებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. არასდროს გვისაუბრია, თუმცა ახლა ვაცხადებთ, რომ მესტიის მოსახლეობის უფასო მომარაგებას მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა „ენერგო-პრო". 45 მილიონი ლარია დალექილი ამ რეგიონში და აბსურდულია მოსაზრება, რომ თითქოს მოსახლეობას ეკუთვნოდა ან ეკუთვნის უფასო ელექტროენერგია.

ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მინიმუმ უხერხულია დამტაცებლების თუ მოსახლეობის მხრიდან ზეწოლა თუ მუქარა ჩვენს თანამშრომლებზე ავარიული თუ გეგმიური გათიშვების არსებობის შესახებ, აგრეთვე შემაშფოთებელია კატეგორიული მოთხოვნა, რომ კომპანიამ შეუფერხებლად მოახდინოს ერთდროულად 10-15 რაიონისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება და თან ყოველგარი შეფერხების გარეშე", - აღნიშნა მიხეილ ბოცვაძემ.

ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების ფონზე, გასულ კვირას ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტების ე.წ. მაინერების გამორთვისკენ მეტიის მერიამაც მოუწოდა. საქმე ისაა, რომ წინა წლებთან შედარებით ელექტროენერგიის დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი. მესტიის თვითმმართველობის პათოსს ნათია თურნავაც უერთდება.  მინიციპალიტეტის მერი, კახა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მერიის საჯარო განცხადების შედეგადაც არ მომხდარა ე.წ. მაინერების გათიშვა. 

„განცხადება გავავრცელე და მივმართე მოსახლეობას თხოვნით, რომ გამორთონ მაინერები... ამ შემთხვევაში „ენერგო პრო ჯორჯიამ“ უნდა მიმართოს შსს-ს, ფუნქციების აღრევა რომ არ მოხდეს... მათ დენზეა საუბარი.. რა გგონიათ, მე ყველა ოჯახში შევდივარ და ბიტკოინებს ვამოწმებ?! რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ გამჭვირვალედ და მე მგონი, საკმარისად იღებთ ყველა ინფორმაციას და ზედმეტად არავის საქმეში ვერევი. მეტი როგორ აგიხსნათ?!”, - განაცხადა მესტიის მერმა „ბიზნეს მედიასთან”. 

მესტიაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა დანარჩენ სამთო-სათხილამურო კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონი 25 დეკემბერს გაიხსნა, მაგრამ ამ დრომდე გაჩერებულია ჰაწვალის და თეთნულდის საბაგიროები. მიზეზი არასტაბილური ელექტრომომარაგებაა.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარის დავით ნარმანიას აზრით, „სვანეთში უნდა გაითიშოს „უკანონო მაინინგები", რომელმაც ქსელი დაამძიმა და თუ საჭიროება მოითხოვს, უნდა დაყადაღდეს კიდეც".

„90-იან წლებში სვანეთის მოსახლეობასთან შეთანხების შედეგად, მოსახლეობა აღარ იხდის ელექტროენერგიის ტარიფს. კომერციული სექტორი მინიმალურ დონეზე ფარავს, თუმცა იქაც ამოღების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ეს კი განაპირობებს იმას, რომ ქსელის დატვირთვის და გადატვირთვის პირობებში, რომელიც დიდწილად მაინინგებით არის დატვირთული, განაპირობებს მაღალ მოხმარებას, 17-18 მეგავატია ბოლო პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, რაც ჯამურად აღემატება მეზობელი 3 მუნიციპალიტეტის - ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს ელექტროენერგიის მოხმარებას. 

უნდა მოხდეს რეაგირება მაინინგების შეზღუდვის კუთხით, რათა ობიექტებს, რომლებსაც სჭირდებათ ყველაზე მეტად ენერგია - ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს, საბაგიროებს, უწყვეტად მიეწოდოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ გადაიხდის, მაშინ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას" ვერავინ მოთხოვს მესტიისთვის ელექტროენერგიის ხარისხიან და უწყვეტ მიწოდებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×