დიდი ცვლილებებისთვის საფუძველი თითქმის მომზადებულია
გვანცა წულაია
28.12.2021

საქართველოში მედიკამენტების ღირებულებამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია. ფასი გამუდმებით მატულობს, რაც ოფიციალური სტატისტიკითაც აშკარაა. შემაჩერებელი მექანიზმი კი ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ პრემიერის კატეგორიული მოთხოვნით, პრობლემა უნდა გადაიჭრას, რაც მომავალი წლიდან დაიწყება. დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა „რეზონანსმა” რამდენიმე შესაძლო მოსალოდნელი ცვლილება გაარკვია. 

იქამდე კი, სანამ ზოგადად პრობლემის მოგვარებაზე საუბარი დაიწყებოდა, ქვეყანაში მედიკამენტები საგანგაშოდ გაძვირდა. ბაზარზე სრული განუკითხაობაა. მართალია, პრემიერმა პირობა დადო, წამლების საკითხი ისე დარეგულირდება, რომ არც მოსახლეობა და არც ბიზნესი არ დაზარალდებაო, მაგრამ ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, როგორ მოხდება ფასების შემცირება ან საერთოდ, გააჩნია თუ არა ქვეყანას ამის რესურსი.

არასტაბილური ვალუტის კურსი, გაზრდილი საოპერაციო ხარჯები და კონკურენცია - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომელთაც სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები წლის განმავლობაში მედიკამენტების ფასნამატზე საუბრისას ასახელებენ. როგორც „ბიზნეს მედიას” სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში განუცხადეს, მომხმარებლისთვის ლოიალური პირობების შესაქმნელად ცდილობენ, რიგ მედიკამენტებზე, ძირითადად კი ქრონიკულ პრეპარატებზე, ფასდაკლებები დააწესონ, თუმცა ფასნამატი მომხმარებლის ბიუჯეტს მაინც მნიშვნელოვნად ეტყობა.

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების ნუსხა და მთელი წლის განმავლობაში ფასთა დინამიკა ასეთია: 

„დეტრალექსი” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 56,7 ლ, დღეს ღირს  64,2 ლ; 

„ნო-შპა” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 17,6 ლ, დღეს ღირს 19,6 ლ;

„კარდიომაგნილი” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 13,9 ლ, დღეს ღირს 14,8 ლ; 

„ნიმესილი” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 20,02 ლ, დღეს ღირს 22,2 ლ;

„ტრიპლიქსამი” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 59,29 ლ, დღეს ღირს 69,2 ლ; 

„ქსარელტო” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 225 ლ, დღეს ღირს 262,65 ლ; 

„ამრადიპინი” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 44,05 ლ, დღეს ღირს 46,75 ლ; 

„სიოფორი” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 10,41 ლ, დღეს ღირს 11,55 ლ; 

„დიაბეტონი“ - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 19,06 ლ, დღეს ღირს 22,25 ლ.

„ჯიპისის“მოთხოვნადი სააფთიაქო პროდუქტების ღირებულება 2021 წლის 1-ლი იანვრისა და წლის ბოლოს არსებული მონაცემების მიხედვით ასეთია: 

„ნიმესილი” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 0,67 ლ, დღეს ღირს 0,74 ლ; „ნო-შპა” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 1,8 ლ, დღეს ღირს 1,96 ლ; „შპრიცი” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 0,16 ლ, დღეს ღირს 0,2 ლ; „კორსიზი” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 1,9 ლ, დღეს ღირს 1,97 ლ; „ციტრამონი” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 0,25 ლ, დღეს ღირს 0,3 ლ; „კარდიომაგნილი” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 1,39 ლ, დღეს ღირს 1,48 ლ; 

„ტერაფლუ” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 2,62 ლ, დღეს ღირს 2,62 ლ; ხელთათმანი - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 0,85 ლ, დღეს ღირს 0,95 ლ; 

ლეიკოპლასტირი - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 0,4 ლ, დღეს ღირს 0,45 ლ. 

მაშინ, როცა ქვეყანაში წამლები გამუდმებით ძვირდება, პრემიერმა განაცხადა, რომ თურქეთიდან (სადაც მედიკამენტები იაფია) წამლების შემოტანა რატომღაც აკრძალულია, თუმცა სტატისტიკა სულ სხვა რამეზე მეტყველებს. თურქეთი მეორე ქვეყანაა, საიდანაც საქართველო მედიკამენტების იმპორტს ახორციელებს, თუმცა, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, უფრო მწვავე კითხვა ჩნდება - რატომ ღირს საქართველოში წამლები ასეთი ძვირი, როდესაც მეზობელ თურქეთში ღირებულება 3-ჯერ და 4-ჯერ ნაკლებიც კია? 

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში თურქეთიდან 40,142 მლნ დოლარის ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 12%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, წელს 11 თვეში ქვეყანამ 334,321 მლნ დოლარის ღირებულების შეფუთული წამალი იყიდა, ჯამში, 67 ქვეყანაში: 

გერმანია - 46,166 მლნ დოლარი, თურქეთი - 40,142 მლნ დოლარი, უნგრეთი - 32,509 მლნ დოლარი, საფრანგეთი - 28,709 მლნ დოლარი, უკრაინა - 18,519 მლნ დოლარი. 

ამასთან, წელს 11 თვეში საქართველომ 9,713 მლნ დოლარის ღირებულების დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებები შეიძინა, სულ 19 ქვეყანაში და თურქეთი იმპორტიორების სიაში არ არის.

როგორც ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი ვატო სურგულაძე მიიჩნევს, არ იქნება კორექტული იმის შედარება, თუ რატომ არის თურქეთში წამლები იაფი და ჩვენთან - ძვირი. 

„თურქეთი თავად აწარმოებს და ძალიან ძლიერი ფარმაკოლოგიური ინდუსტრია აქვს. წამლები ძვირდება ყველა ქვეყანაში და ეს არის ნორმალური პროცესი, მაგრამ თურქეთი, ჩვენგან განსხვავებით, აკეთებს ე.წ. სახელმწიფო ინდექსაციას, ანუ იმ პროცენტს, რაც ძვირდება, ქვეყანა რაღაც პერიოდის განმავლობაში იღებს თავის თავზე და ამით არც მოქალაქე, არც მწარმოებელი და არც შემომტანი კომპანია არ ზარალდება. 

გარდა ამისა, თურქეთში ადგილობრივ მწარმოებელს ძალიან ბევრი პრივილეგია აქვს, რაც ჩვენთან არ არის. სახელმწიფოსგან მათ ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ როგორც წარმოების, ისე ქვეყნის გარეთ გატანის კუთხით, ამიტომ იქ სულ სხვა სიტუაციაა და შედარება, რომ რატომ არის თურქეთში წამლები იაფი და ჩვენთან ძვირი, არ იქნება კორექტული”, - განაცხადა ვატო სურგულაძემ „რეზონანსთან” და დასძინა, რომ, მთავრობის ჩარევის შემდეგ, ბიზნესი გამოსავალს მაინც იპოვის, ასამოქმედებელი კი არის სუბსიდირების პროგრამა და სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ახალ მომწოდებლებს, მცირე კომპანიების განვითარებას. 

„ამ სიტუაციიდან ბიზნესი გამოსავალს მაინც იპოვის და შეიძლება, მედიკამენტების უფრო გაძვირება მივიღოთ ან ის, რაც მოხდა რუსეთში – როდესაც ლიმიტი დააწესეს, ხარისხიანი და ბრენდული მედიკამენტები გაქრა ბაზრიდან. თუ საქართველოში დააწესებენ ლიმიტს ან მოგებაზე, ან შემოტანაზე, ან ფასზე, ამას მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი შედეგი ექნება მთლიანად მოსახლეობისათვის. 

შემოსატანია სუბსიდირების კომპონენტი. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ახალ მომწოდებელს, მცირე კომპანიების განვითარებას და სხვა უამრავი მეთოდი არსებობს. აკრძალვა და ლიმიტის დაწესება არის ყველაზე არასწორი გამოსავალი. ქვეყანაში ოლოგოპოლიაა ჩამოყალიბებული. მთელი ფარმაკოლოგიური ბაზრის 83%-ს სამი კომპანია მართავს. ოლოგოპოლიის დაშლა არის ძალიან რთული, თუმცა _ შესაძლებელი”, - დასძინა „რეზონანსთან” სურგულაძემ. 

მედიკამენტების მაღალი ფასი მოსახლეობას განსაკუთრებულად აწუხებს, ამიტომ საკითხზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთებით _ პანდემიის პირობებში, როცა კოვიდინფიცირებულების უმეტესობა მკურნალობას სახლის პირობებში, საკუთარი სახსრებით გადის. 

კომპანიის „გახსოვდეს ჰიპოკრატე” ხელმძღვანელი, მარინა ბერაძე აცხადებს, რომ საქართველოზე იაფი წამლები არა მხოლოდ თურქეთში, არამედ ყველგან არის. 

„ჩვენთან ეს პრობლემა ყოველთვის არსებობდა და ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოში ფარმაციის თემა სრულიად დერეგულირებულია. არ გვაქვს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ გვქონდეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალებები. 

აჭარაში მცხოვრებლები ძალიან ხშირად გადადიოდნენ თურქეთში, თავიანთთვის და შეიძლება, ახლობლებისთვისაც ყიდულობდნენ წამლებს და გიგანტი ფარმაციის კომპანიებისთვის ეს აღმოჩნდა მიუღებელი, ამიტომ, ბოლო პერიოდში, საზღვარზე ხდებოდა ფასების შედარება და ფასნამატი, რომლითაც აქ იყიდებოდა წამალი, იმის გადახდა უწევდათ მოქალაქეებს. ეს გზაც მოისპო, რომ ადამიანს თურქეთში წამალი იაფად ეყიდა”, - განაცხადა მარინა ბერაძემ „რეზონანსთან” და დასძინა, რომ აუცილებელია, სისტემური ცვლილება მოხდეს.

„პრემიერის ინიციატივა საჭირო კი არა, დაგვიანებულია. ეს აუცილებლად გასატარებელია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ძალიან დიდი და სისტემური პრობლემა, ამიტომ 1-2 ღონისძიება სურათს ძირეულად ვერ შეცვლის. ამისათვის საჭიროა სისტემურად თანმიმდევრული ცვლილებების განხორციელება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვინც ამ ბიზნესშია ჩართული, ძალიან დიდ წინააღმდეგობას გასწევეს, რადგან ეს არის ყველაზე მომგებიანი საქმიანობა და თანაც, პანდემიის პერიოდში ეს არის ბიზნესი, რომელმაც მოიტანა ზემოგებები. 

პრემიერის ინიციატივა შეიძლება, ყველას ძალიან მოგვეწონა, მაგრამ ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ სანამ არ გადაიდგმება რეალური ნაბიჯი, მანამ ძალიანაც ნუ გავიხარებთ. მინდა და მივესალმები, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება. ერთი გავიგეთ, რომ შევეცდებით, წამლებს თურქეთიდან შემოვიტანთ და ფასი არ იქნება 20%-ზე მეტი, ანუ ზედა ზღვარი დაწესდება. ეს ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს არა მხოლოდ თურქეთიდან შემოტანილ წამლებზე, არამედ ზოგადად. კიდევ ერთი ინფორმაცია მაქვს, რომ სახელმწიფო ლაბორატორია გაკეთდება, ანუ ხარისხის შემოწმების და ეს ძალიან კარგია. 

იდეა შეიძლება, კარგი იყოს. მაგრამ უნდა ვნახოთ, როგორ განხორციელდება, ვინ ჩაიბარებს, ვინ იქნება პასუხისმგებელი, რა მექანიზმები იქნება და ა.შ. თუ იქნება პოლიტიკური ნება, სისტემასთან ბრძოლა, შეცდომების აღიარება, მაშინ გამოუსწორებელი არაფერია”, - განუცხადა „რეზონანსს” მარინა ბერაძემ. 

მთავრობის გაანგარიშებით, ახალი რეგულაციის საშუალებით წამლების ფასი 40-50%-ის ფარგლებში დაიკლებს, რაც თითო ოჯახს ჯანდაცვის ხარჯს, მინიმუმ, 15%-ით შეუმცირებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×