რუსეთი იმპორტიორ ქვეყნებს მარწუხებში აქცევს
გვანცა წულაია
02.12.2021

რუსული ხორბალი კიდევ გაძვირდა. უკვე მეორე დღეა აექსპორტო გადასახადი 78.3 დოლარიდან 80.8 დოლარამდე გაიზარდა.  რადგანც საქართველო რუსულ ბაზარზეა „ჩამოკიდებული“ შესაძლოა, შექმნილი ვითარების გამო, ქვეყანაში პურის გაძვირების მორიგი საფრთხე წარმოიქმნას. ყოველ შემთხვევაში, სფეროს სპეციალისტები ასეთ  სურათს არ გამოირიცხავენ. 

მართალია, ხორბალზე საბაჟო გადასახადის გაზრდის გამო, საქართველოს ფქვილის იმპორტი გაიზარდა, მაგრამ პრობლემა მაინც არსებობს. საქართველოს რუსული ფქვილის შემოტანა უფრო იაფი უჯდება, ვიდრე შემოტანილი ხორბლისგან გადამუშავებული ფქვილი, მაგრამ ქვეყანა მარცვლეულის იმპორტს მაინც ეწევა. 

გარდა იმისა, რომ ხორბალი ძვირდება, უკვე ძნელადაც იშოვება, მაგრამ ასეთ სიტუაციაში სახელმწიფო საკმაოდ იმედიანადაა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტრატეგიულ მარაგს საფრთხე არ ემუქრება, საქართველოში ბოლო თვეში 30 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა.

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა კი ამასობაში საქართველოში პურის გაძვირებას არ გამორიცხავს:

„15 თებერვლიდან რუსეთი დამატებითი რეგულაციებს, ანუ ე.წ. კვოტირების შემოღებასაც გეგმავს და ეს ხორბალს კიდევ უფრო გააძვირებს. შესაბამისად, პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში პური გაძვირდეს, სავსებით რეალურია", - განაცხადა სილაგავამ. 

მეპურეებს დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ მიმდინარე 1 თვის განმავლობაში ფასის შენარჩუნება შესაძლებელია, თუმცა გაძვირდება თუ არა პური ახალი წლის შემდეგ, დამოკიდებული იქნება ხორბლის იმპორტის მოცულობაზე და იმაზეც, თუ რა ზომებს  მიიღებს მთავრობა მაღალი ფასის დასაბალანსებლად. მთავრობაში კი, ჯერჯერობით, არაფერს არ ამბობენ. მხოლოდ ლევან დავითაშვილმა რამდენიმე ხნის წინ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა საქმეში ჩაერეოდა.

ძნელი სათქმელია, თუ როდიდან შეიძლება გაძვირების აუცილებლობა დადგეს, თუმცა პურის ფასი რომ გაიზრდება, ამას  სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტი, გიორგი დოლიძე ადასტურებს.  

„პირველ რიგში, დავიწყოთ იქიდან, რომ პური გაძვირდება. იგი არ არის მარტო ხორბლის პროდუქტი. ეს იქმნება ყველაფრისგან, რაც სჭირდება მის წარმოებას:  ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, საწვავი, საჭირო ნაწილები და ა.შ. აქედან გამომდინარე, პურის გაძვირება გარდაუვალია. მსოფლიო ბაზარზე ხორბალის ფასი ალბათ, კიდევ მოიმატებს. რუსეთი მარცვლეულზე ზრდის გადასახადს და ფქვილზე - არა. ამიტომ საქართველოში შემოვა რუსული ფქვილი, რათა მათმა წისქვილებმა იმუშავოს და ჩვენი დაინგრეს, ისევე, როგორც დაინგრა პურის სისტემა. ეს მუშაობა არ არის. საქართველოში სიმწრით შექმნილი წარმოებები ფაქტიურად განადგურდა, ზოგი ვალებში ჩავარდა. მე საერთოდ შევაჩერე მუშაობა. 

კითხვას ასე კი არ პური რატომ გაძვირდა, არამედ პური რატომ არ ღირს 2 ლარი? თუ კი წყალის ფასმა მოიტამა, როგორ შეიძლება პური იგივე ღირდეს? ეს ხომ აბსურდია. ასევე საწვავი გაძვირდა და როგორ ხდება პურის დისტრიბუცია ძველებურად?“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი დოლიძემ და დასძინა, რომ ასეთ სიტუაციაში სახელმწიფოს ბერკეტი არ გააჩნია. 

„მთავრობას ახლა ბერკეტი აღარ გააჩნია. სუბსიდირება არ უნდა ყოფილიყო თავიდან. ფასები მთლიანად უნდა გაეშვათ. მაღაზიები არ უნდა იყოს სიტუაციის გადამწყვეტი. სწორედ მაღაზიებიდან არეგულირებენ ფასს. ბევრი რამე არის არანორმალური და ეს ერთობლიობა იწვევს მთელი სისტემის განადგურებას. სახელმწიფო ხომ რაღაც უძირო ქვევრი არ არის, რამდენი შეუძლია მან დააფინანოს? დაფინანსება შეიძლება 2-3 თვით, გარდამავლი ეტაპისთვის, სუბსიდია კი თვეობით გაგრძელდა, თითქმის ერთი წელი. ეს შედეგს არ მოტანდა. ტყუილად ამდენი ფული გადაიყარა. 

როგორც თავისუფალი ბაზარი მოითხოვდა, ისე უნდა წასულიყო საქმე და ყოველ დღეს თითო თეთრით გაძვირებულიყო. მესმის, რომ რთულია, მაგრამ ადამიანი შეეჩვეოდა ფსიქოლოგიურად. ერთიანად გაძვირებას, ეტაპობრივად ფასის მომატება სჯობს“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×