ჯავშნები კეთდება, მაგრამ შეზღუდვების შემოღებისთანავე ერთბაშად გაუქმდება
გვანცა წულაია
14.10.2021

საქართველოში რეგულაციების დიდი ნაწილი გაუქმებულია, თუმცა მუდმივად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ტალღა იწყება, რამაც შესაძლოა, მორიგი შეზღუდვების წინაშე დაგვაყენოს. ამჟამად მეხუთე ტალღაა დაანონსებული, ეს კი დიდ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ეკონომიკისთვის, ისე ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი, ზამთრის სეზონისთვის, რომელიც ქვეყანაში ორ თვეში დაიწყება. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ თეთრი ტურიზმის პერსპექტივა ბუნდოვანია.

კორონავირუსის ეფექტი იმდენად დიდია, რომ კრიზისის დაძლევა ჯერ ვერ მოხეხრდა. წინ ზამთრის სეზონია, ტურიზმმა კრიზისისგან თავი უნდა დაიძვრინოს, თუმცა მოლოდინი არც ისე სახარბიელოა. გარდა იმისა, რომ დარგი დიდწილად ამინდზეა დამოკიდებული, ვირუსთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგების პროგნოზიც არასაიმედოა. 

როგორც "რეზონანსმა” გაარკვია, სასტუმროებში ჯავშნები უკვე კეთდება. ბიზნესის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მთელი ზამთარი შეზღუდვების გარეშე ჩაივლის, რათა ჯავშნები არ გაუქმეს, მაგრამ ეს მხოლოდ სურვილია. 

“ჩვენთან რამდენიმე ჯავშანი უკვე გაკეთდა, თუმცა ეს ცოტაა. ჩვეულებრივ ვითარებაში, ამ დროს უკვე ბევრი წინასწარი შეკვეთა გვქონდა ხოლმე, თუმცა არსებული მდგომარეობა ამის საშუალებას აღარ იძლევა. სასტუმროების წარმომადგენლებს, როდესაც ვითარებას თვალს ვადევნებთ, გვეშინია კიდეც, არ ვიცით ვითარება უცებ როგორ შეიცვლება. 

საფრთხეს ვგრძნობთ, რადგან ქვეყანაში მეხუთე ტალღაა მოსალოდნელი. სულ რომ არაფერი მოხდეს და მშვიდად ჩაიაროს, ეს ხალხს მაინც აშინებს და სიფრთხილის გამო, უმატესობა დასვენებისგან თავს იკავებს, მით უმეტეს ზამთარში. ჩვენს ბიზნესს მუშაობა ჰაერივით სჭირდება. ეს სეზონიც რომ ჩავარდეს, სასტუმროებს საერთოდ გამოეთხრება ძირი. ახლა თუ რამის მცირედი იმედი არსებობს, სიტუაციის გართულების შემთხვევაში, ეს იმედი საერთოდ გაქრება”, - განუცხადეს “რეზონანსს” ბაკურიანში მდებარე ერთ-ერთი საოჯახო ტიპის სასტუმროში. 

ჯავშნები კეთდება მესტიაშიც, სადაც ასევე იმედოვნებენ, რომ ზამთრის სეზონი შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. 

“ჩვენს სასტუმროში ჯავშნები უკვე გაკეთებულია, ძირითადად, უკრაინული კომპანიებია, ტურისტები არიან ბელორუსიიდანაც. დაახლოებით, 6 შეკვეთა უკვე მიღებული გვაქვს. თებერვალი თითქმის სულ დაჯავშნილია და ასევე, იანვრის ბოლო. ვიმედოვნებ, რომ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, შეზღუდვები არ დაწესდება. თუ ასე მოხდა ჯავშნები მაშინვე გაუქმდება”, - განუცხადეს “რეზონანსს” მესტიაში მდებარე სასტუმრო “უშბაში". 

პანდემიამ ტურიზმის სფერო იმდენად ჩაძირა, რომ სპეციალისტები დიდ იმედს ვერც წლევანდელ სეზონზე ამყარებენ. დაანონსებული მეხუთე ტალღა უკვე პრობლემას ქმნის და შეზღუდვების დაბრუნების ეჭვს აჩენს, რის შემდეგადაც სეზონის ჩავარდნის საფრთხე იქმნება. 

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი მანანა ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, თეთრი ტურიზმის პერსპექტივა ბუნდოვანია. გუდაურში ჯავშნები გაკეთდა, თუმცა, თუ სიტუაცია გართულდა და ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდება, ჯავშნები გაუქმდება.  

“ვერ გეტყვით, რომ ზამთრის ტურიმზმს დიდი პერსპექტივა გააჩნია, კორონავირუსის სიტუაციიდან გამომდინარე. მანამდე, სანამ ინფიცირების შემთხვევები ასე მოიმატებდა, აბსოლუტური მზადყოფნა იყო გუდაურში, სასტუმროებში ჯავშნებიც გაკეთდა. ახლა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისევ დამძიმდა და ძალიან უპროგნოზოა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. სპეციალისტებმა მითხრეს, რომ, გასულ წელთან შედარებით, 12-13%-ით მეტი შეიძლება იყო ჯავშნების ოდენობა, მაგრამ 2020 წელი ძალიან მძიმე იყო და ეს არ იქნება დიდი შედეგი. 

გუდაურში გაკეთებული ჯავშნები ჯერ მოხსნილი არ არის. ახალმა სასტუმროებმაც დაიწყო ფუნქციობა, მაგრამ ზოგადი ტენდენციაა, რომ თუ ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა და ისევ ჩაკეტვის წინაშე აღმოვჩნდით, შეიძლება მასობრივად გაუქმდეს ჯავშნები და საქართველოში ტურისტები არ ჩამოვიდნენ”, - განუცხადა “რეზონანსს” მანანა ალადაშვილმა. 

შარშან, ზამთრის სეზონზე საკმაოდ მძიმე ვითარება შეიქმნა, რადგან თითქმის, მთელი 3 თვის განმავლობაში, ქვეყანაში შეზღუდვები მოქმედებდა. მართალია, კურორტები მუშაობას მაინც ახერხებდნენ, თუმცა დიდი დატვირთვით ვერა, რამაც ტურიზმი იმდენად დააზარალა, რომ ძალების აღდგენა დღემდე ძალიან უჭირთ. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ აუცილებელია ტურიზმმა შეზღდვებისა და მძიმე მოლოდინის გარეშე მაშაობა განაგრძოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი იქნება უმძიმესი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×