სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "სტუმარი ძალიან მიყვარს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი გამასპინძლების საშუალება აღარ მაქვს
    ქეთი თოდუა
    18.09.2009

    მრავალი ქართული ტრადიცია შეიცვალა და თანამედროვე ცხოვრებას მოერგო. საინტერესოა, შეიცვალა თუ არა სტუმრისადმი დამოკიდებულებაც. ეკონომიკური გაჭირვება ხშირად სტუმარს არც თუ ისე სასურველს ხდის. საინტერესოა, უხარიათ თუ არა ისევ ქართველებს სტუმრის მიღება და ახერხებენ თუ არა მათთვის სათანადოდ გამასპინძლებას.
    ნინო ელდარაშვილს სტუმრის მისვლა ყოველთვის უხარია. მისი ოჯახი სტუმრიანობით გამოირჩევა, თუმცა, როგორც ნინომ გაგვანდო, სტუმრის დასახვედრად ის დიდ სუფრეს არ შლის. სახლში მისული ხალხის ტრადიციული კერძებით გამასპინძლებას აუცილებლად არ მიიჩნევს:
    "სტუმარი, ჩემი აზრით, ნებისმიერი ადამიანისათვის სასიხარულოა. ყოველ დღე ჩემს სახლში ვინმე რომ არ მოვიდეს არ შეიძლება, მეც დიდი სიხარულით ვიღებ მათ. სტუმრების გასამასპინძლებლად განსაკუთრებულად არ ვემზადები. სახლში რაც მაქვს, იმას ვთავაზობ ხოლმე. არ მიმაჩნია აუცილებლად ყველა მომსვლელს სუფრა გავუწყო და სადღეგრძელოები ვათქმევინო. ასეთი ცერემონიები დღესასწაულებზე უფრო შეიძლება.
    ყავა, ტკბილეული, ნამცხვრები, ხაჭაპური - სტუმრის გამასპინძლებისათვის საუკეთესო პროდუქტებია, თან იაფადაც გამოხვალ. ეს ყველაფერი ოჯახში ყოელთვის არის და ზედმეტი ხარჯი არ გჭირდება სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად. მე ვთვლი, რომ სტუმარი მასპინძლის შესაწუხებლად არ მოდის და მასაც არ უნდა სიამოვნებდეს მისი მისვლისთანავე დიასახლისმა მაღაზიაში რომ უნდა ჩაირბინოს პროდუქტების ამოსაზიდად, მერე სამზარეულოში შევარდეს და რამე კერძის მომზადება დაიწყოს", - ამბობს ნინო ელდარაშვილი.
    სტუმრის გამასპინძლების ტრადიცია საქართველოს რაიონებსა და სოფლებში უფრო არის შემორჩენილი. ამას ადვილად შეამჩნევთ, როგორც კი თბილისს გასცდებით. წელს ანა სიგუამ თავისი ბათუმელი მასპინძლისაგან სტუმარ-მასპინძლობასთან დაკავშირებით შენიშვნაც კი მიიღო.
    "სტუმარი ძალიან მიყვარს, მაგრამ არ ვთვლი, რომ შენთან სახლში მოსულ ადამიანს განსაკუთრებულად უნდა გაუმასპინძლდე, სხვისგანაც არ ვითხოვ ამას. ნაცნობთან რომ მივალ, ყავაც რომ არ შემომთავაზოს, ამას ყურადღებას არ მივაქცევ და ჭორაობას არ დავიწყებ, რომ იმ ოჯახმა გამასპინძლება და სტუმრის პატივისცემა არ იცის. იქნებ არ აქვთ საშუალება, რომ სტუმარს შოკოლადი, ნამცხვრები მიართვან ან თუნდაც სადილად მიიპატიჟონ?!
    ზაფხულში ბათუმში ვიყავი და ჩემმა მასპინძელმა მითხრა, თბილისელებმა არ იცით სტუმარს როგორ გაუმასპინძლდეთო. სახლში ვინმე რომ მოვა, ისე ჰკითხავთ, ყავა გინდაო, რომ მინდას თქმა შერცხვებაო. ჩვენ კი ამას სტუმარს არც კი ვეკითხებითო.
    ბათუმში ვისთანაც არ უნდა შეხვიდე, მართლა არც გკითხავენ, გინდა თუ არა - აუცილებლად მოგიდუღებენ ყავას, გაიქცევიან მაღაზიაში, ტკბილეულს მოიტანენ და სადილადაც მიგიპატიჟებენ. პრინციპში, თბილისშიც ბლომად არის ოჯახები, რომლებისთვისაც სტუმრების გამასპინძლება განსაკუთრებული რიტუალია", - აცხადებს ანა სიგუა.
    თბილისში მართლაც ბევრია ოჯახი, რომლებიც სტუმარ-მასპინძლობის ძველ ტრადიციას არ ივიწყებენ. ისინი თითოეული ადამიანის სტუმრობას განსაკუთრებულ პატივად მიიჩნევენ და მათ დასახვედრადაც საგანგებოდ ემზადებიან.
    ასეთი ოჯახების რიცხვში ხარატიშვილების ოჯახიც შედის. წლების წინ მათ ოჯახში ხშირად იშლებოდა ტრადიციული სუფრა, რომელსაც გარშემო ათობით სტუმარი უსხდა. ოჯახის ეკონომიურ გაჭირვებასთან ერთად, მსგავსი სუფრები სულ უფრო იშვიათად იშლებოდა. ახლა ოჯახის დიასახლისი სუფრის გარშემო სტუმრებს მხოლოდ დღესასწაულებზე ეპატიჟება.
    "სტუმარი ძალიან მიყვარს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი გამასპინძლების საშუალება აღარ მაქვს. მე, როგორც ტრადიციულ ქართველს, მიმაჩნია, როცა ადამიანი გაფასებს და შენთან სტუმრად მოდის, შენც შესაბამისად უნდა დააფასო - პატარა სუფრა მაინც უნდა გაუშალო. ამის საშუალება კი აღარ გვაქვს.
    სახლში მოსულ სტუმარს კი მარტო ყავას ვერ შევთავაზებ. ამიტომ, ჩვენთან სტუმრების რაოდენობამ ბოლო პერიოდში იკლო. მათ მხოლოდ დღესასწაულებზე თუ ვეპატიჟებით. სხვა პერიოდში ზედმეტ ხარჯს ვერიდებით. თუ ვინმე ძალიან მომენატრება, ტელეფონით ვკითხულობ მის ამბავს.
    ვცდილობ, მეც არ ვიარო ხშირად სტუმრად. როგორც მე არ მაქვს ხალხის გამასპინძლების საშუალება, ასევე შეიძლება არ ჰქონდეს სხვასაც. მათ უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას ვერიდები და ძირითადად, სახლში ვზივარ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბარში მედეა ხარატიშვილმა.
    სტუმრის გამასპინძლებას დიდ ყურადღებას აქცევენ მამაკაცებიც. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ სტუმრისათვის სუფრის გაწყობა აუცილებელია, შესაბამისად, ოჯახში სტუმრის მისვლა დამატებით ხარჯთან ასოცირდება.
    თემურ კორკოტაძე თავს ვალდებულად გრძნობს სახლში მისული სტუმარი სუფრასთან მიიპატიჟოს და რამდენიმე ჭიქა ღვინოც დაალევინოს: "გააჩნია სტუმარს, თუ ძალიან ახლო ნათესავები მოდიან, მათ შეიძლება მარტო ყავა და ხილი შესთავაზო. მეგობრები და ნაცნობები კი აუცილებლად სუფასთან უნდა მიიპატიჟო. მე ასე მასწავლიდნენ ბავშვობაში და დღემდე ვცდილობ ეს წესები არ დავარღვიო.
    სტუმარი ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს ხშირად ვეღარ ვახერხებ მათ გამასპინძლებას. როცა თვიდან თვემდე გათვლილი გაქვს, როგორ უნდა დახარჯო თითოეული ლარი, სტუმრის გასამასპინძლებელი ფული უკვე ზედმეტ ხარჯად ითვლება.
    ალბათ, გამასპინძლების ტრადიციასაც თავისი ასაკი აქვს. ჩემი შვილის ამხანაგები რომ მოდიან, ღვინოს მათ არავინ სთავაზობს. ახალი თაობისთვის სასაცილოც კი არის ასე თავის გამოდება. ქართული ტრადიციები მათთვის ნელ-ნელა მიუღებელი და უცხო ხდება", - უთხრა "რეზონანსს" თემურ კორკოტაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter