ნიკა მელიას დაკავებამ შეიძლება, მოკლე პერიოდში არასტაბილურობის განცდა გააჩინოს, თუმცა მომავალში კანონის პატივისცემას ყველა ისწავლის
გვანცა წულაია
23.02.2021

საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა გარემოებამ შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს. მთავრობის შეცვლამ და ნიკა მელიას წინააღმდეგ პრინციპულმა მიდგომამ ბევრი რამ შეიძლება, შეცვალოს. ამით ეკონომიკას შეიძლება, საფრთხე შეექმნას ანდა პირიქით - მის განვითარებას შეეწყოს ხელი. ორად იყოფა სპეციალისტთა აზრიც. მათი ნაწილი ახალი მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკას იწუნებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სტაბილურობის გარანტია და სწორედ სტაბილურობის განცდა მოიტანს ეკონომიკურ შედეგსაც.

როგორც აღმოჩნდა, ახალ მთავრობას, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და ეპიდემიოლოგიურად, პრინციპული მიდგომა აღმოაჩნდა. ახალმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა. ეს, ერთი მხრივ, ეკონომიკის განვითარებას შანსს აძლევს, რადგან დაწესებული შეზღუდვები მალე მოიხსნება, მეორე მხრივ კი, ისედაც მძიმე ვითარებას მეტად ძაბავს, რადგან პოლიტიკური პროცესი, საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე გავლენას მაინც ახდენს. 

უცხოელ ბიზნესმენებს ქვეყანაში არასტაბილური გარემო აფრთხობთ, ამიტომ დღეს არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ მათ ნაწილს შესაძლოა, საქართველოში ინვესტიციის ჩადების სურვილი გაუქროს. სწორედ ამის შესახებ საუბრობენ სპეციალისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ ქვეყანაში ჯერ პოლიტიკური გარემო უნდა გამოსწორდეს და დალაგდეს, ამის შემდეგ კი შეიძლება, ეკონომიკაც განვითარდეს, რადგან არსებული დაძაბულობა ინვესტორებს კაპიტალის დაბანდების სურვილს უკარგავს. 

როგორც ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი აღნიშნავს, იმისთვის, რომ ქვეყანამ ეკონომიკის განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა შეძლოს, პირველ რიგში, პოლიტიკური სიტუაციის დალაგებაა აუცილებელი. 

„პოლიტიკური სტაბილურობა და ეკონომიკის განვითარება ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. შესაბამისად, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურად სტაბილური გარემო არ იქნება, არც მსხვილ ინვესტორებს, არც კორპორაციებს არ ექნებათ იმის სურვილი, რომ საქართველოში დააბანდონ ფული. აქედან გამომდინარე, პირველი, რაც უნდა მოგვარდეს, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რადგან ბიზნესს მომავალში ჰქონდეს პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობა. ახლანდელი გამოწვევები პირდაპირ და ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. 

ფუნდამენტური პრობლემები არის მოსაგვარებელი. საინვესტიციო კუთხით, ერთი დღეა საჭირო იმისთვის, რომ ნდობა დავკარგოთ და წლებია საჭირო მის აღსადგენად. ახლა საქართველოს ნდობა დაკარგული აქვს, კიდევ კარგავს და მის აღდგენაზე არავინ ფიქრობს. ამიტომ ქვეყნის ეკონომიკაში ფულის ჩადებაზე ვინ იფიქრებს?” - განუცხადა „რეზონანსს” ირაკლი ყიფიანმა. 

იმას, რასაც აქამდე გიორგი გახარია ვერ აკეთებდა გარკვეული მოსაზრების გამო, ირაკლი ღარიბაშვილი ხელის ერთი მოსმით უპირისპირდება. ახალი პრემიერი მტკიცედ აპირებს, ბიზნესს მუშაობის შესაძლებლობა მისცეს, რაც თითქმის ერთი წელია, კორონავირუსის გამო ვერ ხერხდება. 

სწორედ ამიტომ, რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს სპეციალისტთა ნაწილს. მათი აზრით, პოლიტიკური პროცესი ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას ხელს ნამდვილად უშლის, მაგრამ ახალი პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობის იმედს აჩენს.

ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია არის ძალიან სწორი და დროული, რათა ბიზნესმა ამოსუნთქვა შეძლოს და ეკონომიკაც განვითარდესო. ეკონომისტი ირაკლი ლატარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პროცესი ქვეყნის ეკონომიკაზე და ზოგადად, განვითარებაზე იმოქმედებს, თუმცა ახალი პრემიერი შეძლებს, ქვეყანას პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც მშვიდობა მოუტანოს. 

„ნებისმიერი გამოსვლა, აქცია, პროტესტი ყოველთვის მოქმედებს ეკონომიკაზე და მის განვითარებაზე, მით უმეტეს ახლა, როდესაც 2021 წელი არ არის დიდი ხნის დაწყებული და ახალი საბიუჯეტო წელი დადგა. იმ ინვესტორებისათვის, რომლებმაც შარშან გადაწყვიტეს, რომ წელს საქართველოში თავიანთი თანხები დააბანდონ, ეს გარემოება არის შემაკავებელი. სწორედ ეს იყო ახლანდელი პრემიერის გამოსვლაში პირველი გზავნილი, რომ მთავარია მშვიდობა და მას შემდეგ იქნება ეკონომიკური წინსვლა, რომელსაც უნდა ველოდოთ. 

რა თქმა უნდა, ყველაფერი როგორც ეკონომიკაზე, ისე ზოგადად, ქვეყნის სტაბილურობაზე ძალიან მოქმედებს, მაგრამ მე არ ვსაუბრობ ნიკა მელიას დაკავებაზე, ვგულისხმობ იმ დესტაბილიზაციასა და დესტუქციას, რომელიც იმ ძალებს აქვთ. ძირითადად, მათი პასუხისმგებლობაა ის, ხვალ და ზეგ ეკონომიკაში რა პრობლემებიც შეიქმნება. 

ხელისუფლება მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ არის. ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი და ნაწილობრივ ისინიც არიან პასუხისმგებელნი შექმნილ სიტუაციაზე. იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანის წინსვლაზე იფიქრონ, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ არიონ ვითარება როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ისე _ ქვეყნის შიგნით. 

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის იქნება გარანტი მშვიდობისა და იმ გაერთიანებისა, რომელმაც შეიძლება, ხვალინდელი დღე უკეთესი გახადოს. ვფიქრობ, ახალი პრემიერი ამას შეძლებს და შეასრულებს. ოპოზიციაშიც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც არ არიან პირდაპირ სააკაშვილზე მიკრული და გაქცეული პრეზიდენტის მონები. ოპოზიცია განვითარებისთვის არაფერს აკეთებს, ხელისუფლება კი დგას საკმაოდ მძიმე არჩევანის წინაშე, აქეთ პანდემიაა, იქით _ ეკონომიკური კრიზისი და თანაც უნდა ებრძოლოს იმ შიდა თუ გარე მტრებს, რომლებსაც დღეს ჩვენ ვხედავთ“, - აღნიშნა ირაკლი ლატარიამ „რეზონანსთან“ საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )