ზურაბ კუკულაძე: "ჯერ უნდა გავიაზროთ, რამდენი საწარმოს პრივატიზება მოხდა წლების განმავლობაში და რამდენი აამუშავა კერძო პირმა"
გვანცა წულაია
28.01.2021

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას იწყებს. გადაწყვეტილება სამთავრობო პროგრამაში უკვე ჩაიდო. ამ გზით კი, შესაძლოა, ქვეყანაში არსებული სახელმწიფო საწარმოები მასობრივი პრივატიზაცია დაიწყოს.სპეციალურად ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს. 

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიას აზრით, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია 2021-24 წლებში საქართველოს ეკონომიკური ცხოვრებისთვის.

„გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩვენ ამ ნაბიჯს ვდგამთ და ვიწყებთ, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით. ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა იყოს დაკომპლექტებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომერციული ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები, მოთხოვნები მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა, რომლებმაც წლების განმავლობაში, უნდა განსაზღვრონ ამ ორგანიზაციის გამრთულად მუშაობა", - განაცხადა პრემიერმა. 

არამომგებიანი სახელმწიფო საწარმოები დიდ ტვირთის ბიუჯეტისთვის და ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. პრივატიზაციის გზებზე საუბრობს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე და აცხადებს, რომ უპერსპექტივო საწარმოს არსებობას აზრი აქვს და სჯობს, კერძო პირს მივცეთ მფლობელობაში, თუ, რა თქმა უნდა, მსურველი და ინტერესიც არსებობს. 

„თავისთავად ცხადია, რომ სახელმწიფო საწარმოებზე მხოლოდ და მხოლოდ უნდა ვისაუბროთ იშვიათ გამონაკლის შემთხვევებზე. რეფორმირება გულისხმობს, როგორც რესტრუქტურიზებას, ასევე კომერციალიზაციას, რომ პრივატიზაციის გზით გადაეცეს კერძო ინვესტორებს. მხოლოდ ერთეული საწარმოები შეიძლება დარჩეს სახელმწიფოს მფლობელობაში. მაგალითად, რკინიგზა, მეტროპოლიტენი, მაგისტრალური გაზსადენი და იქაც სახელმწიფო გარკეულ პაკეტს უნდა ფლობდეს. ის საწარმოები კი, რომლებიც ეფექტურობით და შედეგიანობით არ გამოირჩევა, არც უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრებაში.

კომისია რომელიც შექმნილია, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, თუ რა არ უნდა დარჩეს სახელმწიფო საკუთრებაში და ეს არის აუცილებელი ნაბიჯი. გარდა ამისა, უნდა ვიფირქოთ, ვინ შეიძლება იყო ამ წილების მფლობელი. საბოლოო ჯამში, ქვეყნის სიძლიერე მხოლოდ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოებით ხომ არ განისაზღვრება? ყველას მხარის სიძლიერეა მისი ინტერესი. ამიტომ სახელმწიფო თანაბრად უნდა უწყობდეს ხელს, როგორც კერძო, ისე მათ მფლობელობაში არსებულ საწარმოებს. 

მასობრივი პრივატიზება 90-იან წლებში იყო და ეს აღარ განმეორდება, მაგრამ იმ მოსაზრებას ვეთანხმები, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოების უმეტესი წილი გადავიდეს კერძო საკუთრებაში. თუ სახელმწიფოსთვის საწარმოს მოქვს მხოლოდ წაგება და პერსპექცივა არ აქვს, რატომ უნდა გააჩეროს მის განკარგულებაში?“ - განუცხადა ავთო სილაგაძემ „რეზონანსს“. 

პანდემიის გამო, სახელმწიფო საწარმოებმა დაახლოებით 130 მილიონ ლარამდე შემოსავალი დაკარგეს. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა, ამ გარემოებასაც უკავშირდებოდეს, თუმცა ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო საწარმოები უდიდესი რესურსია, რასაც სწორად გამოყენება სჭირდება. 

„სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით ცოტა სხვა შეხედულება მაქვს.  ყველა საუბრობს იმაზე, რომ საჭიროა პრივატიზება და კერძო პირის მფლობელობაში გადაცემა, ანუ მუსირებს აზრი, რომ სახელმწიფო არის ცუდი მენეჯერი. მე ამ პოზიციას არ ვეთანხმები. 

30 წელია ჩვენ პრივატიზების პროცესში ვართ და უნდა გავიაზროთ, რამდენი საწარმოს პრივატიზება მოხდა და რამდენი აამუშავა კერძო პირმა. პროცენტულად ეს შეიძლება იყოს ერთი ან ნულთან ძალიან ახლოს მდგომი ციფრი, რადგან ასეთი საწარმოების უმრავსელობა დაიშალა და გაიყიდა ჯართად, კერძო ბიზნესმა მხოლოდ ეს მოახერხა. თუ დარჩენილი საწარმოების მასობრივი პრივატიზება მოხდება და ამას არ ექნება გააზრებული საფუძველი, მაშინ ახალი მფლობელები მათაც დაშლიან და ჯართად გაყიდიან. თუ სახელმწიფო იტყვის, რომ საწარმოებს თავად განავითარებს, ეს იქნება ძალიან კარგი“, - განუცხადა „რეზონანსს“ ზურაბ კუკულაძემ. 

პრივატიზაციის მომხრეა სტატისტიკოსი გივი მომცელიძე, რომლის აზრითაც, რეფორმა იძლევა შესაძლებლობას, რომ სწარმოები თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ, რაც ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას შუწყობს ხელს.

„რასაკვირველია პრივატიზაცია მისაღებია, რადგან სახელმწიფო საწარმოების უმეტესობა წამგებიანია, წლიდან წლამდე იზრდება მათი ზარალიანობა. ცხადია, ამ საწარმოებიდან ბევრია საავადმყოფო და სოციალური დანიშნულების ობიექტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მაინცდამაინც მომგებიანია. თუკი მაინც და მაინც აუცილებელია, რომ საწარმოების რაღაც ნაწილი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში დარჩეს, დეტალურად უნდა განიმარტოს, მისი მიზნობრიობა, რადგან პირდაპირ შედის ბიზნესთან კონკურენციაში  და ხშირად ბიზნესს არ აძლევს განვითარების საშუალებას. იმედია, რეფორმა ხელს შეუწყობს ამ საწარმოების მომგებიანობის და კონკურენტუნარიანობის ზრდას, რისთვისაც პრივატიზაცია საუკეთესო გამოსავალია", - განუცხადა „რეპორტს" მომცელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×