„ავტომფლობელებს დიდი პრობლემები აქვთ, ნაწილებს ვერ შოულობენ, რის გამოც უჭირთ მანქანების გამართვა"
თიკა სიბოშვილი
01.12.2020

მიუხედავად მეორე „ლოქდაუნისა", საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ისევ სავალდებულოა. გაზაფხულის შეზღუდვების დროს ტექდათვალიერება ორი თვით გადაიდო და ამან მოსახლეობას ნამდვილად შეღავათი მისცა. ახლა, როცა ქვეყანაში თითქმის იგივე სიტუაციაა, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საავტომობილო ნაწილების ბაზრობები და მართვის მოწმობის საგამოცდო ცენტრი, საინტერესოა, რატომ არ გადავადდა ავტომობილების ტექინსპექტირება?

მთავრობამ 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები დააწესა, თუმცა ეს შეზღუდვები არ ეხება ავტომობილების ტექდათვალიერებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომფლობელებს ისევ მოუწევთ ხარჯების გაღება „ლოქდაუნის“ პირობებში.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ტექინსპექტირების გავლას არ აპირებს, თუმცა პროცესი კვლავ სავალდებულოა. კომპანიები მფლობელებს მოუწოდებენ, რომ გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, იზრუნონ საკუთარი თავისა და სხვების უსაფრთხოებაზე და თავიდან აიცილონ საჯარიმო სანქციები. 

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილის თქმით, პირველი „ლოქდაუნის“ დროს სერვისცენტრები დაკეტილი იყო, თუმცა ახლა ასე არ არის, შესაბამისად, მძღოლებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ ტექდათვალიერების გავლისას და ხარვეზს მარტივად გამოასწორებენ.

„მაშინ, როდესაც გამოცხადებული იყო სრული „ლოქდაუნი“, გაჩერებული იყო  სერვისცენტრები და  ავტომობილს ვერსად არემონტებდა მომხმარებელი, გადაიდო კიდეც ორი თვით ინსპეტირების პროცესი. ახლანდელ მდგომარეობას რაც შეეხება, მომსახურების ობიექტები გაჩერებული არ არის, ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ  და ტექინსპექტირებაც არ გადადებულა.

დიდი სერვისცენტრები მუშაობას ისევ განაგრძობენ: „თეგეტა", „ტოიოტა", „მერსედესი" და ა.შ. ყველა ე.წ. „პროფილაქტიკა" ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, დაიკეტა მხოლოდ საცალო ვაჭრობა, როგორებიც არის  მოლები და ბაზრობები“, - განუცხადა „რეზონანსს“იორდანიშვილმა.

ბოლო დღეებში მასობრივად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, დაწესებული შეზღუდვებისა და ნაწილობრივი „ლოქდაუნის“ გამო, ტექინსპექტირების ვალდებულება დროებით შეჩერებულია. ტექინსპექტორების თქმით, ეს სწორი არ არის, ამიტომ მძღოლებმა დროულად უნდა გადაამოწმონ, თუ როდის უწევს მათ  ავტომობილებს შემოწმება და მოემზადონ ინსპექტირების გასავლელად.

ამგვარ დამოკიდებულებას არ ეთანხმებიან ტრასნპორტის დარგის სპეციალისტები. როგორც საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე აღნიშნავს, „ლოქდაუნის“ პირობებში, მანქანის მფლობელებს გაუჭირდებათ ტექდათვალიერების გავლა და აუცილებელია, ეს პროცესი გადავადდეს.

„ტექინსპექტირება ახლა გადავადებული არ არის, მაგრამ  ვიცი, რომ ვისაც ტექდათვალიერება არ აქვს გავლილი, საჯარიმო სანქციები არავის არ მისდის. „ლოქდაუნის“ პერიოდში ავტომატურად უნდა გადავადდეს პროცესი, რადგან ყველას გაუჭირდება ამ პერიოდში ტექდათვალიერების გავლა. ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ჯარიმა არავის მისვლია.

ფიზიკურად შეუძლებელია ტექინსპექტირების გავლა და ლოგიკური იყო, რომ უნდა გადავადებულიყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, აუცილებლად უნდა გადავადდეს, რადგან შეუძლებელია ასეთ პერიოდში ტექდათვალიერების გავლა!“ - აღნიშნა მევლუდ მელაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

მაშინ, როდესაც სერვისცენტრების ნაწილი დაკეტილია და ვერ ახერხებენ  მომხმარებლების მიღებას, რა აზრი აქვს ტექინსპექტირების გავლას? ავტომფლობელებს დიდი პრობლემები აქვთ, ნაწილებს ვერ შოულობენ, რის გამოც უჭირთ მანქანების გამართვა. ამ შემთხვევაში, ტექდათვალიერებაზე რომც მივიდნენ, პრობლემას ვერ მოაგვარებენ, რის გამოც ჯარიმა დაეკისრებათ.

როგორც საზოგადოების „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია აღნიშნავს, იმ პირობებში, როცა სერვისცენტრები არ მუშაობენ და ბაზრობები დაკეტილია, აუცილებელია ტექინსპექტირების გადავადება, რადგან პრობლემა ასე მარტივად ვერ გამოსწორდება.

„ვფიქრობ, ინსპექტირება უნდა გადადებულიყო. როცა სერვისცენტრები ვერ მუშაობს და ბაზრობები დაკეტილია, ამას აზრი არ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ტექინსპექტირების ცენტრში ავტომობილს მიიყვანს და იგი დახარვეზდება, ერთთვიანი ვადა აქვს პრობლემის გამოსასწორებლად, მაგრამ თუ ნაწილს ვერ იშოვის და მინც ვერ შეაკეთებს, გამოდის, რომ ხარვეზი ვერ გამოსწორდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველ მომდევნო თვეზე ჯარიმა დაეკისრება და ეს არასწორია. 

ლოგიკურად ასეა, თუ ქვეყანაში ყველაფერი იკეტება, აუცილებლად უნდა გადავადდეს ტექდათვალიერებაც. ხალხს ისედაც უჭირს და დამატებითი ხარჯებისგან მაინც გათავისუფლდნენ, რომ მოახერხონ უმძიმესი პერიოდის გავლა“, - განუცხადა „რეზონანსს“ ირაკლი იზორიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Sos   (02.12.2020)
Pulis maxe.meti amat ra sheudliat,vitom garemoze da bunebaze fiqroben.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )