უძრავი ქონების სააგენტოები: მოთხოვნა საერთოდ გაქრა და გაქირავების ბაზარს ძალიან უჭირს
გვანცა წულაია
18.11.2020

კორონავირუსის პანდემიამ უძრავი ქონების ბაზარი ძალიან დააზარალა. თებერვლის შემდეგ ბინების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავების სერვისი თითქმის ბოლომდე გაჩერდა. ბაზარი, ფაქტობრივად, ჩიხში მოექცა, რადგან მოთხოვნა თითქმის გამქრალია. 

ყველაზე რთულ მდგომარეობაშია გაქირავების ბაზარიც. იმის გამო, რომ მოთხოვნა აღარ არის, ქირის საფასურიც მკვეთრად შემცირებულია. პანდემიამ ღირებულება მყისიერად შეამცირა. უძრავი ქონების ქირის ინდექსმა აშშ დოლარში 18%-ით იკლო 2020 წლის დასაწყისიდან  მაშინ, როცა ქონების ღირებულების ინდექსი შედარებით სტაბილურია და მხოლოდ 6%-ით შემცირდა წლის დასაწყისიდან. 

უძრავი ქონების ექსპერტები ქირის კლებას ტურიზმის შეჩერებასა და დისტანციური სწავლების გამო სტუდენტების მხრიდან შემცირებული მოთხოვნით ხსნიან.

„შედეგად ქირის უკუგება 7.7%-მდე შემცირდა 2020 წლის მე-3 კვარტალში. წინა წლის შესაბამის პერიოდში იგივე მაჩვენებელი 8.9% იყო. ჩვენი მოლოდინით, ქირის უკუგება თანდათან გაიზრდება ტურისტების დაბრუნებისა და ეკონომიკის აღდგენის კვალდაკვალ. 

2020 წლის მე-4 კვარტალში უძრავი ქონების რეალიზაცია ზომიერად მოიმატებს, სექტემბერში დაფიქსირებული შედარებით სწრაფი ზრდის შემდეგ, რადგან კოვიდ-19-ის მზარდმა შემთხვევებმა და ლარის გაუფასურებამ შესაძლოა, იმოქმედოს მყიდველების გადაწყვეტილებაზე", - აღნიშნულია უძრავი ქონების ბაზარ „გალტ ენდ თაგარტის" ყოველკვარტალურ მიმოხილვაში. 

უძრავი ქონების ბაზარზე პრობლემები პანდემიის გავრცელებიდან მალევე დაიწყო. გაჩერებულმა ტურიზმმა და მძიმე დღეში ჩავარდნილმა ეკონომიკამ ბინის ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება, ფაქტობრივად, შეაჩერა. ამის შემდეგ დაიწყო ფასთა კლება, რამაც დიდი გავლენა ვერ მოახდინა და ბაზარი ვერ გამოაცოცხლა. მცირედი გააქტიურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მთვარობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა აამუშავა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ გარემოებამაც უძრავი ქონების ბაზარი მცირედით წაახალისა. 

ბოლოდროინდელი ტენდენციიდან გამომდინარე, ფასთა კლება გამქირავებლებმაც დაიწყეს, რათა როგორმე არსებულ რთულ რეალობას მორგებოდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, დამქირავებლების რაოდენობა მაინც ძალიან შემცირებულია. 

პრობლემებზე საუბრობენ თავად უძრავი ქონების სააგენტოს მფლობელებიც და აცხადებენ, რომ პანდემიის გავრცელებისთანავე გაქირავების ბაზარი მკვეთრად შემცირდა და ახლაც რთულ ვითარებაშია.

კომპანია „ბერუკას” დირექტორ ავთანდილ გუგეშაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გაქირავების ბაზარზე ფასი საგრძნობლად დაკლებულია, დამქირავებლები მაინც არ ჩანან.  

„გაქირავების ბაზარზე ფასი ძალიან არის შემცირებული. ამის მიუხედავად, ბინების ქირაობის ერთეული შემთხვევებია, რადგან ფიზიკურად მსურველი აღარ არის. არ მოგვმართავს არც უცხოელი და არც ქართველი კლიენტი. ფაქტობრივად, მოთხოვნა საერთოდ გაქრა და გაქირავების ბაზარს ძალიან უჭირს”, - განუცხადა ავთანდილ გუგეშაშვილმა „რეზონანსს”.

როგორც აღმოჩნდა, ეკონომიკური ვარდნის ტემპს უძრავი ქონების ბაზარიც კვალდაკვალ მიჰყვა, რის გამოც ბიზნესს ძალიან გაუჭირდა, მდგომარეობის გამოსწორება კი მას შემდეგაა შესაძლებელი, როდესაც ტურისტული მიმოსვლა მთლიანად ანდა დიდწილად აღდგება. 

მაკლერები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ბინების გაქირავებამ ძალიან იკლო და მოთხოვნა აღარც არსებობს. 

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პრაქტიკულად უმუშევარი ვარ. თითზე ჩამოსათვლელია იმ ბინების რაოდენობა, რომლებიც ბოლო თვეებში გავაქირავე. განსაკუთრებით იმოქმედა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ, რადგან რეგიონში მცხოვრები სტუდენტების უმეტესობა თბილისში აღარ ჩამოდის და ბინის გაქირავებაც ადრინდელივით ვეღარ ხერხდება. სხვას ვერაფერს გეტყვით. მდგომარეობა რომ მძიმეა, ეს ფაქტია და ძალიან ცუდი რეალობაა”, - აღნიშნა „რეზონანსთან” მაკლერმა გურანდა კიკნაძემ.

აღსანიშნავია, რომ „არეა.გე"-ზე განმცხადებლების დაახლოებით 7%-მა (3294 განცხადება) შეცვალა საფასო პოლიტიკა 2020 წლის მარტის შემდეგ - საფასო პოლიტიკა ძირითადად ბინის გამქირავებლებმა დააკორექტირეს. 2020 წლის სექტემბერში „არეაზე" განთავსებული განცხადებების საშუალო ფასი 1 კვ/მ ქირის შემთხვევაში შემცირდა 6.8 აშშ დოლარამდე, რაც თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 37%-იანი კლებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×