მთავრობაში ამ საკითხზე უკვე ფიქრობენ, მაგრამ რამდენად ეყოფათ რესურსი, ეს ჯერ გაურკვეველიაა
ნინა გარდაფხაძე
19.10.2020

 საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა შოკური დარტყმებით დაიწყო. შემოდგომის პირველი ნახევარი გაზაფხულზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა ქვეყნისათვის, რადგან ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი უკვე 1200-ის ფარგლებში. თანდათან იკეტება ბიზნესი, მისდაუნებურად წესდება შეზღუდვები, ეკონომიკური ვარდნა უფრო შესამჩნევი ხდება. ამ დროს, იწურება 200-ლარიანი დახმარებების გაცემის პერიოდი, რომელიც 6 თვით იყო განსაზღვრული. დღის წესრიგში უკვე დადგა საკითხი რითი დაეხმარება ხელისუფლება მოსახლეობას და ხომ არ იგეგმება დახმარების პაკეტის გახანგრძლივება. 

უკვე ცნობილია, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება შემოდგომა-ზამთრის სეზონზეც გაგრძელდება. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, კიდევ რა სოციალურ პაკეტებზე შეიძლება იყოს საუბარი მთავრობის მხრიდან და ასევე რა სჭირდებათ ბიზნეს სექტორებს მუშაობის გაგრძელებისათვის. 

გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, აპირებს თუ არა მთავრობა მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა 200-ლარიანი დახმარების პაკეტის გამეორებას, თავისებური მინიშნებით უპასუხა: 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკაში ჟანგბადი იყოს უფრო მეტი, სამუშაო ადგილების დაკარგვა შეჩერდეს და შემდგომ ძალიან სწრაფად დავიწყოთ აღდგენა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფოს მსგავსი სოციალური პაკეტები აღარ დასჭირდეს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ დავინახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ან გრძელდება, რა თქმა უნდა, ამ საკითხს დავუბრუნდებით და განვიხილავთ“, - განაცხადა გახარიამ.

ჯერჯერობით, მთავრობა არ საუბრობს დამატებით შეღავათებზე, რასაც მეორე ტალღის პირობებში დააწესებს, თუმცა მთავრობის წევრები, მაგალითად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ თუ პირველდი დანიშნულების საგნებზე ფასების ზრდა გაგრძელდება, სახელმწიფო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ მექანიზმებს. 

აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე კი ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სურვილის მიუხედავად, ხელისუფლებას აღარ ეყოფა საბიუჯეტო თანხები, სოციალური პაკეტებისათვის, ამიტომ ისევ საგარეო რესურსის ძიება უნდა დაიწყოს. 

,,ავად თუ კარგად, პანდემიიის პირველი ტალღისას ხელისუფლების მიერ შეთავაზებულმა სოციალურმა დახმარებებმა იმუშავა და შეეხო ათიათასობით ადამიანს და ოჯახს. პანდემიის ზრდის ტემპი ახლა ისეთია, რომ შეუძლებელია იგივე საბიუჯეტო რესურსი გასწვდეს მეორე ტალღას. აქ არაფერ შუაშია მთავრობის ნება, თანხები, უბრალოდ, შეზღუდულია. 

ერთადერთი რესურსი არის გარე დახმარებები ან ვალები, რისი მოძიებაც რთული იქნება, თუმცა ამაზე უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ. გაზაფხულზეც სწორედ ამით გახდა შესაძლებელი, რომ სოციალური პაკეტების დიდი ნაწილი დაფინანსდა. თუ ინფიცირების ასეთი მასშტაბური ზრდა გაგრძელდა, სხვა გზა არც ახლა იქნება“, - აღნიშნა სილაგაძემ. 

მეორე, პირველზე გაცილებით ძლიერი ტალღის დაწყებასთნ ერთად, შეღავათებს ითხოვს თითქმის ყველა სექტორი. ერთი მხრივ, ეს საჭიროა, რომ გადარჩნენ, ხოლო მეორე მხრივ, რომ დასაქმებულებიც შეინარჩუნონ. 

მოთხოვნებსა და პრობლემებზე, ,,საქმიანი ტურიზმის ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირმა კოდუა ღიად საუბრობს. მისი აზრით, აუცილებელია ინდუსტრიას 1 წლით დაუპაუზდეს საშემოსავლო გადასახადის გადახდა, პარალელურად კი სექტორისთვის უნდა გაიზარდოს დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობა. 

,,ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სექტორის შენარჩუნებისათვის საშემოსავლო გადასახადის გადახდის გადავადება მინიმუმ 1 წლით. უკვე ერთ თვეში გვიწევს გადასახადების გადახდა, რისთვისაც სექტორი არ არის მზად. 8 თვის სრულად უშემოსავლობის პირობებში ძალიან რთულია ფულადი სახსრების მობილიზება. ეს საჭიროა კადრების შესანარჩუნებლადაც, რომელთა დასაქმების საკითხი დღეს ეჭვქვეშ დგას. 

ჩვენი მოთხოვნაა, ტურიზმის ინდუსტრიისთვის ცალკე განისაზღვროს დაუბეგრავი მინიმუმი 1500 ლარით, რადგან ჩვენს სექტორში საშუალო ხელფასი გაცილებით მაღალია. გვჭირდება დრო, რათა მოვემზადოთ პანდემიის დასრულების შემდეგ ტურისტების მისაღებად. 

დადებითი და პოზიტიური ნიშნების შემთხვევაში ტურიზმი დაიწყებს გამოცოცხლებას მომავალი წლის გაზაფხულისათვის, მაგრამ ეს არ შეეხება საქმიან ტურიზმს, რადგან ეს სეგმენტი, კიდევ უფრო გვიან იღებს გადაწყვეტილებებს. ამ ინდუსტრიის პირველ იმპულსებს ალბათ, 1 წლის შემდეგ, შემოდგომიდან დავინახავთ“, - განაცხადა კოდუამ. 

ევროპა, სადაც ინფექციის მსხვერპლთა რაოდენობა 250 000 ადამიანს აჭარბებს, ამკაცრებს წესებს ვირუსის გავრცელების შესაკავებლად. საქართველოში კი,  უკვე ყოველდღიურად კორონავირუსის 1200 ახალი შემთხვევა ვლინდება და ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 000-ს მიაღწია. მიუხედავად ამისა, პრემიერი ამბობს, რომ "ლოქდაუნი" არ იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×