"ადრე ყოველდღიურად რეგისტრირდებოდა 100-მდე სამუშაოს მაძიებელი, პანდემიის შემდეგ მოიმატა და ახლა მინიმუმ 150-ია, ხანდახან 200-იც"
გვანცა წულაია
14.10.2020

საქართველოში უმუშევრობის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. პანდემიის გამო შექმნილმა მძიმე ვითარებამ, უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა და უმუშევრობის მხრივ არსებული ისედაც არასახაბიელო მდგომარეობა მეტად გააუარესა.

ქვეყანაში ახლა სამსახურს იმაზე მეტი ადამიენი ეძებს, ვიდრე ეს პანდემიამდე ხდებოდა. უამრავმა ადამიანმა შემოსავლის წყარო დაკარგა. ასეთია კორონავირუსის გავლენა საქართველოზე, სადაც დასაქმების მაჩვენებელი პანდემიის გავრცელებამდეც არ იყო სახარბიელო.

უმუშევრობის დონე მკვეთრად მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქვეყანაში პანდემია დაიწყო. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, 2020 წლის I კვარტალში, ქვეყანაში უმუშვერობის დონემ 11.9% შეადგინა. II კვარტალში კი, 12.3%.

როგორც "დასაქმება.ჯი"-ს დირექტორი, პაატა მამულაშვილი ამბობს, პანდემიამდე პერიოდიდან დღემდე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა 50%-ით არის გაზრდილი.

"გარკვეული პერიოდი იყო ვაკანსიების რაოდენობის შემცირების ტენდენცია, თუმცა კომპანიებმა მალევე დაიწყეს აღდგენა და გამოჩნდნენ კომპანიებიც, რომლებმაც ახალი ვაკანსიები გააჩინეს. საბოლოო ჯამში დღეს იქამდე ვართ მისული, რომ ვაკანსიების რაოდენობა გაუთანაბრდა პანდემიამდე რეალობას.

ვაკანსიებთან ერთად გაიზარდა სამუშაოებს მაძიებელთა რაოდენობაც, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, ბევრმა სამუშაოს მაძიებელმა არ იცის როგორ უნდა გააკეთოს `სივი~, როგორ უნდა მოძებნოს ვაკანსია. ხშირად გვაქვს ხოლმე შემთხვევები, როცა მიდიან გასაუბრებაზე და არ იციან თუნდაც როგორ უნდა ისაუბრონ კომპანიასთან, რა უნდა მოიმოქმედონ", - განაცხადა პაატა მამულაშვილმა "ბიზნეს მედიასთან".

პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ხალხი, სამსახურს აქტიურად ეძებს, თუმცა ეკონომიკური კრიზისის კვალდაკვალ უამრავი კომპანია დაიხურა და ახლა ქვეყანაში აღარ არსებობს იმის რესურსი, რომ შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის დასაქმება სწრაფად მოხდეს.

კომპანია "ეიჩ არში" აცხადებენ, რომ სამსახურის მაძიებელ ადამიანთა რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია და პანდემიამდე ნიშნულთან შედარებით, დაახლოებით 40%-იანი მატებაა.

"ადრე, საშუალოდ, ყოველდღიურად გვყავდა 80-დან 100-მდე სამუშაოს მაძიებელი ადამიანი, ვინც რეგისტრირდებოდა. პანდემიის შემდეგ, მათმა რაოდენობამ მოიმატა და ახლა დაახლოებით, საშუალო მაჩვენებელი არის 150, თუმცა არის დღეების, როდესაც სამუშაოს მაძიებლეთა რიცხვი 200-ზეც ადის, ძირითადად ეს ხდება ორშაბათობით. ვიტყვი, რომ პანმემიანდე ნიშნულთან შედარებით დაახლოებით, 20%-იანი მატებაა.

პანდემიის პერიოდში საკმაოდ დაიკლო ვაკანსიების რაოდენობამ. მაგალითად, მარტში გვქონდა საკმაოდ დიდი შემცირება. კლება 10 მარტიდან დაიწყო. ადრე დღეში თუ 200 განცხადება თავსდებოდა, აპრილიში დაახლოებით, 15 განცხადება იყო დღის განმავლობაში. თითქმის 10-ჯერ ნაკლები ვაკანსია თავსდებოდა. ივნისიდან დაიწყო ნელ-ნელა მატება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დღემდე არ აის ის ნიშნული, რაც გვქონდა პანდემიამდე. წინა წელთან შედარებით, თითქმის 20-25%-იანი კლება გვაქვს", - განუცხადა "რეზონანსს" "ეიჩ არის" რეგიონალურმა მენეჯერმა, ინგა შახბაზიანმა.

ახლა გასარკევია, როგორ მონაცემები გვექნება დანარჩენ თვეებში. თუკი, ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის გამო, მთავრობა მორიგ შეზღუდვებს დააწესებს, უმუშევრობის რაოდენობის კიდევ გაზრდა გარდაუვალი იქნება.

სტატისტიკოსი გივი მომცელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, უმუშევრობის დონე გაუარესდა და პანდემიის გამო, სამსახურის 100 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა.

"უმუშევრობის დონე, რა თქმა უნდა, გაუარესდა. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამსახური 100 ათასამე ადამიანმა დაკარგა, მაგრამ, მე მგონია, რომ დაკარგული სამუშაო ადგილი უფრო მეტია. ეს მონაცემები შემდეგ ჯერზე უფრო გამოჩნდება, ახლა ოპერატიულად სამწუხაროდ, ყველაფერს ვერ გათვლინდნენ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მკაცრი შეზღუდვებით ეკონომიკა იძირება. მსოფლიო ამ დასკვამდე ამისული და შესაბამისად, არა მგონია, რომ საქართველომაც დააწესოს მკაცრი შეზღუდვები. ჩემი აზრით, უფრო მსუბუქი შეზღუდვები იქნება, რეგიონების მიხედვით. მთლიანად ქვეყანა არა მგონია, რომ გაჩერდეს.

ასე, რომ რაიმე დრამატულ სურათს არ ველოდები. შესაბამისად, არც იმას, რომ ეკონომიკა გაჩერდება. თანაც, ახლა არჩევნები მოდის და ხელისუფლებას შეზღუდვები არაფრით არ აწყობს. მსუბუქი ლოკალური ჩაკეტვა, არჩევნების შემდეგ უფრო დაიწყება, რეგიონების მიხედვით. ხელისუფლება კორონავირუსს ბერკეტად იყენებს. ახლა მიშვებული აქვს, შემდეგ მაგალითად, პროტესტი გაჩნდება და შეზღუდვებს დააწესებს", - განაცხადა გივი მომცელიძემ "რეზონანსთან".

აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის ბოლოს სრულდება ექვსთვიანი პროგრამა, რომლითაც კორონავირუსის პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას იღებდნენ. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში ამ დახმარებით ერთხელ მაინც 161 905-მა ადამიანმა ისარგებლა, რაზეც 106 მილიონი ლარი დაიხარჯა. ყველა დიდი რაოდენობის კომპენსაცია კი, ივნისსა და ივლისში გაიცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×