
პურის ფასი არ შეიცვლება. რამდენიმე დღის წინ ეს ნაკლებად სავარაუდო იყო, მაგრამ მთავრობის აქტიური ჩარევით შესაძლებელი გახდა, რომ მოსახლეობა ძირითადი პროდუქტის გაძვირებისგან იხსნეს. ცხადია, რომ ეპიდემიით გამოწვეული პრობლემების შემდეგ, როცა ისედაც ყველაფერი ძვირდება, ქვეყნის მთავარ სოციალურ პროდუქტზე ფასის ზრდა დიდ პრობლემას შექმნიდა, თუმცა ეს საფრთხე დღესდღეობით განეიტრალებულია. მთავრობა დაიდო არაოფიციალური შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ყველა შესაძლო სცენარის ფასად პურის ღირებულება შენარჩუნდება.
გუშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურპროდუქტების და ხორბლის მწარმოებლებს შეხვდა. დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანას არანაირი შეფერხება არც პურის და არც ფქვილის მიწოდებაში არ ექნება.
„მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ რეგულარული შეხვედრები გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მორიგი სამუშაო შეხვედრა გვქონდა ხორბლის და პურის მწარმოებლებთან. პურზე ფასის მომატების საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ ვახორციელებთ ხორბლის მარაგების მუდმივ მონიტორინგს. არანაირი შეფერხება არც პურის და არც ფქვილის მიწოდებაში არ გვექნება, ფასები შენარჩუნდება“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ აღნიშნა, სოციალური მიმართულება შეხვედრის მონაწილე ყველა კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია; გარკვეული მარაგის ხარჯზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს ფქვილის ბაზარზე, სტაბილიზაცია იქნება.
მოგვიანებით, ,,რეზონანსთან“ საუბრისას სილაგავამ დაადასტურა, რომ მარაგის მხრივ პრობლემა არ არის და ბაზარზე სტაბილურობაა, თუმცა რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი სექტემბრიდან 23 დოლარით არის გაზრდილი, რაც გარკვეული დოზით ფქვილის ფასზე აისახა.
,,არსებულ სიტუაციაში საგანგაშო ვითარება არ არის. ლარის კურსი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, ბოლო კვირის განმავლობაში ზემოთ არ წასულა ფქვილის ღირებულებაც, თუმცა ათიოდე დღის წინ 2 ლარით გაძვირდა. დღესდღეობით 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის მაქსიმალური ფასი 52 ლარია. შეხვედრა გვქონდა სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ეს საკითხები დაისვა და კოორდინირებულად ვმუშაობთ, მონიტორინგი გაეწევა, როგორ მიდის პროცესები. დარგისადმი განსაკუთრებული ინტერესის გამო ისედაც იმართებოდა შეხვედრები და ახლა უფრო ინტენსიურად ვითანამშრომლებთ. გარდამავალი მარაგი გვაქვს, მაგრამ ყოველი პარტია უფრო ძვირად შემოდის. ჯერჯერობით არის შესაძლებლობა, რომ ფქვილი ამაზე მეტად არ გაგვეძვირებინა“, - განაცხადა სილაგავამ და საერთასორისო ბაზრების ტენდენციასაც შეეხო, რამაც ფქვილის გლობალურ ფასზე მოახდინა გავლენა.
,,უცხოურ ბაზარზე საკმაოდ ნეგატიური სიტუაციაა ფასთან დაკავშირებით, რაც პანდემიას და პანიკას უკავშირდება. თურქეთსა და არაბულ სამყაროში, ასევე ეგვიპტეში ჩატარდა ტენდერები, სადაც რუსეთმა გაიმარჯვა მარცვლეულის მიწოდების კომპონენტში. ამიტომას, შარშანდელთან შედარებით, მოთხოვნა 30%-ით არის გაზრდილი რუსულ ხორბალზე. ეს, სავარაუდოდ, პანდემიისადმი შიშმა გამოიწვია. ქვეყნები ქმნიან მარაგს, რაც ზრდის მოთხოვნას და შესაბამისად, ფასსაც. საექსპორტო ხორბლის ღირებულება გაიზარდა იმდენად, რომ გაუთანაბრდა ევროპაში ყველაზე ძვირადღირებულ და მოთხოვნად, ფრანგული ხორბლის ფასს", - აღნიშნა ლევან სილაგავამ.
მეპურეების ინფორმაციით, 1 ტომარა ფქვილი თბილისის მასშტაბით ბოლო დღეებში კიდევ 50 თეთრით გაძვირდა, რაც საგანგაშო ნიშნული არ არის და შესაძლებლობას იძლევა, რომ პურის ფასი არ შეიცვალოს. თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი პურის საცხობის მფლობელის, მეწარმე ზაზა ჩახაშვილის თქმით, ჯერჯერობით არის შესაძლებლობა, რომ ფასი შენარჩუნდეს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საწარმოო ხარჯი საგრძნობლად არის გაზრდილი.
,,ფქვილის ფასმა ჯერჯერობით 50 თეთრით მოიმატა. ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, მაგრამ ცუდია ის, რომ მასთან ერთად ყველა დასახელების ნედლეული გაგვიძვირდა, რაც წარმოებას უკავშირდება. სხვადასახვა ნედლეულის ფასმა მოიმატა და ეს საერთო ხარჯზეც აისახა. მიუხედავად ამისა, ვახერხებთ, რომ პური არსებულ ფასთა დიაპაზონში შენარჩუნდეს. გაძვირებას არ ვგეგმავთ, თუკი ამის უკიდურესი აუცილებლობა არ შეიქმნება. ვეცდებით, რომ მოსახლეობა პანიკაში არ ჩავაგდოთ და ქვეყნის მთავარი პროდუქტი არ გავაძვიროთ“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ ზაზა ჩახაშვილმა.