მთავრობა უკვე დაბნეულია, ფინანსისტები მძიმე პროგნოზს აკეთებენ
ირაკლი ლომიძე
17.09.2020

 ლარის კურსს ვერც მთავრობა და ვეღარც ეროვნული ბანკი ვერაფერს უხერხებენ. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ კურსი ნომებრეში 3,20-3,25-იან ნიშნულს მიაღწევდა, მაგრამ უკვე სექტემბერში დადგა ეს მოცემულობა. წინ არჩევნებია და ხელისუფლებას ყველაზე მეტად ახლა უნდა სურდეს, ლარის სტაბილურობა, თუმცა ეს უკვე შეუძლებელია. ამ ტემპით თუ გაგრძელდება შეიძლება გაცვლითი კურსის ნიშნულმა 4,0-იან მაჩვენებელს მიაღწიოს. არჩევნების შემდეგ მთავრობისთის ლარის თემა აქტუალობას დაკარგავს და შეიძლება კურსი ბოლომდეც მიუშვან. 

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმ ფონზე, როცა ლარი ყოველდღიურად უფასურდება და გაუფასურების პროცესს ინტერვენციებითაც ვერ აჩერებენ, მთავრობა თავს იმშვიდებს და ცდილობს მოგვაჩვენოს, რომ ეს ზომიერებაა. როგორც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამტკიცებს, ნეგატიური მოლოდინი ლართან დაკავშირებით არ არსებობს.

,,კურსი ჩვენთვის დიდი პრობლემაა, თუმცა ლარის დინამიკას თუ დავაკვირდებით, რყევები ზომიერია. სხვა ქვეყნების სავალუტო პროცესებს თუ შევადარებთ, ანალოგიურ შემთხვევებია. საქართველოში ამ ეტაპზე არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ უფრო გაღრმავდეს ლარის გაუფასურების პროცესი, თუმცა ეპიდემია და მოლოდინი გარკვეულ გავლენას ახდენს. ამ მხრივ იმედს იძლევა ფაქტი, რომ მთავრობა მიმართავს აქტიურ საკარანტინე ღონისძიებებს, რაც გვაფიქრებს, რომ ნეგატიურ მოლოდინს გადავლახავთ და ტენდენცია კურსთან დაკავშირებთ არ გაუარესდება", - განაცხადა მინისტრმა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მოსაზრება  "გალტ ენდ თაგარტის" ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემაც გამოთქვა, თუმცა მოსახლეობისა და ბიზნესისთვის სანუგეშო ვერც მან აღნიშნა. ქავთარაძის აზრით, კურსის გაუფასურებაზე გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს: გაზრდილი ფისკალური ხარჯი და საბანკო დაკრედიტება, კორონავირუსის შემთხვევათა მატება, ამ ფონზე წარმოქმნილი უარყოფითი მოლოდინი, რომელსაც სეზონური ფაქტორიც ემატება, რომ ლარი შემოდგომაზე უფასურდება.

,,ბოლო ორ წელიწადში გამოვლინდა, რომ ლარის კურსი დეკემბერში გამყარების მიმართულებით წავიდა. ჩვენი აზრით, იგივე ტრენდი დეკემბერში წელსაც უნდა იყოს”, - აღნიშნა მან.

საპირისპირო მოსაზრება აქვთ ექსპერტულ წრეებში, სადაც ლარის დიდ გაუფასურებას ელიან. ამის საფუძველს იძლევა ისიც, რომ სავალუტო ბაზარზე პროცესი გაუმჭვირვალეა, არც ინტერვენციების კონკრეტული მიზეზია ცნობილი და ლარს მოკლევადიან პერიოდში, ხელოვნური ჩარევებითაც ვერაფერს უხერხებენ. როგორც ფინანსური ბაზრის მკვლევარი, მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს, როგორც არ უნდა დაიჭირონ კურსი, ლარი სამომავლოდ ისევ გაუფასურებას გააგრძელებს.

,,მართალია, ეროვნული ბანკი წერტილოვან ინტერვენციებს ახორციელებს, რათა არ გაუფასურდეს ლარი, რაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც შემაკავებელი მექანიზმი, მაგრამ შედეგს ამითაც ვერ აღწევენ.  გარკვეულწილად, ასეთი ღონისძიებები მყისიერი დევალვაციისგან იცავს, მაგრამ ახლა ვეღარც ეს ამართლებს. 

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სისტემატურად ინტერვენციებს ცენტრალური ბანკი ვერ მიმართავს, შეიძლება ამან საპირისპირო შედეგი მოგვცეს. როგორც წესი, ინტერვენცია კეთდება, როცა კომპანიების მხრიდან არის მოთხოვნა დოლარის შეძენაზე პროდუქციის შემოსატანად. ამ ეტაპზე ამის წინაპირობა არ არსებობს, რადგან მოხმარება დაეცა და იმპორტიც შემცირებულია. ასეთ შემთხვევაში ბიზნესიდან დოლარზე მოთხოვნა ნაკლებად სავარაუდოა. 

შედეგი გამოჩნდება არჩევნების შემდეგ, სამწუხაროდ, ეს იქნება ნეგატიური. ვერ გეტყვით, რა მაჩვენებელს მიაღწევს კურსი, თუმცა შემიძლია დავადასტურო, რომ 3,20-იან ნიშნულს საგრძნობლად გასცდება", - აღნიშნა "რეზონანსთან" თოქმაზიშვილი.

ლარის მომავლის მიმართ სპეციალისტების პროგნოზი ცალსახად უარყოფითია. მათი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ნებაზე მიშვებული სავალუტო ბაზარი 4,0-იან ნიშნულამდეც გაუფასურდეს. მკვლევარ-ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ სებ-ს თავისუფლად შეუძლია არსებული რეზერვების საშუალებით კურსი 3-იან ნიშნულზე ჩამოიყვანოს ან თუნდაც მიუახლოვოს ამ მაჩვენებელს, რასაც მისი თქმით, შეგნებულად არ აკეთებს. 

,,დონორებისგან გამოყოფილი ფინანსური რესურსი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ეს გარკვეულწილად უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ კურსი შენარჩუნდეს ან თუნდაც გამყარდეს. ის დახმარებები და სესხები, რაც უცხოურმა ორგანიზაციებმა საქართველოში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემის დასაძლევად გამოყვეს, მიიმართება ეროვნულ ბანკში. ცხადია, ასეთ პირობებში თავისუფლად შეიძლებოდა ლარი აქამდეც გამყარებულიყო, მაგრამ რატომღაც ინარჩუნებენ მაღალ კურსს, რომელიც თავისთავად განაპირობებს მომსახურებასა და პროდუქტებზე ფასების ზრდას. 

გაცვლითი კურსის ნიშნული, რომელიც დღეს გვაქვს, უჭირავს ეროვნულ ბანკს, ყოველდღიურ სავალუტო ვაჭრობაში არის ჩართული და არც მალავს ამ ფაქტს, თუკი მოთხოვნა ჩნდება უცხოურ ვალუტაზე, ამ რეზერვებიდან გამოაქვს და ყიდის. 

გაამყარებს თუ არა ლარს, სებ-ის გადასაწყვეტია. მოსახლეობაც მიეჩვია ასეთ მაღალ კურსს, შესაბამისად, ფასებიც ამ კურსის მიხედვით დასტაბილურდა და არც სებ-ი ცდილობს, რომ ლარი გაამყაროს. თუკი შესაბამის ზომებს არ მიიღებენ და არ ჩაერევიან, ლარი 4,0-იან ნიშნულსაც მიაღწევს, სულ მცირე, 3,80 იქნება, რასაც ლარი წლის ბოლომდე დააფიქსირებს, თუკი ეს ტემპი გაგრძელდება“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×