ელზა პაპოშვილი
15.07.2020

რა მტკიცებულებებს მოიცავს გიორგი შაქარაშვილის საქმეს დართული მე-18 ტომი.  ახალი მტკიცებულებები, რომლითაც გამოძიება საკუთარი ვერსიის გამყარებას შეეცდება, რომ დაკავებულებს განზრახ მკვლელობის მუხლი წარუდგინოს.  საქმეში გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობრების ჩვენებების შესახებ ხდება ცნობილი.  საქმე იმ სამძებრო ღონისძიებებს ეხება, რომელშიც დაკარგული ახალგაზრდას მოსაძებნად, მათ შორის, გურამ ამირხანაშვილიც მონაწილეობდა. 

საქმის მასალებიდან ნათლად ირკვევა, რომ ადგილზე ნახალოვკელების გარდა საბურთალოელებიც  მივიდნენ, თუმცა შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ბევრს ვერაფერს ყვებიან. 

ასეევე უცნობია, მეგობრებს მაინც უთხრა თუ არა საქმის ოქროს მოწმემ ამირხანაშვილმა  სიმართლე, რეალურად რა მოხდა ნარეკვავის დასახლებაში და შემდეგ ცენტრალურ მაგისტრალზე. მოპოვებულ უტყუარ მტკიცებულებებს შორის არიან ახალი პირებიც. 

ჩვენებების მიხედვით საქმეში კიდევ სამი ავტომობილი ჩნდება. ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში ასევე  განახლდა იმ მოზარდების გამოკითხვა, რომლებიც საბედისწერო წვეულებაზე იმყოფებოდნენ. ეს ახალგაზრდები მანამდე მცხეთის პოლიციაში დაკითხეს და მათ ნაწილს დნმ-ის ნიმუშებიც აუღეს. 

დაკითხვაზე დღეს 10-მდე მოზარდი იყო დაბარებული, ისინი მონაწილეობდნენ შაქარაშვილის საქმის სხვადასხვა ეპიზოდში, მათ შორის ნარეკვავში, იმ წვეულებაზე, სადაც ანა გაბეჩავას დაბადების დღე აღინიშნებოდა და შემდეგ თემქის სახლშიც, სადაც ახალგაზრდებმა დაბადების დღის აღნიშვნა განაგრძეს. 

გუშინ დაკითხეს ასევე "ტოიოტა ვიტსის" ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც სავარაუდოდ, უკვე დაკითხულია. ამ მანქანის მგზავრები, მათი ჩვენებების მიხედვით, არაგვის ხიდთან ელოდებოდნენ ახალგაზრდებს, რათა ისინი თბილისში ჩამოეყვანათ. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მიზეზი ამ ადამიანების გამოკითხვაზე მეორედ დაბარების.   

ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა 19 ივნისის ღამეს და რატომ არ დაიწყეს შემთხვევის ადგილზე მისულმა საბურთალოელებმა დაკარგული შაქარაშვილის ძებნა - საქმის ახალი მასალებიდან ირკვევა, რომ "ტოიოტას" ტაქსში მჯდომებმა ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა,  საქმის მასალებიდან ცნობილი ხდება, რომ დიჯეი ღიბრაძემ, რომელიც იჯდა "ჰიუნდაიში" თბილისისკენ მიმავალ გზაზე ახსენა, რომ რამდენიმე ადამიანია მოსაძებნი, თუმცა კონკრეტული გვარები ვერ გაიხსენა. ქათამაძე და ახვლედიანი ისხდნენ "ტოიოტას" ტაქსში, რომელშიც მსხდომ პირსაც "ჰიუნდაიდან" დაურეკეს. ზარის განხორციელების მომენტში ტაქსი უკვე მოშორებული იყო შემთხვევის ადგილს და უკან აღარ დაბრუნებულა. 

„ტოიოტაში“ მსხდომი ერთ პირი ამბობს, რომ ახვლედიანის და ქათამაძისთვის მათი მისვლა სპეციალური ნიშნით უნდა ენიშნებინათ, რადგან ეშინოდათ და იმალებოდნენ. სწორედ "ტიოტას" ჩასვლისას მიდიან შემთხვევის ადგილზე „ჰიუნდაი“ და „ლექსუსი“, თუმცა იქ არ ჩერდებიან და ბრუნდებიან თბილისში, რადგან იქ არავინ ხვდებათ. „ტოიოტაში“ მსხდომი პირის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ახვლედიანი და ქათამაძე შეშინებულები იყვნენ,  ქათამაძეს კი დაზიანებები ეტყობოდა. ამ პირის ჩვენებით, არც ერთს გიორგი შაქარაშვილი გზაზე არ უხსენებია.  ჩვენებებიდან ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე ჩასულ საბურთალოელებს გიორგი შაქარაშვილის ძებნა არ დაუწყიათ. ეს ჩვენებები საქმის მასალების მე-18 ტომშია ასახული.  

საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი პირველი გამოკითხვისას, გამომძიებლებს ეუბნება, რომ გიორგი შაქარაშვილის საძებნელად საბურთალოდან მცხეთაში სამი მანქანა წავიდა. ჩვენების თანახმად, მას შემდეგ, რაც ის „ტოიოტა კამრის“ ექვსმა მგზავრმა დიდუბეში ჩამოსვა, ტაქსიში ჩაჯდა, მძღოლს ტელეფონი სთხოვა და დასახმარებლად მეგობარს, ირაკლი წაქაძეს დაურეკა. წაქაძე შაქარაშვილის საქმეზე ამჟამად ბრალდებულია. მას გამოძიება 126-ე მუხლს, ცემას ედავება. გამოძიების თანახმად, ის აგარაკზე მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა.

გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაში ვკითხულობთ: „ჩემი ტელეფონი ჩხუბამდე ვათხოვე კოკოს (კონსტანტინე ღიბრაძე), ტაქსის მძღოლმა მომცა თავისი ტელეფონი, რითაც მაშინვე დავურეკე ირაკლი წაქაძეს. მოვუყევი მომხდარის შესახებ და ვთხოვე, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყო უკან და მოეძებნა გიორგი შაქარაშვილი. აღნიშნულზე ირაკლი წაქაძე დამთანხმდა. დილას მითხრა, რომ სამი ავტომანქანით წავიდნენ ირაკლი და მისი მეგობრები გიორგი შაქარაშვილის მოსაძებნად, თუმცა უშედეგოდ.“ 

აღსანიშნავია, რომ შაქარაშვილის ე.წ. სამძებრო ღონისძიებაზე, ამირხანაშვილი სხვა არცერთ ჩვენებაში აღარ ლაპარაკობს. ახალ ტომში არის ნახალოვკელების ჩვენებაც, რომლებიც ადგილზე თავისი უბნელის თბილისში წამოსაყვანად ჩავიდნენ:

„ყური მოვკარი, რომ საგურამოდან წამოსაყვანი იყო ჩვენი უბნელი გ.მ. მე და ბესო გობეჯიშვილმა გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით საგურამოში. გავემართეთ ჩვენი უბნელის თემო კეტაშვილის მფლობელობაში არსებული „ტოიოტა ვიტსით“. მანქანაში ჩასხნდნენ მიშა ბეშიძე და სულხან ბაკაშვილიც. მე დამიკავშირდნენ ჩემ ნომერზე და მითხრეს წავსულიყავით ნატახტარში. ნატახტარში როცა მივედით, 19 ივნისის 00:30 საათი იქნებოდა. მანქანა გავაჩერეთ რესტორან იმერულ ეზოსთან. მალევე, ზუსტად არ მახსოვს რამდენ ხანში, მე ისევ დამიკავშირდნენ, და მითხრეს, რომ გ.მ. უკვე მიყავდათ თბილისში, რის შემდეგაც გამოვემართეთ თბილისისკენ," - აცხადებს ჩვენებაში გიგა ბუცხრიკიძე (ნახალოვკელი). 

დაკავებული რაგბისტების ადვოკატი ალექსნადრე კობაიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სასამართლომდე 10-დღეა დარჩენილი და პროკურატურას არანაირი მტკიცებულებები არა აქვს, რომ მისი დაცვისქვეშმყოფებს ბრალი დაუმძიმდეთ. 

„მტკიცებულებების მოპოვება ამდენი ხანი ვერ შეძლეს და ასეთ მოკლე დროში რა ახალი გარემოება უნდა გამოიკვეთოს არ მესმის. ჩვენებების მიხედვით საქმეში სხვა ახალი ფიგურანტები ჩნდებიან და ფაქტია, რომ ჩემი დაცვისქვეშ მყოფების შემდეგ ადგილზე კიდევ სამი ავტომობილი მივიდა, სადაც ორ-ორი კაცი იჯდა. ფაქტია ეს ადამიანები აქამდე გამოკითხულები არ იყვნენ. ორი კაცის წამოსაყვანად სამი ავტომობილი იყო მისული, სადაც რამდენიმე კაცი იჯდა. ასე რომ, ბევრი ისეთი გარემოება იკვეთება, რაც საქმის ირგვლივ უფრო მეტ  კითხვებს აჩენს. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს გური ამირხანაშვილზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა მოხდა და მის დასაშანტაჟებლად ამას ტელეფონით იღებდნენ აბსურდია. ყველა დაკავებულის ტელფონები ამოღებულია და ის პოლიციას აქვს“, - აცხადებს კობაიძე. 

იურისტი ლევან სამუშია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ყოველ დღე რომ ახალი ფატქები იდება, ეს  მედიის დამსახურებაა. საქმე იქითკენ მიდიოდა, რომ უბედურ შემთხვევად გასაღებულიყო. მისი თქმით დარჩა 10 დღე, რომ პროკურატურამ ბრალდებულებს სასამართლოში ბრალი დაუმძიმოს. თუმცა როგორც ვხდევათ მათ  ახალი  ხელჩასაჭიდი  არაფერი  აქვთ. 

„პროკურატურამ კარგად  იცის რომ საქმე დაგვიანებული და გაფუჭებულია. რატომ   მაშინვე არ დააკავეს ყველა ფიგურანტი და ცხელ კვალზე არ მიყვნენ? ერთი ადამიანიდანაც კი ფრჩხილის ნიმუშ ვერ აიღეს, 17-ივე დაკავებულს ფრჩხილები სპეციალურად ბოლომდე დაჭრილი ჰქონდათ.  ასევე გამოძიებამ  ტანსაცმლის და ფხესაცმლის ამოღება ორი დღის შემდეგ მოახდინა. ხომ არსებობდა სასიშროება ფეხსაცმელი და ტანსაცმელი გარეცხილიყო. შესაძლოა  შაქარაშვილის მკვლელობის  საქმე ცალკე წარმოებად გამოყონ, თაროზე შემდონ და მტკიცებულებების არ არსებობის გამო მკვლელები ვერც  იპოვონ“, - აცხადებს სამუშია.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×