მარიამ ნებულიშვილი
14.07.2020

გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის ოჯახის წევრები სახალხო დამცველს შეხვდნენ და მას სთხოვეს „ოჯახის „მთავარი არხის" ბულინგისგან დაცვა".

„გიორგის გარდაცვალების პოლიტიზირება ვერ მოხდება „შუაზე რომ გასკდნენ", - ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას მირიან ნიკოლაძე.

მისი თქმით, „მთავარი არხის" ერთადერთი ინტერესი ამ საქმის პოლიტიზირებაა და მათ ეს არ გამოუვათ.

„ქალბატონმა ნინომ ოჯახის წევრების პოზიციის გაცნობის შემდეგ ჩაინიშნა ეს პრობლემა და შეეცდება თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაამოწმოს, რა შეუძლია მას ამ კუთხით. ოჯახის ერთადერთი თხოვნა მისდამი სწორედ ეს იყო.

„მთავარ არხს" არ აქვს არანაირი ზნეობრივი საყრდენი. მათ არ აინტერესებთ არც გარდაცვლილი ბავშვი და არც ბავშვის ოჯახი. ამას ღიადაც ამბობენ მე არ ვიგონებ.

„მთავარ არხს" აინტერესებს მხოლოდ თემის პოლიტიზირება და გიორგის გარდაცვალების პოლიტიზირება ვერ მოხდება „შუაზე რომ გასკდნენ", მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის", - ამბობს „რეზონანსთან" მირიან ნიკოლაძე.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ოჯახისთვის ძალიან დიდი დისკომფორტის შემქმნელია მედიისგან გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია. ობუდსმენი მედიასაშუალებებს მოუწოდებს პატივი სცენ ოჯახის მდგომარეობას.

„მივიღეთ მოსაზრებები მხარეებისგან. შევხვდი როგორც გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებს, ასევე ყველა ბრალდებულს, რომელიც არის დაკავებული და იმყოფება საპატიმროში. საქმის შეფასების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ პროკურატურას, გაგვაცნოს საქმის მასალები, ჩვენ შევისწავლით საქმეს და პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას საგამოძიებო უწყებას.

„ოჯახთან საუბრისას ერთ-ერთი საკითხი, რაც მათი მხრიდან იყო წამოყენებული არის ის, რომ ცალკეული ქმედებები მედიის მხრიდან მათთვის ძალიან დიდი დისკომფორტის შემქმნელია.

„ბუნებრივია, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ სახალხო დამცველი არ არის ის ორგანო, რომელიც მედიასაშუალებებს ეტყვის რა ფორმით ან როგორ მოიპოვონ ესა თუ ის ინფორმაცია. თუმცა, გარკვეული რეკომენდაციები და თხოვნები ყველა მედიასაშუალების თუ ყველა მოქალაქეისადმი მაქვს, რომელიც ავრცელებს ამ თემაზე ინფორმაციას.

„პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ჩემი თხოვნა იქნება პატივი ვცეთ ოჯახის პირად სივრცეს და არასასურველი კამერებისგან დავიცვათ ისინი. ასევე ოჯახისთვის ძალიან მძიმეა, როდესაც ვრცელდება გარდაცვლილი ახალგაზრდის კადრები, ფოტოსურათები ან რაიმე ინფორმაცია სხვადასხვა პირის მხრიდან, რაც ოჯახის წევრების განცხადებით მათ ტრავმირებას იწვევს.

„გასათვალისწინებელია, რომ ისე გავავრცელოთ ან გავაშუქოთ აღნიშნული ფაქტი, რომ ვიფიქროთ ოჯახის წევრების მდგომარეობაზე. ასევე მინდა გთხოვოთ დაზარალებულებისა და ბრალდებულების კუთხითაც შევეცადოთ ისე გავაშუქოთ მოვლენები, რომ არ წარმოჩნდეს ვინმე უკვე როგორც დანაშაულის ჩამდენი", - ამბობს ნინო ლომჯარია.

პროკურატურის განცხადებით, ისინი მზად არიან შაქარაშვილის საქმეზე ომბუდსმენთან ითანამშროლონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×