მარიამ ნებულიშვილი
14.07.2020

„იმიტომაა საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი, რომ მათი ეს დაპირისპირება შესაძლებელია განვითარდეს სასაზღვრო ზოლში, უშუალოდ ჩვენი ქვეყნის საზღვართან", - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებულ სამხედრო შეტაკებებს.

მისი თქმით, შეტაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს საზღვართან ახლოს მოხდა, რაც ჩვენთვის საყურადღებოა.

„ბოლო 30 წელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არის ფაქტობრივად „ნელ-თბილი" ომი, ფრონტის ხაზზე ხან გაძლიერდება ეს ტალღა, ხან მინელდება. საქმე ისაა, რომ ეს ფრონტის ხაზი არ გადის მხოლოდ მთიან ყარაბაღზე, არამედ მთელ-საზღვარზე. ძალიან საინტერესოა, რომ ეს რაც ბოლო დღეებში მოხდა, არის საქართველოს საზღვრიდან დედოფლისწყაროს მიმრთულებას ვგულისხმობ, სულ რაღაც ორმოციოდე კილომეტრში.

„ასე რომ, თუ დაიწყეს რაკეტების გამოყენება, სამხრეთ კავკასია იქნება რეალური საფრთხის წინაშე. თუნდაც იმიტომაა საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი, რომ მათი ეს დაპირისპირება შესაძლებელია გადაიზარდოს სასაზღვრო ზოლში. უშუალოდ ჩვენი ქვეყნის საზღვართან", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

ალადაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დაპირისპირებამ სერიოზული სახე მიიღო, სამხედრო თვალსაზრისით ეს კონფლიქტი განსხვავებული იქნება აქმდე არსებულისგან, რადგანაც სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც მკვეთრად გააუმჯობესეს შეიარაღება და სამხედრო არსენალი.

„გადაიზრდება თუ არა ეს დაპირისპირება უფრო სერიოზულ კონფლიქტში სხვა საკითხია, ასეთი დაპირისპირება ხშირად ხდება მათ შორის.

„იმ შემთხვევაში თუ ამ დაპირისპირებამ ფართო მასშტაბი მიიღო, სახიფათო იქნება, იმიტომ, რომ სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც თავის არსენალში უკვე შეგროვებული აქვთ საკმაოდ დიდი რაოდენობის და მნიშვნელოვანი იარაღი. პირველ რიგში ესაა სარაკეტო სისტემები, რომელთა მოქმედების რადიუსი 40 კმ-დან თითქმის 300 კმ-მდე ადის. მათ ფაქტობრივად შეუძლიათ ერთმანეთის ყველა სტრატეგიულ ობიექტს საკუთარი ტერიტორიიდან მისწვდნენ.

„რაც შეეხება შეიარაღებას, რაც გამოჩნდა 2016 წლის დაპირისპირებიდან და მერეც აზერბაიჯანმა შეიძინა ულტრათანამედროვე სარაკეთო სისტემები ისრაელიდან და თურქეთიდან, რომელსაც შეუძლია წერტილოვანი დარტყმების მიყენება მოწინააღმდეგისთვის რამდენიმე ათეული და ასეული კილომეტრიდანაც", - გვითხრა ირაკლი ალადაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, ალადაშვილის თქმით, ყველაზე უცნაური ისაა, რომ ორივე მხარეს შეტევით იარაღს სწორედ რუსეთი აწვდის.

„ყველასთვის ნათელია, რომ ყველა ის კონფლიქტი, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება კრემლიდან იმართება. ასე იყო საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან და იგივე, სომხეთ-აზერბაიჯანთან მიმართებაშიც. ამას გათვლა ჰქონდა, საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესშიც, რომ ჩვენ არ გვეფიქრა ეკონომიკურ, ტექნიკურ და სამხედრო განვითარებაზე. ეს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაშიც კარგად ჩანს, როცა ორივე მხარეს რუსეთი აწვდის იარაღს. თან არა თავდაცვითს, არამედ შეტევითი სახის იარაღს.

„სომხეთთან ამას კიდევ გამართლება აქვს, იმიტომ, რომ სომხეთის ტერიტორიული დაცვის ვალდებულება რუსეთს აქვს აღებული, თუმცა ის იარაღები, რომლებიც აზერბაიჯანმა გამოიყენა სწორედ რუსეთის მიერაა მიწოდებული", - განაცხადა ალადაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს როლს ამ დაპირისპირებში, მისი თქმით, ქვეყანას სწორი საგარეო პოლიტიკა აქვს და ასეც უნდა გააგრძელოს.

„საქართველო ცდილობს, შეინარჩუნოს ნეიტრალური პარიტეტი სომხეთასა და აზერბაიჯანს შორის. გასაგებია, რომ მეზობლები არიან ჩვენი ორივესთან ნორმალური და კარგი ურთიერთობა გვაქვს და ასეც უნდა გავაგრძელოთ. ამიტომაც რთულია, რომ კონკრეტულად რაღაც ერთი მიმართულებით გაკეთდეს განცხადება. საქართველოს აბსოლუტურად სწორი საგარეო კურსი აქვს ამ მხრივ", - აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 12 ივლისს განახლდა. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა. მათი განცხადებით პირველად სომხურმა მხარემ ტავუშის მხარეში პროვოკაცია მოაწყო და სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია. სომხური მხარის განცხადებით კი, აზერბაიჯანი შეეცადა საზღვრის დარღვევას ტავუშის მიმართულებით.

არსებული ინფორმაციით გარდაიცვალა 3 აზერბაიჯანელი სამხედრო და დაიჭრა 5 ჯარისკაცი. სომხურ მხარეს კი მოხოლდ ორი დაჭრილი პოლიციელია.

13 ივლისს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი უშიშროების საბჭოზე განაცხდა, რომ „გუშინ და დღეს მტერმა ადეკვატური პასუხი მიიღო, ჩვენი ჯარისკაცების გამო შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც".

რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებას, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა სადაც გმობენ სომხეთის მოქმედებებს და მხარდაჭერას უცხადებენ აზერბაიჯანს.

"თურქეთი მკაცრად გმობს სომხეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას და დაღუპულების გამო თანაგრძნობას უცხადებს მეგობარ აზერბაიჯანს, თურქეთი, მთელი თავისი შესაძლებლობებით, გააგრძელებს აზერბაიჯანის გვერდში დგომას ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ბრძოლაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

13 ივლისს დაპირისპირებას გამოეხმაურა ოფიციალური მოსკოვიც, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სიტუაციაზე.

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის მოულოდნელი გამწვავების გამო.

მივიჩნევთ, რომ დაუშვებელია ესკალაცია გაგრძელდეს, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, მოვუწოდებთ დაპირისპირებულ მხარეებს თავშეკავებისკენ და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრად დაცვისკენ. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა, სიტუაციის სტაბილიზირებაში მხარეებს დაეხმაროს", - წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წუხილი გამოთქვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვიტარებულ მოვლენებზე.

„ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის.

საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საჭირო ზომები დროულად იქნება მიღებული და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოხდება ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება", - ამბობს ზურაბიშვილი.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების გამო შეშფოთება გამოხდა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისიოს საკითხებში ტოივო კლაარმა და აშშ-მა.

აშშ გმობს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ძალადობას. მხარეებს ძალის შეწყვეტიდა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×