მარიამ ნებულიშვილი
13.07.2020

7 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გასული აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა გამოცდებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. „თუ მისი ჯანმრთელობა სტაბილურია, არ არსებობს რაიმე ფაქტორი, რომლის გამოც ის გამოცდაზე არ უნდა გავიდეს", - ამბობს ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანასთან" საუბრისას.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სპეციალური სივრცეები არსებობს, კარგი იქნებოდა თუ აბიტურიენტს გამოცდის ცალკე დაწერის უფლებას მისცემდნენ.

„თუ არსებობს სპეციალური სივრცე, სადაც შესაძლებელია ადამიანი მოთავსდეს და თან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ აქვს რაიმე პრობლემა, არ არსებობს რაიმე ფაქტორი რაც მის გამოცდაზე დაშვებას ხელს შეუშლის", - ამბობს გოგინავა.

როგორც გოგინავა განმარტავს, ის აბიტურიენტები, რომლებიც ინფიცირებულ ახალგაზრდასთან ერთ სექტორში წერდნენ გამოცდას, სარეზერვო სივრცესში რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად რჩებიან, ხოლო სხვა აბიტურიენტებს საფრთხე არ ემუქრებათ.

„PCR ტესტს აქვს მაღალი მგრძნობელობა დაახლოებით 90%-ამდე შეიძლება უფრო მეტიც მაგრამ არა 100%, ამიტომ იმისათვის, რომ ყველანაირი რისკი მათ შორის თეორიულიც გამორიცხული იყოს, მაინც სჯობს ცალკე სივრცეში იყვნენ.

"ის ბავშვები ვისთანაც ახლო კონტაქტი ჰქონდა, ყველა გამოკვლეულია და არავისთან არ დასტურდება. თუ ახლო კონტაქტში მყოფ პირებს არ აქვთ, შესაბამისად სხვების ინფიცირების რისკი ძალიან დაბალია", - გვითხრა გოგინავამ.

რაც შეეხება კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პასუხების ფურცლების ორი კვირით კარანტინში განთავსებას, გოგინავას განცხადებით ქაღალდზე ვირუსი მაქსიმუმ ერთი დღის მანძილზე რჩება.

„თეორიულად რამდენიმე საათიდან ორ-სამ დღემდე ძლებს კორონავირუსი არაცოცხალ ზედაპრებზე. თუმცა, ქაღალდზე არ ძლებს დიდხანს. მხოლოდ რამდენიმე საათი მაქსიმუმ 1 დღე დარჩეს", - აღნიშნავს ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან".

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა გამოცდებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

„ეს აბიტურიენტი ახლა გადის შესაბამის მკურნლაობას და ვერ მონაწილეობს საგამოცდო პროცესში. რაც შეეხბა იმას, დაინიშნება თუ არა განმეორებითი გამოცდები, მას შემდეგ რაც ეს პროცესი დასრულდება, სამწუხაროდ ჩვენ გამოცდების განმეორებითი დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს," - ამბობს გორგოძე.

გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა საზოგადოებაში. დღეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან სტუნდენტური ომბუდსმენის წევრებმა აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ ახალგაზრდას წელი არ გაუცდეს, გამონაკლისი დაუშვან და გამოცდებში მონაწილეობის უფლება გამოჯანმრთელების შემდეგ მისცენ.

რაც შეეხება იმ 9 აბიტურიენტს, რომელიც ინფიცირებულ ახალგაზრდასთან ერთად წერდა გამოცდას, მათ კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ და გამოცდებში მონაწილეობას სპეციალური სარეზერვო სივრციდან შეძლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×