"მიუხედავად ვირუსისა, ყველა იმუშავებს, ოღონდ გარკვეული დაცვის საშუალებებით"
მარიამ ნებულიშვილი
13.07.2020

„აუცილებლად მოვა ის დრო, როდესაც მიუხედავად ვირუსისა, ყველა იმუშავებს, ოღონდ გარკვეული დაცვის საშუალებებით" - ასე ეხმიანება ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას, კორონავირუსის შესაძლო მძიმე ზემოქმედებას მსოფლიო ეკონომიკაზე, რამაც შესაძლებელია მასობრივი შიმშილობა გამოიწვიოს.

ხმალაძის თქმით, მსოფლიო მუშაობს ვაქცინისა და სამკურნალო პრეპარატების შექმნაზე, რაც პანიკის საშუალებას არ გვაძლევს. მისი აზრით ვაქცინა უფრო ადრე შეიქმნება, ვიდრე კაცობრიობა შიმშილის გამოწვევის წინაშე დადგება.

„ნებისმიერი ეპიდემია ნიშნავს ეკონომიკურ პრობლემებს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკვე ორი აქტიური პრეპარატი გამოაქვეყნა, რომელსაც იყენებენ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ. ამიტომ, პანიკა არ არის საჭირო, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რეკომენდაციები დავიცვათ.

„ამერიკა არ დარჩება ისე, რომ ვაქცინა არ შექმნას, ვაქცინას თუ არა სამკურნალო პრეპარატს მაინც აუცილებლად შექმნის. მეორე მომენტია კიდევ, აუცილებლად მოვა ის დრო, როდესაც მიუხედავად ვირუსისა, ყველა იმუშავებს, ოღონდ გარკვეული დაცვის საშუალებებით.

„ერთადერთი შესაძლებელია ყველაზე მეტად ჩავარდეს ტურისტული ბიზნესი და ეს შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც ძირითადად დამოკიდებულია ტურისტულ სექტორზე. მაგრამ ქვეყნებს, რომელიც რაღაცას აწარმოებენ, ეკონომიკურად ძლიერი არიან და ტურისტული ბიზნესის გარდა აქვთ სხვა შემოსავალი, მათთვის პრობლემა აუცილებლად შეიქმნება მაგრამ არა იმ მასშტაბის, რომ რაიმე განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დადგნენ", - ამბობს ირაკლი ხმალაძე.

მისივე თქმით, ყველაზე რთული მდგომარეობა ამ მხრივ განვითარებად სახელწიფოებს უდგას. თუმცა, მათთვის ეს პრობლემა პანდემიამდე ბევრდ ადრე დაიწყო.

„რაც შეეხება განვითარებად ქვეყნების დიდ ნაწილს, რომლებშიც კორონავირუსამდეც საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო. შეიძლება ძალიან ცუდად ვამბობ, მაგრამ აქ პრობლემები კორონავირუსამდე დაიწყო. კი, პანდემიამ მათ დიდი დარტყმა მიაყენა, მაგრამ ყველაფრის კორონავირუსზე დაბრალება არა მგონია სწორი. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება სკოლებს და სასწავლო პროცესის აღდგენას, მისი აზრით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისი იმ მასშტაბის არ არის, რომ სკოლები განსაკუთრებული საფრთხის წინაშე იდგეს.

„საქართველოს არ აქვს იმხელა პრობლემა, რომ სკოლებში ბავშვებმა არ იარონ. ოღონდ, აუცილებელია მათთვის სპეციალური რეკომენდაციების შემუშავება და შემდეგ, მისი მკაცრად დაცვა. არ შეიძლება განათლების გარეშე დარჩეს ახალგაზრდობა, მითუმეტეს ეს დაავადება ბავშვებში ყველაზე ნაკლებად ვრცელდება. პრაქტიკულად საქართველოში ბავშვთა ინფიცირების შემთხვევები არ გვაქვს და გამოსავალიც უფრო მეტია ვიდრე დიდებში. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ მაქსიმალური თავდაცვით უნდა გაგრძელდეს ცხოვრება, როგორც სასწავლო პროცესის თვალსაზრისით, ასევე სხვა მხრივ", - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

ცნობისთვის, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, „ოქსფამმა" ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კორონაკრიზისწის გამო გამოწვეული შიმშილით გარდაცვლილთა რაოდენობა უშუალოდ პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობას გადააჭარბებს. თუ კორონავირუსის გავრცელების ასეთი ტემპი შენარჩუნდება წლის ბოლოს შიმშილისგან ყოველდღიურად 12 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვლება.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჩემა ვერა ამბობს, რომ შიმშილის თვალსაზრისით ისედაც მძიმე მდგომარეობას კორონავირუსი კიდევ უფრო დაამძიმებს.

„კოვიდ-19 ბოლო წვეთია მილიონობით ისეთი ადამიანისთვის, რომელზეც უკვე დიდი გავლენა აქვს კონფლიქტს, კლიმატურ ცვლილებებს, უთანასწორობას და სურსათით მომარაგების ჩავარდნილ სისტემას, რომელმაც მილიონობით სურსათის მწარმოებელი და მათი მუშები გააღატაკა. ამ ფონზე, მსოფლიოს რვა უმსხვილესმა საკვებისა და სასმელების კომპანიამ საკუთარ აქციონერებს 18 მილიარდი დოლარი გადაუხადა იანვარის შემდეგ, მაშინაც კი, როცა პანდემია მთელს მსოფლიოში ვრცელდებოდა - ათჯერ იმაზე მეტი, ვიდრე გაეროს თქმით, ადამიანების შიმშილობის დასამთავრებლადაა საჭირო" - განაცხადა ვერამ.

ანგარიშის თანახმად, ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ვენესუელა, სამხრეთ სუდანი, ინდფოეთი, სამხრეთ აფრიკა და ბრაზილია.

ინფომრაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმა" ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×