მარიამ ნებულიშვილი
12.07.2020

დარგობრივი ეკონომიკსა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შესატანმა ცვლილებებმა მედიაში ვნებათაღელვა გამოიწვია, ამის გამო ის გადაიხედება და მასში ამ ეტაპზე გათვალისწინებული ცვლილებები არ შევა. ექსპერტი გია ხუხუაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ კანონი აღნიშნული ფორმით არ მიიღეს, რადგანაც ამით, უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპი ირღვეოდა.

„მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების ძალისხმევა იგივე, მედიის კონსოლიდირებული თავდაცვა ეფექტური აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ეს კანონი სკანდალური იყო არა რეგულაციების თვალსაზრისით არამედ, იმ მიზეზით, რომ მედიას თავდაცვის საშუალება არ ეძლეოდა. მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ სასამართლოში თავდაცვა იყო შეუძლებელი, მათი ნებისმიერი სანქცია შედიოდა ავტომატურად ძალაში და სასამართლოში საკითხის გასაჩივრება ვერ აჩერებდა საქმის წამოებას", - აბობს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონის ამ ფორმით მიღებით მედიას გამოუსწორებელი ზარალი მიადგებოდა ფინანსური კუთხითაც.

„საქმე იმაში გახლავთ, რომ ნებისმიერი კერძო ბიზნესი და მათ შორის მედიაც ესეთ ვიტარებაში ერთი დღითაც, რომ გაჩერდეს შესაძლებელია გაკოტრდეს. მერე, რომც დაამტკიცოს, რომ სანქცია არასწორად იყო მიღებული ფაქტობრივად მას უკვე გამოუსწორებელი ზარალი მიადგება. ეს არის შემთხვევა, როდესაც უდანაშაულობის პრეზუმცია არ მოქმედებს.

„საერთოდ ხელისუფლების და საზოგადოების ურთიერთობა ისეთ პრინციპზე უნდა ეწყობოდეს, როდესაც ხელისუფლება ვალდებულია ამტკიცოს დანაშაული და არა პირიქით, მედიამ ან ნებისმიერმა სხვა სუბიექტმა არწმუნოს, რომ ის უდანაშაულოა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

იგი არ გამორიცხავს, რომ ამერიკის კონგრესში ინიცირებულ კანონპროექტსაც ემოქმედა კანონის შეჩერებაზე.

„ეს ყველაფერი პოლიტიკაა და ბუნებრივია, რომ ყველა ფაქტორი ერთმანეთზე ურთიერთქმედებს", - აღნიშნავს გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

რაც შეეხება კანონს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონი დაჩქარებული წესით გადიოდა კომიტეტზე. მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭებოდა. კომისია უფლებამოსილი იქნებოდა დაენიშნა სპეციალური მმართველი მედიაში, რომელიც უზრუნველყოფთა კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ ლიცენზიის მფლობელი პირი დაკისრებულ ჯარიმას ვერ უზრულველჰყოფდა. გარდა ამისა, გადაწყვეტილება მიღებისთანავე მოდიოდა აღსრულებაში, სასამართლოში თავდაცვის საშუალება არ ეძლეოდა.

დარგობრივი ეკონომიკსა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კანულია ამბოობს, რომ წინასაარჩევნოდ მოცემული თემის განხილვა არ ღირს. ამის გამო, არ გავა ის კომიტეტზე.

„ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ" კანონში გაწვეული იქნება იმიტომ, რომ დღეისთვის, წინასაარჩევნოდ, ასეთი მოცემულობით ამ თემის განხილვა საჭირო არ არის. რაც შეეხება ოპერატორებს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი დაჩქარებულია, არ ნიშნავს იმას, რომ დაცული არ უნდა იყოს კანონის მიღების თუნდაც მინიმალური სტანდარტები. აშკარად ჩანდა, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა იყო და დაჩქარებულ დროში, ხვალ-ზეგ შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა კომუნიკაციის დეფიციტი აღმოვფხვრათ და ყველა ის არგუმენტი, რომელიც არსებობს სექტორში, კიდევ ერთხელ იყოს გააზრებული მარეგულირებელთან ერთად", - ამბობს კაკულია.

კანონპროექტს უარყოფითად აფასებდნენ მედია წარმომადგენლები და მესამე სექტორი. ისინი თვლიან, რომ ეს ცვლილებები საფრთხის შემცველია სიტყვის თავისუფლების კუთხით.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველოში" მიაჩნიათ, რომ სასამართლო კონტროლის გარეშე მედიასაშუალებაში სპეციალური მმართველის შემოღება, გარდა გამოხატვის თავისუფლებისა, არაკონსტიტუციურად ზღუდავს საკუთრების უფლებასაც. გარდა ამისა, მათი შეფასებით, დაჩქარებული რეჟიმი მნიშვნელოვნად ამცირებს კანონპროექტის ყოველმხრივ, საზოგადოების ჩართულობით განხილვის შესაძლებლობას.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" კი მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხეს შეიცავს.

ტელესაკომუნიკაციო კომპანიებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს, სადაც საუბრობდნენ, რომ აღნიშნული ცვლილებები და მათი დაჩქარებით განხილვა საფრთხის შემცველი იყო მედიათავისუფლების კუთხით.

კომუნიკაციების კომისიის დავმჯდომარის კიახა ბექაურის განცხადებით, ტელევიზიებში დროებითი მმართველის დანიშვნა საჭიროა მომხმარებლის უფლებების დასაცავად და არა კონტროლითვის.

„ამ ცვლილებების მიზანი არის არა იძულების მექანიზმის გაძლიერება კომპანიებზე, ეს ცვლილება ემსახურება მომხმარებლების უფლებების დაცვას, რადგან თუ აღსრულება ეფექტური არ არის, უნდა შეჩერდეს ავტორიზაცია, ჩვენ ვითხოვთ უფრო მსუბუქ მექანიზმს რათა მომხმარებელი დავიცვათ კომუნიკაციის შეწყვეტისგან", - ამბობს ბექაური.

ხელისუფლების განცხადებით აღნიშნული ცვლილებებით საფრთხე არ ადგება მედიის თავისუფლებას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ცვლილებები უფრო ტექნიკური ხასიათისაა, ამიტომ საფრთხეს არ შეიცავს.

„მედიის თვალსაზრისით არანაირ საფთხეს არ წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც გარდა მისი მფლობელებისა, ასევე სახელმწიფოც პასუხისმგებელია. ამიტომ, იქედან გამომდინარე, სანამ ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, ჩვენ რა თქმა უნდა, მსგავს მიმართულებებზე უნდა ვიზრუნოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიუხედავად მსგავსი განცხადებებისა, ამ ეტაპზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონი მაინც უკან გაიწვიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×