ტატა შოშიაშვილი
11.07.2020

აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ე.წ. მთავრობამ დანარჩენ საქართველოსთან „ჰუმანიტარული კორიდორის" გახსნა დააანონსა. 13-დან 17 ივლისის ჩათვით „გახსნილი" „საზღვრის" გადაკვეთის საშუალება მიეცემათ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილ გალის რაიონის მაცხოვრებლებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვერ ბრუნდებოდნენ სახლებში.

ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

„აფხაზეთი უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ დერეფანს საქართველოში დროებით მყოფი მოქალაქეებისა და რესპუბლიკის მცხოვრებლების უკან დასაბრუნებლად 13-დან 15 ივლისამდე და 16-დან 17 ივლისამდე პერიოდში", - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაბრუნების მსურველთათვის „საზღვარი" გაიხსნება, თითოეულ მათგანს მოუწევს შესაბამისი შემოწმების გავლა, რომელის შედეგადაც დადგინდება, არიან თუ არა კორონავირუსის მატარებლები.

ე.წ. საზღვარი დე ფაქტო რესპუბლიკის „მთავრობის" ინიციატივით პანდემიის პერიოდში რამდენჯერმე გაიხსნა და დაიხურა.

კერძოდ, 26 მაისს ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე დე ფაქტო საზღვარი დროებით გახსნა მათთვის, ვინც მკურნალობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადიოდა და სახლში დაბრუნება სურდა. ამის შესახებ „რესპუბლიკის" მთავარმა ექიმ-სანიტარმა, ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილ ადამიანებს აფხაზეთის ტერიტორიაზე დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ, ყოველი მათგანი ვალდებული იყო, რომ თვითიზოლაციაში 14-დღიან კარანტინი გაევლო.

22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ 24 ივნისის ჩათვლით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა დროებით გახსნა „საზღვარი" და დანარჩენი საქართელოს ტერიტორიაზე დარჩენილებს ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე წ. უშიშროების სამსახურმა გაავრცელა. ე. წ. ენგურის საკონტროლო გამშვები პუნქტი მუშაობდა დილის 09 საათიდან 19 საათამდე. ამ შემთხვევაშიც, ყველა ის ადამიანი, რომელიც „საზღვარზე" გადავიდა, ვალდებული იყო, რომ შემოწმება გაეარა. ამ დროს, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის მიწებიდან მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეძლოთ გადასვლა.

მაისში, „საზღვრის" დროებით გახსნისას შესაძლებლობით 532 ადამიანმა ისარგებლა, ხოლო ივნისში - 907-მა, მათ შორის 200 ბავშვი იყო.

ცნობისთვის, 11 მარტს ოკუპირებული ტერიტორიის „ხელისფულებამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომელის თანახმადაც 14 მარტის 20:00 საათიდან დე ფაქტო რესპუბლიკამ ენგურის ხიდზე ე.წ. გამშვები პუნქტი დახურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×