მარიამ ნებულიშვილი
10.07.2020

7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, აბიტურიენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ერთ-ერთი გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია.

„დღევანდელი ერთი შემთხვევა გახლავთ გუშინწინ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და სწორედ ამ შემთხვევამ მომიყვანა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. გუშინ ჩვენ მიერ გვიან ღამით დადასტურებული შემთხვევა გახლავთ იმ საოჯახო კონტაქტების რიცხვიდან,რომელიც გუშინწინ ერთ-ერთ ქალბატონს დაუდასტურდა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. როდესაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური იკვლევდა მასთან კონტაქტირებულ ადამიანებს, ერთ-ერთ ახალგაზრდა გოგონას კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, რომელიც 7 ივლისს გასულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საგანგებო კონსულტაცია საგამოცდო ცენტრთან და ყველა ღონისძიებაა გატარებული იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების პრევენცია გავაკეთოთ და ასევე, აბიტურიენტებს მივცეთ საშუალება, ვინც მასთან წერდა საგამოცდო ტესტებს, რომ გააგრძელონ შესაბამისი წესების დაცვით გამოცდები. ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას განსაკუთრებულად არაფერი აწუხებს. ის გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში შემდგომი მკურნალობისთვის", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ის აბიტურიენტები, რომლებიც ამ ახალგაზრდასთან ერთად ერთ საგამოცდო სექტორში წერდნენ გამოცდას თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათ მდგომარეობას ეპიდემიოლოგოები აკვირდებიან. გამყელიძე არ გამორიცხავს, რომ ისინი საკარანტინე სივრცეში გადაიყვანონ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის განცხადებით, ეს აბიტურიენტები სპეციალურ სარეზერვო სივრცეში განაგრძნობენ გამოცდების ჩაბარებას.

„შეფასებისა გამოცდების ეროვნული ცენტრი მეხუთე დღეა საგამოცდო პროცესშია. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ზედმიწევნით ვიცავთ სპეციალისტების მიერ მოწოდებულ ყველა რეკომენდაციას. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, ცხადია, ჩვენ ამისთვისაც ვიყავით მზად. როგორც უკვე მოგახსენეთ, სპეციალური სარეზერვო სივრცეები გვაქვს იმისათვის, რომ დანარჩენი 9 აბიტურიენტი ამ სივრცეებში განვათავსოთ მაქსიმალური უსაფრთხოების ზომების დაცვითა და შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად", - ამბობს გორგოძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, აბიტურიენტების ინფიცირების საფრხე ძალიან დაბალია.

მან აბიტურიენტებს რეკომენდაციების დაცვისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და ის სპეციალური რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×