მარიამ ნებულიშვილი
10.07.2020

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა. ექსპერტიზის დასკვნით გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

გარდა ამისა, მის ცხედარს აღენიშნება, სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები. პროკურატურის განცხადებით ეს დანზიანებები დამდგარ სიკვდილის ფაქტთან უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ არის.

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ასევე, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის გვამზე რამდენიმე ადგილას დაზიანება სიკვდილის შემდგომ პერიოდშია მიყენებული. გვამს გამოკვლევით რაიმე სახის ჭრილობა არ აღენიშნება.

„გიორგი შაქარაშვილის გვამზე კანის ზედაპირულად აშრევებული უბნები და მარჯვენა წინამხრის დეფექტი სისხლჩაქცევების გარეშე განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილის შემდგომ პერიოდში", - წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დააზუსტა საქმის კვალიფიკაცია. უკვე არსებულ კვალიფიკაციას, რაც გულისხმობს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას დაემატა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

„კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით", - ამბობენ პროკურატურაში.

„რეზონანსთან" საუბრისას იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის გამოძიებას და წინაწარ ვარაუდების გამოთქმისგან თავს იკავებს.

„ძალიან რთულია ახლა თუნდაც ვარაუდის დონეზე რაიმეს თქმა. მართალია, კვალიფიკაცია შეიცვალა და განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება გამოძიება. მაგრამ, რელურად გამოძიება ახლა იწყება. გამოძიებამ უნდა დაადგინოს სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები რა ბლაგვი საგნით მიადგა. ვინმე იყო ამაში დამნაშავე თუ სხვა გარემოებების გამო მიადგა შაქარაშვილს ეს დაზიანებები. ძალიან ბევრი რამ გამოძიებაზეა დამოკიდებული და ძალიან დიდი მნიშვნებობა აქვს მათ სწორ მუშაობას", - ამბობს მუხაშავრია.

იურისტი სანდრო ბარამიძის განცხადებით, გამოძიებას საქმის კვალიფიკაცია აქამდეც უნდა დაემძიმებინა. მისი თქმით, არსებობს რეალური საფუძველი იმისა, რომ დამნაშავეები დაუსჯელნი დარჩნენ.

„კვალიფიკაცია აქამდეც უნდა ყოფილიყო განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. ყველაფერი ამაზე მიუთითებდა. ესაა გარკვეული ძალადობის შედეგად დამდგარი სიკვდილი, მიუხედავად იმისა, რომ ასფიქსიით გარდაიცვალა. რამდენიმე გარემოებაა გადააგდეს ან ჩავარდა წყალში, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, იქნებ დაახრჩვეს ის? მას მისდევდნენ საცემრად ამიტომ, არაა გამორიცხული ეს ვარიანტიც.

„გამოძიება ისევე, როგორც ხორავას ქუჩის საქმეში „მიჩანჩალებს" სახოგადოებრივი აზრის უკან. ცდილობს, რომ რაღაცნაირად ის რაც აქამდე არ გააკეთა და რისი ვალდებულებაც ჰქონდა ახლა გამოასწოროს. რადგან ძალიან ბევრი რამ ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის.

„ამ სამი კვირის განმავლობაში იმდენი რამე არ გააკეთეს მყისიერად, რომ საქმე გააფუჭეს და ახლა საქმე იმდენადაა გაფუჭებული, რომ შეიძლება ვერ დაუმტკიცდეს შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში იმ ხალხ, რომლებმაც სავარაუდოდ ეს დანაშაული ჩაიდინეს. იმდენი შესაძლებლობაა ხელიდან გაშვებული, რომ ამის რეალური საფრთხე არსებობს", - ამბობს სანდრო ბარამიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×