"არჩევნები იქნება არა პარტიებისთვის ხმის მიცემის არჩევნები, არამედ რომელიმე პარტიის წინააღმდეგ ხმის მიცემის არჩევნები"
მარიამ ნებულიშვილი
09.07.2020

 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ამ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტიები საზოგადოებას ახალ სახეებს ვერ შესთავაზებენ. „ვინც არ უნდა ილაპარაკოს ახალი სახები გვეყოლებაო, არადამაჯერებლი იქნება. იმიტომ, რომ ნეგატიური კონტექსტი და განწყობა უფრო მაღალია, ვიდრე პოზიტიური", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, ეს არჩევნები არა პოლიტიკური სახეების, არამედ პარტიების სახელების არჩევნებია და საზოგადოების ხმები საპროტესტო იქნება. კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ მიმართული და არა მხარდასაჭერად.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ახალი სახეები არ იმუშავებს. იმიტომ, რომ ზეგავლენას ახდენს პარტიის სახელი. რაც არ უნდა ახალი იქსი და იგრეკი დააყენონ პოლიტიკურმა პარტიებმა, იქსი სახელით და იგრეკი გვარით, საზოგაოდებას არაფერს არ ეტყვის. ხალხი ხმას მისცემს არა ამ ახალ სახეს, არამედ, პარტიას - მოსწონს თუ არ მოსწონს. თუ მოსწონს, მისცემს ხმას თუ არ მოსწონს შესაბამისად არ მისცემს.

„როგორც ჩანს, არჩევნები იქნება არა პარტიებისთვის ხმის მიცემის არჩევნები, არამედ რომელიმე პარტიის წინააღმდეგ ხმის მიცემის არჩევნები. ძირითადად, ვისაც არ უყვარს „ქართული ოცნება" მივა არჩევნებზე და ვინმე სხვას მისცემს ხმას, ოღონდ „ქართული ოცნება" არ გავიდეს, არ გაიმარჯვოს, ხოლო ვისაც არ უყვარს „ნაციონალური მოძრაობა" და ეშინია მისი დაბრუნება ხმას მისცემს, რათა არ დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა". მთელი ხმები საპროტესტო იქნება. არ იქნება პოზიტიური ხმები, იქნება ნეგატიური ხმები.

„ამ ფონზე არავის არ აინტერესებს ახალი სახეები. ყველას აინტერესებს ძველი სახეები არ გავიდეს და როგორმე მოაშორონ ისინი. ამიტომ, დააკვირდებიან პარტიებს და არა სახეებს.

„შემდეგი საპარლამენტო არჩევნებში კი გამოჩნდებიან უკვე ახალი სახეები. მაგრამ, დღეს არსებულ პარლამენტში ყველა პოლიტიკოსი ძველი სახეა და საზოგადოებას მობეზრებული ჰყავს ისინი", - გვითხრა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, „ლელო" სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით ცდილობს, რომ ახალი სახეებით და ახალგაზრდებით დაკომპკლექტდეს.

„ლელოში" მეტად არიან ახალგაზრდები, მაგრამ ისინიც ცნობილები არიან. „ლელო" ცდილობს მეტად წარმოაჩინოს ახალი სახეები. „ქართულმა ოცნებამ" დაკარგა მთლიანად ვინც კი ჰყავდა გუნდში ახალი სახე და ახალგაზრდა, როდესაც 14 ნოემბრის კენჭისყრის შემდეგ, მთელი ახალგაზრდობა წამოვიდა მისგან.

„პრაქტიკულად ახლა „ქართულ ოცნებაში" არავინაა ახალი სახე. ამბობენ, რომ ეყოლებათ და ვნახავთ ამას კიდეც როდესაც სიები გამოქვეყნდება, ჯერ-ჯერობით უბრალოდ ლაპარაკობენ, რომ ეყოლებათ ახალი ხალხი და ამას ამბობს, როგორც „ქართული ოცნება" ისე - ოპოზიცია.

„მე ვერ ვხედავ ამ ახალ სახეებს გულწრფელად გეტყვით, მაგრამ, ველოდები სიების გამოქვეყნებას და ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ მოხვდება საარჩევნო სიების პირველ 40 კაცში. იმიტომ, რომ პირველი 40-ეული იქნება რეალურად გამსვლელი", - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილი დადებითად აფასებს, 1%-იან ბარიერს და ამბობს, რომ ეს მცირე პოლიტიკურ პარტიებს საშუალებას მისცემს პარლამენტში შესასვლელად საჭირო ხმები მარტივად მოაგროვონ. ასევე, მისი შეფასებით, სწორედ ამ ბარიერით ჩატარებული არჩევნების შემდეგ გამოჩნდებიან რეალური ახალი სახეები, რადგა ქართულ პოლიტიკაში არსებული ორ პოლუსიანი სისტემა დასრულდება.

„ვინც არ უნდა ილაპარაკოს ახალი სახები გვეყოლებაო, არადამაჯერებლი იქნება. იმიტომ, რომ ნეგატიური კონტექსტი და განწყობა უფრო მაღალია ვიდრე პოზიტიური. არანაირ პოზიტივს არ ელოდბიან ახლა, საზოგადოება ელოდება, რომ ვიღაც არ გავიდეს. მაინც ორი პოლუსია, როგორც ბიძინა ივანიშვილმა დაადგინა. ესაა „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" და „შუა უნდა გაკრეფილიყო", გაიკრიფა კიდეც.

„სხვათაშორის 1%-იანი ბარიერი ძალიან კარგია. ამით „ქართული ოცნება" აღიარებს თავის შეცდომას, რომ „შუა გაკრიფეს". ამ 1%-იანი ბარიერით სხვა პარტიებს ისევ შემოიყვანენ პარლამენტში. ამიტომ, ეს ახალი პარლამენტი იქნება სადაც საზოგადოება დაინახავს რეალურ ახალ სახეებს, თუ ისნი იქნებიან, რა თქმა უნდა", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ზღაპრების მოყოლა ყველას ეხერხება   (12.07.2020)
ახალი სახეები კიარა,შესთავაზონ განსახორციებელი პროგრამები,გაწერილი კვარტალურად,რათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დროულად მოეთხოვოს პასუხი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×