ელზა პაპოშვილი
21.06.2020

რატომ დატოვა თბილისის ორი მაჟორიტარული ოლქი „ვაკანტურად“ „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ და ამ საკითხზე ხომ არ მიდის მოლაპარაკებები კონკრეტულ პარტიებთან ან პოლიტიკოსებთან? მათ კიდევ აქვთ იმედი, რომ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან. მითუმეტეს, რომ ამ ოლქებიდან ერთ-ერთში - საბურთალოზე - უკვე გეგმავენ საკუთარი კანდიდატურის დაყენებას თაკო ჩარკვიანი და ალეკო ელისაშვილი.

წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე გადაადგილებების კიდევ ერთი ინტრიგა ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკავშირდება. „რეზონანსის“ ინფორმაციით, მან პრაქტიკულად უკვე დაასრულა კონსულტაციები მოძრაობა „ლელოსთან“ და დიდი ალბათობით, „ლელოს“ საარჩევნო სიის პირველ ხუთეულში ვიხილავთ, ხოლო პირველ ნომრად მამუკა ხაზარაძე განიხილება. 

მარგველაშვილი აცხადებს რომ მისი პოლიტიკური გემოვნება ახლა ყველაზე ახლოს „ლელოსთან“ არის, თუმცა, არ აკონკრეტებს იქნება თუ არა არჩევნებზე „ლელოს“ სიაში.

„მაჟორიტარად კენჭისყრას არ ვაპირებ. შეთავაზებები და აზრები იყო ბევრი, მაგრამ ეს არ არის ყოველთვის ეთერში მოსაყოლი, ვისგან და რანაირად. პოლიტიკური სპექტრის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გამოიყოს, ის, რაზეც არის ქართული საზოგადოების შეკვეთა. ქართული საზოგადოების შეკვეთა კი არის ახალ ძალაზე და არა წინა ხელისუფლებაზე, არა კიდევ იმის წინა ხელისუფლებაზე, არამედ ახალ, მომავალ ძალაზე. 

„ლელო“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არა მხოლოდ ჩემს ღირებულებებთან არის ახლოს, არამედ იქ არის ჩემი ბევრი ყოფილი თანამებრძოლი“. - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი კი „რეზონანსთან“ საუბრისას გამორიცხავს, რომ მათმა პარტიამ პოზიცია შეცვალოს და თუნდაც თბილისის ორ მაჟორიტარულ ოლქში დარჩენილ „ვაკანტურ ადგილებზე“ ოპოზიციასთან შეთანხმებული კანდიდატები დააყენონ. მისივე თქმით, როგორც თავიდანვე განაცხადეს, მათ საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლებათ და საერთო კანდიდატებზე კონსულტაციები არც ადრე და არც ახლა არ მიმდინარეობს.

„იმ მაგიდასთან მსხდომმა ყველა ადამიანმა თავიდანვე იცოდა ჩვენი პოზიცია. მათაც არასდროს უთქვამთ, რომ „ლელო“ ვინმეს რამეს დაპირდა და შემდეგ ეს შეცვალა. ისევ იმ ძველ აზრზე ვართ და თავიდანვე რა გზაც დავსახეთ, იმ გაზას მივყვებით. 

„რა თქმა უნდა, ოპოზიციისგან თუ ეს შემოთავაზება გაკეთდება, ჩვენს მიზანს მაინც არ გადავუხვევთ. ეს ღიადაც განვაცხადეთ და არაც არავის არაფერს დავპირებივართ. სტრატეგია გვაქვს და ამაზე როგორც საზოგადოება, ასევე ოპოზიციური პარტიებიც ჩვენი მხრიდან ღიად და პატიოსნად გავაფრთხილეთ. ვინარჩუნებთ იმ გეგმას, რაც ადრევე ვთქვით“, - ამბობს ნაცლიშვილი „რეზონანსთან“. 

ჩვენს კითხვაზე, „ლელოს“ რიგებში შესაძლოა თუ არა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვიხილოთ და აქვს თუ არა ამის სურვილი თავად პარტიის ხელმძღვანელობას, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ არავისთვის დასამალი არაა, რომ მარგველაშვილის შეხედულებები „ლელოსათან“ ძალიან ახლოს დგას და მასთან კომუნიკაცია აქვთ, თუმცა ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის თქმა არ შეუძლია. 

„მაგრველაშვილი „ლელოსთან“ თავისი ღირებულებებით დგას, ეს საზოგადოებისთვის უცნობი არ არის. ასევე მისი გარემოცვის რამდენიმე წევრი ამ პარტიაში ვართ, რაც, რა თქმა უნდა, ამ კავშირებს კიდევ უფრო ახლოვებს. თუმცა, დღეის მონცემებით რაიმე კონკრეტულის თქმა ჯერ არ შემიძლია. 

„თუკი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ამაზე საზოგადოება აუცილებლად გაიგებს. ეს არის ორმხრივი პროცესი და თუ რაიმე კონკრეტულზე შეთანხმება იქნება, საჯაროდაც გაცხადდება. ურთიერთობა გვაქვს და არც არასდროს შეგვიწყვეტია და ეს მემგონი ძალიან ბუნებრივი ამბავია“, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი „რეზონანსთან“. 

რატომ დატოვა „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ ღიად თბილისის მაჟორიტარული ორი ოლქი და ვისთან მიდის ამ ადგილების დასაკავებლად მოლაპარაკებები - ამ კითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე გვპასუხიბს, რომ ეს შესაძლოა იმ პარტიებისთვის არის დატოვებული, რომლებიც მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებაში შემოვლენ და საკუთარ კანდიდატებს „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერებს არ დაუყენებენ. 

გოცირიძე ამბობს, რომ შესაძლოა ამ ღია ოლქებზე „ლელოსთან“ ან ელისაშვილის პარტიასთან შეთანხმება მოიაზრებოდეს, რომ ისინი ერთიან კანდიდატურაზე შეჯერდნენ. ასევე გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ ეს ადგილები ძალიან ცნობილი ადამიანებისთვის მოიაზრებოდეს, რომლებსაც საკმაოდ დიდი ელექტორატი ჰყავთ. 

„შესაძლოა ეს ოლქები პოლიტიკოსისთვის, ცნობადი სახისთვის და კონკრეტული პარტიებისთვის იყოს. მრავალი გეგმა შეიძლება იქნას ამოქმედებული, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ შეიქმნას ყველაზე კონკურენტუნარიანი კანდიდატი და „ოცნების“ დამარცხება უფრო ადვილი იყოს. 

„რაც შეეხება მაგრველაშვილთან რაიმე მოლაპარაკებას, კონკრეტული საუბარი არ ყოფილა. მან თქვა,რ ომ პოლიტიკაში უკან დაბრუნება სურს. თუკი ის რომელიმე პარტიას უკვე მოიაზრებს, ეს მისი გადასაწყვეტია. აქ ბევრი ნიუანსია, რომელიც საბოლოო ჯამში გამოჩნდება“, - აცახდებს რომან გოცირიძე „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება მარგველაშვილის უკან პოლიტიკაში დაბრუნებას და მის შანსებს, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“, ამბობს, რომ ვინც რა არ უნდა თქვას, ის წლების განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ხოლო რაც შეეხება მარგველაშვილთან არსებულ პრეტენზიებს, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ის ყოველთვის ცდილობდა რაღაც გაეკეთებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა იმ მანკიერი სისტემიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში ჩამოყალიბდა. 

„მთავარი პრეტენზია მარგველაშვილის მიმართ ის არის, რომ მან ვერაფერი ვერ გააკეთა. სწორედ ამ ფრონტზე უტევენ. მასზე ვერავინ იტყვის, რომ ან კორუმპირებულია, ან რამე გააფუჭა. უბრალოდ, ვერფერი ვერ გააკეთა. მაგრამ ის ქართულ პოლიტიკაში კარგი აქტივია. ქვეყნის პრეზიდენტი იყო და მას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ პოლიტიკური წონა აქვს. 

„მარგველაშვილი „ქართული ოცნებისთვის“ დისკომფორტის შემცვლელია გამომდინარე იქიდან, რომ მის სიტყვას უცხოეთში მაღალი ფასი აქვს. შესაბამისად, მისი აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში დიდ მნიშვნელობას ატარებს. როდესაც მისი ციტირება არჩევნებთან დაკავშირებით იქნება, მას დასავლეთში ყურადღებას მიაქცევენ. მის ნათქვამს მეტი დამაჯერებლობა ექნება. 

„არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა მისი მხრიდან ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შემქმნელი იქნება. „ოცნებას“ არჩევნების გამაგრების პრობლემა ექნება. ამ მხრივ მარგველაშვილი შესაძლოა სერიოზულ პრობლემად იქცეს. ის სერიოზული დარტყმის ქვეშაც შესაძლოა მოექცეს, მაგრამ აქ გასაკვირი არაფერი იქნება. მარგველაშვილი კი არა, ამ ქვეყანაში თუ ვინმე ხელისუფლების საწინააღმდეგო რამეს იტყვის, ყველა ასეა“, - ამბობს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×