ელზა პაპოშვილი
19.06.2020

გადაიარა თუ არა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ საფრთხემ და ამზადებდა თუ არა მის  ლიკვიდაციას მხოლოდ დაკავებული ასლანბეგ ბოკოევი. ვინ არის ის – დაქირავებული ქილერი თუ იმ ჯგუფის წვერი, რომლებიც გაბუნიას მარშუტს და გადაადგილებას სწავლობდა. როგორც „მთავარი არხის“  დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, მას აქვს სანდო წყაროდან ინფორმაცია, რომ ბოკოევი ქილერი არ არის და ის მხოლოდ გაბუნიას გადაადგილებას სწავლობდა. 

რაც შეეხება თავად ბოკოევს ვინ არის ის და რას წარმოადგენს, როგორც „რეზონანსის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ის რუსეთის ეფესბე-ს სპეცდანიშნულების რაზმ "ვიმპელის" მოქმედი თანამშრომელია. გაბუნიას სუს-ში დაცვის დანიშვნა შესთავაზეს, თუმცა მისი თქმით, ამაზე გადაწყვეტილებას იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. შესაბამისად ჩნდება ლოგიკური კითხვა, რომ გამოძიება ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენაზეც მუშაობს. არ არის გამორიცხული, რომ ქილებს გეგმა „ბ“ ჰქონდეს.         

„მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე დაცვის გაძლიერების კუთხით. ბოლოს დაცვის უფროსი ჩავუსახლე სახლში, გაბუნიას შეეზღუდა მაქსიმალურად გადაადგილება მისი თანხმობით. ის მარტო აღარ გადაადგილდება არსად, სახლშიც არა არის მარტო,“ - აცხადებს "მთავარი არხის" გენერალური დირეტქორი.

ნიკა გვარამია დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდგ გვარამიამ განაცხადა, გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია წყარო.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ინფორმაცია გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით ორი წყაროსგან - სუს-ისა და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნისგან მიიღო.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიას თქმით, მისი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი:

„ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი, ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წვერი, შესაბამისად თანამზრახველი მას აუცილებლად ეყოლება... გაბუნიას შესთავაზეს დაცვა, ლოგიკური დასკვნაა, რომ საფრთხე არ არის ამოწურული“ - ამბობს ნიკა გვარამია.

ამ საქმის ირგვლივ კიდევ რამდენიმე ახალი მოთამაშე ჩნდება, რომელთა მიზნებიც ჯერჯერობით უცნობია. გავრცელდა სააკაშვილის და ადეიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც ისინი გვარამიას აკრიტიკებენ. 

"გვარამიას უკრაინა არ უნდა ეხსენებინა", -ამ მასალას კი უკრაინულმა გამოცემა Obozrovatel-ი ავრცელებს.  

ჩანაწერში ისინი გიორგი გაბუნიას საქმესა და ნიკა გვარამიაზე საუბრობენ. მასში ყველაფერი გარკვევით არ ისმის.

სააკაშვილი: გვარამიას ცოტა აკლია ოღონდ, ნაბიჭვარი და ავადმყოფია.

ადეიშვილი: მანდ სხვა რაღაცა იყო. აქ მართლა ვეხმარებოდით მაგას და მერე... ამ ნიკამ ვერ მოითმინა, წამოაყრანტალა. მერე გამოვიდა და გაიჩალიჩა ეს რაღაც. რაში სჭირდებოდა.

სააკაშვილი: გვარამიამ მასალები ნახა თუ რატომ თქვა?

ადეიშვილი: იჩქარა, ეტყობა, შეიძლება ნერვები მოეშალა. ახლა ესენი მიაწვებიან. არაფრისგან გააკეთა ასეთი რაღაც. და მერე მოულოდენელად ფორმულამ გააკეთა და ამან გაჩითა რა. შეშურდა. ეს თემა ჩვენთან უკრაინაში ჩამოგვივიდა საქართველოდან.

სააკაშვილი: გაბუნია არასტაბილური ტიპია, თან მშიშარაა.

ჩანაწერში ადეიშვილი ასევე ამბობს, რომ არ ესმის, რაში დასჭირდა გვარამიას უკრაინის ხსენება ქართულ სკანდალებში. მისი თქმით, ამით გვარამიამ როგორც ადეიშვილი, ისე სააკაშვილი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

"უკრაინა საერთოდ არ უნდა ეხსენებინა", - თქვა ადეიშვილმა. 

ნიკა გვარამიამ ჩანაწერის ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა და ამბობს, რომ სიტყვები აკინძული და დამონტაჟებულია. თუმცა არ უარყოფს, რომ ამ თემაზე ქართველებთან და უკრაინელებთანაც კომუნიკაცია ჰქონდა. 

"მოვისმინე ეს ფარული ჩანაწერი, მე არ ვიცი, რა ჩავაფლავე. ერთადერთი, შემიძლია გითხრათ - ეს არ არის ჩემთვის ვალიდური წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი. თქვენ არ შეგეშლებათ, აკინძულია სიტყვასიტყვით ეს ფარული ჩანაწერი, თუმცა იქ ამ თემასთან დაკავშირებით რაღაცები იკითხება, მაგრამ, ჯერ ერთი, კანონიერი არ არის, თან, ავთენტური არ არის", - თქვა გვარამიამ.  

გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიას გამოკითხვის მიუხედავად, გამოძიება ამ დრომდე არ აკონკრეტებს, რომ გამოძიება სწორედ გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელწმიფომ დღეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს დაცვაც შესთავაზა, ვისი მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიება მიმდინარეობს, პროკურორი სახელსა და გვარს მაინც არ ასახელებს.

„ჩვენ ვამბობთ მშრალ ფატქებს. დიახ მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობის მომზადებასთან დაკავაშირებით და დიახ ფაქტია, რომ ჩვენ გიორგი გაბუნიას შევთავაზეთ დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე" ,-განაცხადა პროკურორმა.

ის ასევე არ საუბრობს მისცა თუ არა უკვე ჩვენება დაკავებულმა ბოკოვმა.  

კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი „რეზონანსთან“ ასევე არ გამორიცხავს, რომ დაკავებულის გარდა საქმეში ჩართული სხვა პირებიც იყვნენ. მისი თქმით, მსგავს  საქმეებს მხოლოდ ერთი ადამიანი არ გეგმავს და არ ახორციელებს. მინიმუმ რამდენიმე კაციანი ჯგუფია საჭირო. მითუმეტეს კადიროვის და პუტინის დაკვეთილი მკვლელობის ხელწერა ასეთია. თუნდაც საქართველოს მოქალაქის ხანგოშვილის მკვლელობა ავიღოთ, სადაც გერმანიის უასფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე კაცი ფიგურირებს. 

„ასეთი დანაშაული ძირითადად მხოლოდ ერთი კაცის მიერ არ ხორციელდება. იგივე ხანგოშვილის ამბავი, როდესაც მოხდა იქაც რაღაც ჯგუფზე იყო საუბარი. ზოგადად არ არის გამროიცხული, რომ გაბუნიას ლიკვიდაციის  საქმეშში რამდენიმე კაცი იყოს ჩარეული. ამიტომაც პირველ რიგში იმ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, რეალურად ამ ერთი კაცის დაკავებით საფრთხემ გადაიარა თუ არა. აშკარად ამ ყველაფერს კი პოლიტიკური განზომილება აქვს. ამიტომაც სახელმწიფოს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად ღია იყოს. მესმის ასეთ საქმეეებზე ყველაფერი არ ითქმის, მაგრამ სხვა კონტექსტი რომ არ მიეცეს, გამჭვირვალობა ბევრად სჯობს. 

„საქართველოს ხელიუფლებამ იგივე ზემილხან ხანგოშვილის მკვლელობის დროსაც წაყრუების პოლიტიკა აირჩია. არადა აქ საუბარი ჩვენს მოქალაქეზეა. აქაც აშკარა კვალი კადიროვამდე მიდის. ზოგადად ამ ამბავში გასაკვირი არაფერია. საქართველოში კი არა, მთლიანად ევროპაში და აზიაში მსგავსი არა ერთი შეკვეთილი მკვლელობა მომხდარა. ადამაინები, რომლებიც აკრიტიკებენ ან რაიმე მიმართულებით მათ ინტერესებს გადაეღობებიან, მათთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ.  ბოლო რამდენიმე თვის წინ, ბლოგერი იპოვეს ბელგიაში ყელგამოჭრილი. 

ნორვეგიაში იპოვეს ასევე ბლოგერი მოკლული, რომელსაც ქილერი თავს ჩაქუჩით დაესხა. მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებული იყო და დაცვითაც სარგებლობდა, მაგრამ ამანაც არ უშველა. ამიტომაც კადიროვისგან გასაკვიირ არაფერი არ არის და ასეთი შეკვედილი მკვლელობები მისი ხელწერაა“, - აცხადებს კანაშვილი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, გაბუნია საფრთხეში მანამდე იქნება, სანამ პუტინი და კადიროვი ცოცხლები იქნებიან. კანაშვილი ამბობს, რომ როდესაც გაბუნიას მონოლოგი მოისმინა, როგორც ადამიანი ძალიან შეეცოდა, რადგანაც ის მთელი თავისი ცხოვრება შიშში იქნება. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ გინებაზე კი არა ელემენტარულ კრიტიკაზე სასტიკად სჯიან. სატელევიზიო ეთერებში ბოდიშს საჯაროდ ახდევინებენ. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მისი ლიკვიდაცია ზუსტადაც ამ ფორმით ეცადათ. კანაშვილი ამბობს, რომ ამ ყველააფერში ასევე,  პოლიტიკური კონტესტი ჩნდება, რადგანაც ყველაფერი შესაძლოა 20 ივნისს დამთხვეულიყო და ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირება ისევ დაწყებულიყო. გათვლა ასევე შესაძლოა წინასაარჩევნოდაც ყოფილიყო. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×