რეზონანსი
12.06.2020

თუ კონფლიქტის მოგვარება ან ტრანსფორმაცია გსურს, აუცილებლად უნდა იცოდე კონფლიქტის ისტორია, საიდან მოდის მისი ფესვები? რა გარემოებები ასაზრდოებდა კონფლიქტს? ვინ უწყობდა ხელს კონფლიქტის გაღვივებას და ვინ ეწინააღმდეგებოდა ამას? რამდენად ეფექტური იყო კონფლიქტის მოგვარების მედიაცია და ა.შ. კონფლიქტებთან, ისევე როგორც ბევრ სხვა პრობლემასთან მიმართებაში საქართველოში არსებული ინსტიტუციური მეხსიერების დეფიციტი ხელს უშლის საზოგადოების სრულფასოვნად განვითარებას, რაც, თავის მხრივ, აფერხებს მდგრადი მშვიდობის დამყარებას.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (www.iccn.ge), დღიდან მისი დაფუძნებისა მუშაობს კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის სფეროში საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. გასული 25 წლის მანძილზე, ორგანიზაციის არქივში შეგროვდა უნიკალური მასალა, რომელიც ასახავს 1990-იანი წლების საქართველოს ისტორიას შეიარაღებული კონფლიქტების მოგვარების გზაზე სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის კუთხით. 2014 წელს ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული უნიკალური საარქივო დოკუმენტები და ამით ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს საისტორიო არქივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი გამორჩეული წვლილი შეიტანა.

დღეს როდესაც საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო დისციპლინის ფარგლებში ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტებთან დაკავშირებით არა ერთი დისკუსია თუ სამეცნიერო დებატები იმართება, აღნიშნულ არქივს ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის კონფლიქტების დოკუმენტებით გამყარებული რეტროსპექტივის ჩვენებით, შეუძლია  საკუთარი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ამ დებატებში.

არქივში წარმოდგენილი დოკუმენტები მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი კონფლიქტების წყარო ერთ მხრივ იყო ძალადობა მასის დონეზე, როდესაც მასების ეთნიკური მტრობა ელიტებს უბიძგებს ეთნიკურ საკითხებზე უფრო ხისტი პოზიციის დაკავებას. თუმცა ასევე ადგილი ჰქონდა ელიტების მიერ ეთნიკური დაპირისპირების ინიცირებას, ეთნიკური ჯგუფების ლიდერების მიერ საკუთარი პოლიტიკური მიზნების რეალიზებისთვის.

აფხაზეთის უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, გენერალმა ლევან კიკნაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი ცენტრების არსებობა მნიშვნელოვანია. ამასთან, აუცილებელია მას ოკუპირებულ რეგიონებში ადგილობრივ ორგანიზაციებთან უფრო მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ, რასაც თავის მხრივ, გარკვეული დადებითი შედეგი ექნება.

„თუ ამ ცენტრმა იმუშავა მიზანმიმართულად და ცენტრის თანამშრომლებმა, ვინც დასკვნებს აკეთებენ, სწავლობენ კონფლიქტურ რეგიონებს და ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაცია აქვთ თუ რა ხდება იქ, მუშაობას შედეგი ექნება.

„ის ფაქტი, რომ ჩვენი მხარე მზად არის დიალოგისთვის, ამასთან ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებთ, ეს ყველაფერი სწორი და კარგია, თუმცა, ამასთან ერთად საჭიროა ადგილებზე ვითარების ფლობა, - იმ ადგილობრივი ორგანიზაციების გამოკვეთა, თუნდაც პიროვნებების, რომლებიც პრაგმატულად აზროვნებენ, რომლებსაც მართლაც უნდათ კონფლიქტის მოგვარება, - სწორედ იქითკენ უნდა წავიდეს საქმე,“ - თქვა ლევან კიკნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×