თამთა ჩაჩანიძე
03.04.2020

მიმდინარე პანდემიის ფონზე ოპოზიციური ძალები და მათი მხარდამჭერი მედია განსაკუთრებით აქტიურად ეკლესიას უტევენ. როგორც „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსები ამბობენ, ეს უფრო არა საკუთრივ ეკლესიაზეა დარტყმა, არამედ ეკლესიის გზით ხელისუფლების წინააღმდეგ ახორციელებენ იერიშს.

„ნაციონალური მოძრაობის" გარდა მედიაზე გავლენა სხვა არცერთ ოპოზიციურ პარტიას არც აქვს, ამ შემთხვევაში შესაძლოა მათ ორი კურდღლის მოკვლა სურთ, ვინაიდან დღეს მაგათთვის ეკლესიის თემა აქტუალური არაა, უფრო ხელისუფლების თემაა აქტუალური, მაგრამ თუ ამომრჩეველს იმ დასკვნამდე მიიყვანენ, რომ ხელისუფლება ეკლესიას უთმობს და ამ დროს ეკლესია არასათანადოდ იქცევა, ეს უკვე ოპოზიციას საშუალებას მისცემს, რომ შეტევა ეკლესიის გავლით ხელისუფლებაზე მიიტანოს. მგონია, რომ ეს ჩანაფიქრი დახლოებით ასეთია და არა კერძოდ ეკლესიის თემა," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე.

„ეკლესია უშვებს თუ არა შეცდომებს, ამას მაინც მომავალი გვიჩვენებს, რადგან მეც მიმაჩნია, რომ ეკლესიის პოზიცია უფრო რადიკალური უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვნახეთ კათოლიკურ ეკლესიაში, მართლმადიდებლურ ქვეყნებში, ისლამურ ქვეყნებში საკმაოდ რადიკალური პოზიციები, სადაც ძალიან მკაფიო განცხადებები გაკეთდა ისეთ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც ადამიანებს თავს მოუყრიდა, ასეთი განცხადებები კი ქართულ ეკლესიის ნაკლებად აქვს, მაგრამ ვნახოთ, ეკლესიამ იქნებ მოახერხოს ისეთი რეალობა იყოს როგორიც საჭიროა," - განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებები მმართველი გუნდის მიმართ მიზანმიმართულ საინფორმაციო ფსიქოლოგიურ კამპანიას აწარმოებენ, სადაც ერთ-ერთი საკითხი ეკლესიისადმი კრიტიკაა.

„ჩვენთან ოპოზიციური არხები რა საინფორმაციო პოლიტიკასაც აწარმოებენ, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, ისინი კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესების გამტარებლები არიან. ფაქტიურად მათ მომსახურე მედიასაშუალებებს წარმოდგენენ და როგორც ჩანს ასეთია პოლიტიკური დაკვეთა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, მაგალითად, აგერ გუშინ ავტორიტეტულმა გამოცემა „ფორინ პოლისიმ" საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორის დაასახელა, რომელიც კორონავირუსს წარმატებით ებრძვის.

„გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებას რეიტინგს მატებს, რაც ბუნებრივია ოპოზიციის ინტერესებში არ შედის, აქედან გამომდინარე ჩემი ვარაუდია, მათ გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ხელისუფლებას როგორმე ეს რეიტინგი დაუგდონ და მოსახლეობაში უნდობლობა დათესონ იმ ღონისძიებებთან მიმართ, რასაც კორონავირუსთან მიმართებაში მმართველი გუნდი აწარმოებს.

„ამ საინფორმაციო ფსიქოლოგიურ კამპანიაში ეკლესია ერთ-ერთი რგოლია, ალბათ ადევნებთ თვალს, რომ შეტევა სხვადასხვა მიმართულებით ხდება, თუნდაც იგივე სწრაფ ტესტებთან თუ, ემიგრანტებთან მიმართებაში, სხვათაშორის ემიგრანტების ჩამოყვანის კუთხით, „ნაციონალების" მხრიდან საუბრები შეწყდა, წერტილოვანი დარტყმების განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით ხდება, რაც ჩემთვის პირადად სიურპრიზს არ წარმოადგენს," - განაცხადა ანჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე სინოდის გადაწყვტილება გაახმოვანა, რომ ერთი კოვზით ზიარების პრინციპი უცვლელია, მისივე თქმით საპატრიარქო ასევე არ განიხილავს იმას, რომ ხარებისა და აღდგომის ლიტურგიები მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით ჩატარდეს.

„ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, ის, ვინც ასაკის ან იმუნიტეტის გამო რისკის ჯგუფში მოხვდა, ის, ვინც ფრთხილობს, რომ ეკლესიაში მისვლით, შესაძლოა, დაავადდეს, ყველა ამ ადამიანს მიეცა რეკომენდაცია, რომ დარჩეს სახლში. დანარჩენ მრევლს ვინც მოვა, მიეცა კურთხევა, რომ ტაძრის გარეთ დადგეს და იქედან იყოს ჩართული ამ მსახურებაში", - განუცხადა მრევლს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ოპოზიციური მედიასაშუალებები და თეოლოგთა ნაწილი საპატრიარქოს პოზიციას მიუღებლად მიიჩნევს, ისინი ეკლესიის პოზიციას მწვავედ აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ იმ დროს როდესაც მსოფლიოსი კოვიდ-19 ინფექცია სწრფად ვრცელდება ეს მიდგომა არასწორია.

მსგავსი ტიპის კრიტიკული განცხადებები თეოლოგმა ლადო ნარსიამ „ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.

„ბატონი გახარია ყოველ ჯერზე განმარტებებისთვის საპატრიარქოში დადის, ქვეყანაში, სადაც საგანგებო ვითარებაა მთავრობის ხელმძღვანელი ამისთვის იცლის, რომ სპატრიარქოში განმარტებებისთვის იაროს. მე იმას არ ვამბობ, რომ ხელისუფლება პატრიარქს პატივს არ უნდა სცემდეს, მაგრამ საზოგდოებამ იცის, რომ პრემიერის დაქვემდებარებაში ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შედის, რომლის ბიუჯეტიც მილიონობით ლარით ფინანსდება ხოლმე და ერთადერთი მისი დანიშნულება არის ის, რომ მან სჭიროების შემთხვევაში პრემიერის განკარგულებები, ან რელიგიურ საკითხებზე ხედვა განმარტოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ საგენტო საერთოდ არ ჩანს და საერთოდ ხმას არ იღებს.

„სახელმწიფო, რელიგიასთან მიმართებაში წმინდა წყლის საბჭოურ პოლიტიკას ახორციელებს, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ერთის მხრივ სახელმწიფოს სჭირდება ეკლესია და მეორეს მხრივ ეკლესიას-სახელმწიფო და ისინი ამ საჭიროებებიდან გამომდინარე ერთმანეთის სასარგებლოდ მოქმედებან."-აცხადებს ნარსია.

ტელეკომპანია „მთავარი" კი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს რუსთავის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი რუსთავში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში კვირის ბოლოს ეზიარა,სადაც შესაძლოა დაინფიცირებულიყო.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×