ელზა პაპოშვილი
03.04.2020

საქართველოში კორნავირუსის გავრცელების პიკურ სტადიას აპრილის შუა რიცხვებიდან ელიან. სპეციალისტები აცხადებენ, რომ თუკი ქვეყანაში  დღის განმავლობაში ვირუსით დაინფიცირების 50-მდე შემთხვევა დაფიქსიდა ამას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს. ამაზე მეტი კი უკვე კრიზისს  შექმნის. 

ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, რომ საზოგადოების ინფორმირება მოხდეს, რათა ერთბაშად საავადმყოფოებს არ მიაწყდნენ, რადგანაც გადატვირთული საავადმყოფოები ვირუსის კიდევ უფრო მასშტაბური გავრცელების მიზეზი გახდება და ყველაზე მძიმე პაციენტების მკურნალობა გაჭირდება. ამიტომაც აუცილებელია, რომ ოჯახის და სოფლის ექიმების გადამზადება სასწრაფოდ მოხდეს, რათა მოსახლეობის  ნაწილმა, რომლებიც რისკ–ჯგუფებს არ განეკუთვნებიან, კორონავირუსი სახლის პირობებში გადაიტანოს. 

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ იყო მოლოდინი,  დაახლოებით 10 აპრილამდე სიტუაცია იქნებოდა მზარდი, მაგრამ კონტროლირებადი.  მართალია ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლირებადია, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ სტრატეგია. 

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პიკურ სტადიას შესაძლოა ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი – როგორც სახელმწიფო მხრიდან, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. აღსრულების ნაწილი იქნება დამოკიდებული ამაზე, თუ რამდენად ხანგრძლივი და რა რაოდენობა პაციენტები გვეყოლება აპრილის ბოლოს და მაისში; თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პიკური პერიოდი და როგორ მოხდება მისი შეკავება“, – განაცხადა ტიკარაძემ.   

 „უკვე 20 კლინიკაა საქართველოს მასშტაბით სრულიად მობილიზებული იმისათვის, რომ მიიღოს კორონავირუსით დადასტურებული პაციენტი და ასევე ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები. გარდა ამისა, ორშაბათიდან ჩაერთვება კიდევ დამატებით 9 კლინიკა. პაციენტების ზრდასთან ერთად, შესაძლებლობა არის, ჩაერთოს დამატებით კიდევ 6 კლინიკა, რომელიც იქნება სრულიად მობილიზებული COVID19-თან ბრძოლაში. ეტაპობრივად 31 საავადმყოფო ჩაერთვება რეგიონებში, რომლებიც მიიღებენ პაციენტებს. შემდეგ შესაბამისად გადამისამართებულები იქნებიან სახლში თვითიზოლაციაში ან საკარანტინო ზონაში, რთული შემთხვევები იქნებიან გადაყვანილები საავადმყოფოებში," - განაცხადა მინისტრმა. 

პრემიერი გიორგი გახარია კი  ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზაობის მკაცრ კონტროლს ავალებს.  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მან ასევე დავალება მისცა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, უახლოეს პერიოდში წარმოადგინონ საკრედიტო-საგარანტიო სქემა პოსტ-კრიზისულ პერიოდში ბიზნესის მხარდასაჭერად. 

„დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ, დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე," -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორია მზაობა ვირუსთან ბრძოლის პირველ ცხელ ხაზზე.

„გვყავს დაახლოებით 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 2 000 ოჯახის ექიმი. შესაბამისად, სად არიან ეს ადამიანები რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია. პირველ რიგში, ამ ადამიანების ტრეინინგები და მათი მზაობა, ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემაზე, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს," -  განაცხადა გიორგი გახარიამ.   

ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ პიკური ეტაპი, რომელიც საქართველოში ვირუსის გავრცელების კუთხით  დაიწყება, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისიც შეიძლება იყოს. 

„ვფიქრობ, რომ პიკამდე რამდენიმე კვირა კიდევ დარჩენილი გვაქვს. ტიკარაძემ კი თქვა, რომ აპირილის შუა რიცხვებში ველითო, მაგრამ ამის წინასწარ განსაზღვრა რთულია. უფრო მგონია, რომ ეს შეიძლება მაისის დასაწყისშიც მოხდეს. ამიტომა ახლა მაინც ეს რამდენიმე კვირა უნდა მოვიგოთ“,-ამბობს ჩიხლაძე „რეზოანნსთან“.  

მისივე თქმით, თუ კი გულის  პრობლემებით ადამიანი ექიმთან მივა და მას კორონავირუსის დამახასიათებელი ნიშნები ექნება, კარდიოლოგი ამისთვის მომზადებული უნდა იყოს. საქართველოში 30 ათასამდე ექიმი და 18 ათასამდე მედდაა, რომლებიც კორონავირუსის პიკური პერიოდისთვის ყველანაირად  გადამზადებული უნდა იყვნენ. ამბობს, რომ ქვეყანაში მალე დადგება ის ეტაპი,  როცა ყველა ვისაც კორონვირუსი დაუდგინდება საავადმყოფოში ვერ მოხვდება. 

„ჯერ როგორც ვხედავთ კორონავირუსიის გამოვლენის დაბალი მაჩვენებელი გავქვს. ეს რატომ ხდებაა ასე, ცალკე თემაა. როდესაც დღეში 70 ტესტს აკეთებ და არა 1000-ს, რა თქმა უნდა,  გამოვლინება ნაკლები გვექნება. ჯერჯერობით, პაციენტები რომლებიც მიმართავენ, მათ საავადმყოფოში დასაწვენი საშუალება ჯერ გვაქვს. თუმცა მალე დადგება ის დრო, რომ ამის ფუფუნება აღარ გვექნება. პაციენტების დიფერენცირება და გაცხრილვა უნდა მოხდეს. მას ვისაც ინტენსიურ პალატაში მკურნალობა და ხელოვნური ვინტილაცია არ უნდა, მაშინ მათი ბინაზე მკურნალობა მოხდება. გვეყოლება ბევრი უსიპტომო ვირუსის  მატარებელი, რომლებიც სახლის პირობებში იზოლაციაში უნდა იყოს. ზუსტად ამიტომ ყველა სამედიცინო პერსონალის გადამზადება გვჭირდება. კარგ სიტუაციაში რომ ავიღოთ და დღეში საავადმყოფოებს 700-დან 1000-მდე ადამიანმა მიმართოს, ამას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. კი ამბობენ, რომ 2000-მდე ხელოვნური სუნთქვის აპარატი გვაქვსო, მაგრამ აქედან რაღაცა პროცენტი ხომ უკვე დაკავებულია. არსებობს ასევე დიდი ალბათობა, რომ დღეში პიკურ პერიოდში 2000-დან 5000-მდე ადამიანმა მიმართოს. აი ამ შემთხვევისთვის კი უკვე მომზადებულები უნდა ვიყოთ“, - ამბობს „რეზონანსთან“ ჩიხლაძე.    

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×