ელზა პაპოშვილი
26.03.2020

საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩარჩენილი  მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. საზღვარგარეთიდან  სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე უკვე ბრუნდება. ვენიდან რეისს კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ასრულებს. ეკიპაჟის წევრები სპეციალურად არიან დატრენინგებული და საგანგებოდ ეკიპირებული.  

ყველა ჩამოსული მგზავრი სპეციალურ შემოწმებას გაივლის და კარანტინში გადავლენ. შემდეგი სპეცრეისი ევროპიდან 31 მარტს იგეგმება, მოქალაქეებს ამსტერდამიდან ჩამოიყვანენ. თვითმფრინავი მათ ჩამოსაყვანად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაფრინდა. ფრენას კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ახორციელებს. რეისით ჩამოსვლას ის მგზავრებიც შეძლებენ, რომლებსაც 22 მარტს ბილეთები გაუუქმდათ.

"რეისზე ყველაზე დიდი ბორტია, სადაც 180 მგზავრის განთავსებაა შესაძლებელი. ჩვენი მხრიდან, ბორტგამცილებლების უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მგზავრებს, რომლესაც გაუუქმდათ რეისი 22 მარტს, საშუალება მიეცათ ესარგებლათ თავიანთი ბილეთით. დარჩენილ ადგილებზე ბილეთი 199 ევროდ გაიყიდა. ასევე ყველა მომავალ რეისზე, ყველა ბილეთი 199 ევროდ გაიყიდება,"- აცხადებს ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი რომან ბოკერია.

ყველა ჩამოსული მგზავრი გაივლის სპეციალურ შემოწმებას და გადავლენ კარანტინში. შემდეგი რეისი ევროპიდან 31 მარტს იგეგმება, მოქალაქეებს ამსტერდამი თბილისის რეისით ჩამოიყვანენ.    

21 მაერტიდან რაც საქართველოს საჰაერო სივრცე ჩაიკეტა,  ბევრმა ემიგრანტმა ქვეყანაში დაბრუნება ვერ მოასწრო და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან დახმარებას ითხოვენ. გერმანია, პოლინეთი, იტალია, საბერძნეთი და ა.შ ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები არიან ჩარჩენილები.  

უმრავლესობა მათგანს აღარც იმის სახსრები გააჩნიათ, რომ იქ დროებით იცხოვრონ, რადგანაც სამსახურები დაკარგეს და რა დანაზოგიც ჰქონდათ ბინის ქირაში გადაიხადეს. ამ პრობლემების გათვალისწინებით კი საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ 25 მარტს ფრენების ის განრიგი დაასახალა, რომლითაც ჩვენს თანამოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებენ. 

მინისტრის განმარტებით, უკვე თვენახევარია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და პრემიერ-მინისტრის დავალებით 3 ათასამდე მოქალაქის სამშობლოში დაბრუნება მოხერხდა.

მისივე თქმით, განხორციელდა სპეციალური რეისები ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და ეს სია საკმაოდ ვრცელია.

„მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად იმისთვის, რომ უახლოესი დღეების და კვირების განმავლობაში იყოს კონკრეტულად გაწერილი ქართულ ავიაკომპანია „აირზენა ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად ის მიმართულებები, რა მიმართულებებიდანაც მოხდება საქართველოს მოქალაქეების ეტაპობრივი გამოყვანა.

განვმარტე და კიდევ ვიმეორებ, რომ აუცილებელია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას.

საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ შედგენილია 2 კვირის გრაფიკი. დღეს უკვე შედგება რეისი თბილისი-ბერლინი-თბილისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ამ დროისთვის ბერლინში არიან კონცენტრირებული. საელჩოების მეშვეობით მოხდა მათი ბერლინში თავმოყრა და სამშობლოში დაბრუნება.

ასევე, ხვალ განხორციელდება ბერძნული ავიაკომპანია „ეგეოსის“ ავიახაზების მიერ თბილისის მიმართულებით რეისი, რომლითაც ისინი ჩამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეებს, დააბრუნებენ საბერძნეთიდან და საქართველოდან წაიყვანენ თავის მოქალაქეებს.

26 მარტს განხორციელდება თბილისი-ვენა-თბილისის რეისი, ხოლო 31 მარტს განხორციელდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისი.

3 აპრილს განხორციელდება თბილისი-ვარშავა-თბილისის რეისი, ხოლო 7 აპრილს განხორციელდება თბილისი-ათენი-თბილისის რეისი. ასევე, 10 აპრილს განხორციელდება თბილისი-ლარნაგა-თბილისის რეისი.

ეს არის ის უახლოესი დღეების განრიგი, რისი შესაძლებლობაც ამ ვითარებაში არსებობს, რომ ჩვენ ეტაპობრივად გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ შემდგომი რეისების დაგეგმვაზე, რომ ეტაპობრივად მოხდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება.

ასევე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით და ეს იქნება მკაცრად გაკონტროლებული, რომ ბილეთის თანხა არ აღემატებოდეს 199 ევროს!“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

ვიცი, რომ მთავრობა მუშაობს, მაგრამ ძალიან გაუგრძელდათ მუშაობა, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ემიგრანტების სამშობლოში ჩამოყვანის საკითხს.

„ამდენი ხნის განმავლობაში რა გახდა ჩვენი თანამოქალაქეების ჩამოყვანა. მაგალითად, იორდანიაში სტუდენტები არიან ჩარჩენილები, რომლებიც ვიდეომიმართვებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ 3 დღის საჭმლის ფული აქვთ დარჩენილი. მესმის, რომ იორდანიაში პირდაპირი ფრენები არ გვაქვს, მაგრამ მეგობარი სახელმწიფოები, მათ შორის უკრაინა ახორციელებს ფრენებს და მესამე სახელმწიფოს მეშვეობით შეიძლება ამ ადამიანების ჩამოყვანა.

შეუძლებელია, ამ ადამიანების ვინც ლუკმა-პურის საშოვნელად ან სასწავლებლად არიან წასულები, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან რეალური რეაგირების გარეშეა დარჩენილი. ნუ დაგვავიწყდება, რომ გარდა სტუდენტებისა, საზღვარგარეთ არიან ჩვენი თანამოქალაქეები ვინც მუშაობდნენ და სიმწრით ნაშოვნ ფულს აგზავნიდნენ და ამით კვებავდნენ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს. 

კარგად გაითვალისწინეთ, ვინც იქ არის დარჩენილი და გვეხვეწებიან დავეხმაროთ სამშობლოში დაბრუნებაში, არიან უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. ასე რომ მთავრობის ძალისხმევა საკმარისად ვერ ჩაითვლება. რა გახდა რამდენიმე ჩარტერის დანიშვნა, რომ ჩვენი მოქალაქეები არ იყვნენ მიტოვებული სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტში და არ იხვეწებოდნენ ჩამოყვანას. ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას, დროულად იქნას ეს ხალხი ჩამოყვანილი და კარანტინში მოთავსებული", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე. 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×