სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რუსიკო მაჩაიძე
    18.09.2009

    აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. თუმცა, მიიჩნევენ, რომ კომისიის შექმნა აუცილებელია.
    ოპოზიციისადმი პრეზიდენტის შეთავაზება შარშან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პროტესტის ნიშნად დაჭრილი მანდატების აღდგენასთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში სულ მალე შევა. სათანადო საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და თვის ბოლომდე სამივე მოსმენით მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. პარლამენტის რეგლამენტში დაწვრილებითაც კი გაიწერა პროცედურა, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რა ვადებში მოხდება მანდატების აღდგენა.
    უნდა ითქვას, რომ მთავარი არის გადაწყვეტილების მიღება. პროცედურა კი უაღრესად გამარტივებული და ვადები უაღრესად შემჭიდროვებულია.

    მთავარი კი სწორედ გადაწყვეტილების მიღებაა, ვინაიდან, ერთის მხრივ ხელისუფლებას სჭირდება არგუმენტი, რომ კონსტიტუციის შეცვლა ტყუილად არ ხდება და სააკაშვილის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის და ოპოზიციის გაძლიერებისთვის.
    აღსანიშნავია, რომ მანდატების აღდგენის გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზნით იქნა მიღებული და ახლა ხელისუფლებას სჭირდება მაგალითი იმ ადამიანებისთვის, ვინც მანდატების აღდგენის იდეას საკმაოდ სკეპტიკურად აფასებს.
    თავის მხრივ გაძლიერება საპარლამენტო ოპოზიციასაც რომ სჭირდება, ფაქტია. ამასთან, ექსპერტთა მოსაზრებით, არასაპარლამენტო ოპოზიციიდან გარკვეულ ძალებს პარლამენტში შესვლის გარდა სხვა პერსპექტივა აღარ დარჩენიათ და, წესით, ეს შანსი უნდა გამოიყენონ.
    თუმცა, ჯერჯერობით არც ერთი ოფოციალური განცხადება არ გაკეთებულა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ აპირებს მანდატის აღდგენის უპრეცედენტო საშუალებით ისარგებლოს.
    არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შეთავაზებით ისარგებლებენ კონსტანტინე გამსახურდია, ზვიად ძიძიგური და გუბაზ სანიკიძე. მართალია, მათი მხრიდან ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ გახმაურებულა, თუმცა, "რეზონანსის" ინფორმაციით, მათ, პირველ რიგში კი კონსტანტინე გამსახურდიას, ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას და ამ კომისიის თავმჯდომარედ კონსტანტინე გამსახურდიას დანიშვნას სთავაზობს.
    კონსტანტინე გამსახურდია საქართველოში არ იმყოფება და მის პოზიციას მისი პარტიის წარმომადგენელი სანდრო ბრეგაძე ახმოვანებს. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ასეთი შეთავაზება ჯერჯერობით არ ყოფილა, თუმცა, მიიჩნევს, რომ ეს კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას.
    "რა თქმა უნდა, მარტო ეს საკითხი არ არის, რომლითაც ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მაგრამ, მთავარი არის ის, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი და, შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტი როლიც კი ითამაშოს.
    "ამასთან, ჩვენი შესვლის გადაწყვეტილების გარეშეც შეუძლიათ ამის შექმნა. აქედან გამომდინარე, მე არ შემიძლია დღეს ვთქვა, რომ ეს საკითხი გახდება ამის ქვაკუთხედი, მაგრამ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ისტორიის კვლევა. ეს აწმყოსთვისაც აუცილებელია, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, რათა ანალოგიური რამ მომავალშიც არ მოხდეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დანაშაული საბოლოოდ გამოძიებული იქნება," - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.
    იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მათთვის ასეთი რამ ჯერჯერობით არავის შეუთავაზებია, თუმცა, მიიჩნევს, რომ "თუ ეს კომისია შეიქმნება, ეს იქნება ძალიან კარგი. მაგრამ მარტო ასეთი კომისია კი არ უნდა შეიქმნას, არამედ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაიწყონ ამ საქმის თავიდან გამოძიება და თავიდან ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობის საქმე".
    თუმცა, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ გამოძიების კვალი ედუარდ შევარდნაძემდე და ასევე რამდენიმე დღეს აქტიურად მოქმედ პოლიტიკოსამდე მივა და ისინი საგამოძიებო კომისიის შექმნას ყველანაირად შეუშლიან ხელს.
    "ამ საქმის გამოძიება და სიმართლის დადგენა არის აუცილებელი და არა მხოლოდ ინტერესის გამო, არამედ თავად ქვეყნის სამართლებრივი განვითარებისთვის. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს კომისია უნდა შეიქმნას და ეს კომისია უნდა შექმნილიყო წინა პარლამენტშიც, იმის წინაშიც და ამ კომისიასთან ერთად გენპროკურატურამაც უნდა დაიწყოს ამ საქმის ხელახალი გამოძიება. მით უმეტეს, რომ მასალები არსებობს და არის ფილმებიც და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაეცეს პასუხი, თუ ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია.
    "ასევე უნდა გაიხსნას არქივი, თუ ვინ, როგორ, რანაირად ამზადებდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობას. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც მხოლოდ ჩახმახს გამოჰკრა ხელი. აქ არის საუბარი იმ ადამიანებზე, ვინც დავალება გასცეს და რომლებმაც იდეოლოგიურად მოამზადეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობა და 1993-1995 წლების პრესას თუ ამოიღებთ, ნახავთ, რომ ასეთი ადამიანები საკმაოდ ბევრნი არიან და ახლაც პოლიტიკურ ავანსცენარზე არიან.
    "მე არც მოსამართლე ვარ და არც გამომძიებელი, მაგრამ წინასწარ შემიძლია გამოვთქვა ჩემი მოსაზრება, რომ ყველა გზა მივა ედუარდ შევარდნაძემდე. მას კი საკმაოდ ბევრი მოსწავლე ჰყავს, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში, რომლებიც მის დაცვას შეეცდებიან და კომისიის შექმნას ყველანაირად შეეწინააღმდეგებიან," - აცხადებს ბრეგაძე.
    მისი თქმით, კომისიის შექმნით ძირითადად დაინტერესებულნი იქნებიან "ეროვნული ძალები". ასეთ ძალებად კი, ბრეგაძე "ეროვნულ ფორუმს", "ლეიბორისტულ პარტიას" და "კიდევ რამდენიმე ძალას" ასახელებს.
    თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკითხი პარლამენტშიც მისაღები იქნება.
    "ექს-პრეზიდენტის მკვლელობასთან დაკავშირებით... სიტყვა "მკვლელობას" ვხმარობ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვებია ამ მიმართულებით და ეს საკითხი, უდაოდ, გამოსაძიებელი და დასადგენია. თუკი პარლამენტში ეს საკითხი დადგება, მე პირადად კომისიის შექმნას მივესალმები და არა მგონია, ოპოზიციიდან ვინმე წინააღმდეგი იყოს.
    "ძნელია იმაზე კომენტარის გაკეთება, თუ ეს კომისია რა ფორმატში იმუშავებს, ეს შემდეგ გაირკვევა, მთავარია, რომ კომისია შეიქმნას," - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი პაატა დავითაია.
    უმრავლესობის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ "ეს თემა ტაბუირებული არ არის" და "თუკი ოპოზიცია პარლამენტში შესვლისთვის ამ საკითხს დააყენებს, უმრავლესობის მხრიდან არანაირი პრობლემა არ იქნება".
    უმრავლესობის მხრიდან აქცენტი იმაზე კეთდება, რომ ოპოზიციამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, თუ პარლამენტში რა საკითხების დაყენება სურთ.
    თავის მხრივ პაატა დავითაიაც აცხადებს, რომ კომისიის შექმნის საკითხი უნდა დადგეს, მიუხედავად იმისა, თუ ოპოზიცია რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე.
    "რამდენად არის ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლა ამაზე დამოკიდებული, არ ვიცი და ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს საკითხი მათი გადასაწყვეტია და კომენტარსაც, ალბათ, ისინი გააკეთებენ, პირველ რიგში კი ბატონი გამსახურდია. მაგრამ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინმე შემოვა თუ არა, ეს საკითხი უნდა დადგეს და, თუკი პარლამენტში ამ საკითხზე იქნება მსჯელობა, ძალიან კარგი," - აცხადებს პაატა დავითაია.
    როგორც ჩანს, კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში უსათუოდ დადგება და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ამ დროისთვის კონსტანტინე გამსახურდიას მანდატი აღდგენილი ექნება და კომისიის თავმჯდომარედაც სწორედ იგი დაინიშნება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter