თამარ შუკვანი
14.12.2019

 „როგორ შეიძლება შეაფასო ეს? პროვოკაციული გამოთქმაა. ეს არის რაღაც ცინიკური განცხადება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე თავისი თანაგუნდელის, თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" წევრ ერეკლე კუხიანიძის განცხადებას, რომელმაც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში უკანონოდ დატყვევებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორები უწოდა.

კუხნიანიძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია გაფრინდაშვილის ოჯახი. კრიტიკული პოსტი მან პირად „ფეისბუქგვერდზე" მას შემდეგ დაწერა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა „ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.

„რა შუაშია? - კაცი ამბობს, რომ თავის ქვეყანაშია და არავითარი „საზღვარი" არ გადაულახავს, სწორიც არის. თანაც, ჰუმანიტარული მისიით მიდიოდა, რომ ავადმყოფს დამხარებოდა," - აცხადებს არველაძე.

ცნობისათვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის „სასამართლო პროცესი" ცხინვალის რეგიონში 13 დეკემბერს გაიმართა და ის დე ფაქტო რეჟიმმა „პატიმრობაში" დატოვა. გაფრინდაშვილის შვილის თქმით, სასამართლო სხდომა ერთი კვირით გადაიდო, რის მიზეზადაც ექიმის ჩვენების არშეცვლა სახელდება, გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვარს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.

ექიმის ოჯახი უწყებათაშორისი კომისიის შექმნას მოითხოვს, რომელშიც თავად და ოჯახის მეგობრებიც შევლენ. მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაც სურთ. ამასთან, კვირას, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი აქცია დაანონსეს, რომლის მიზანიც გაფრინდაშვილის მხარდაჭერაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×